„შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ფინანსური პრობლემები ჰქონდა, დაკისრებულ ჯარიმას კი არ იხდიდა, შესაბამისად, ავტორიზაციის შეჩერების შესახებ იქნა გადაწყვეტილი მიღებული“, – აცხადებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, თამარ სანიკიძე.
მისივე განმარტებით, ავტორიზაციის საბჭომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო, რის შედეგადაც „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს“ ავტორიზაცია გაუუქმდა.
„მათ ჰქონდათ გასხვისების, მოლაპარაკების დამდასტურებელი წერილი, სადაც პოტენციური მყიდველი საუბრობს იმაზე, რომ ინსტიტუტის შესყიდვა შედგება, ამ შემთხვევაში ისინი შეისყიდიან არსებული დავალიანებების გამო. დავალიანებაში იგულისხმება გადასახადების გადაუხდელობის გამო ის სანქციები და ჯარიმები, რომელიც ამ ინსტიტუტს დაეკისრა, რომელიც შეუფერებელი თემაა სასწავლო დაწესებულებისთვის. ამ დავალიანების გამო სრულად მთელი აქტივის შენობა, უძრავ-მოძრავი ქონება, წილები არის დაყადაღებული, აქედან გამომდინარე, საბჭომ იმსჯელა და უნივერსიტეტისთვის ოპტიმალური გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც კანონიერია,“- განაცხადა თამარ სანიკიძემ.
ცნობისათვის, „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი“ სტუდენტების ახალ ნაკადს მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ვეღარ მიიღებს.
სასწავლო დაწესებულების ადმინისტრაცია, ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მას უსამართლოს უწოდებს.
თამარ სანიკიძე – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ფინანსური პრობლემები ჰქონდა
21.08.2018 14:10:58
კომენტარები
ნანახია: 963 ჯერ
