სამტრედია-გრიგოლეთის გზის პირველ მონაკვეთზე დარჩენილ სამუშაოებზე სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს, რაც შეეხება მეორე და მეოთხე მონაკვეთებს – სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა გეგმა-გრაფიკთან ჩამორჩენით, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ზის მშენებლობის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, მინისტრის მოადგილეები და გურიის გუბერნატორი.
როგორც სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, კონტრაქტორ ორგანიზაციებს, სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობისას დაშვებულ ხარვეზებზე მითითება მიეცათ, რომელიც უახლოეს პერიოდში უნდა გამოსწორდეს.
ამასთან, უწყების ცნობით, სამტრედია-გრიგოლეთის მეორე ლოტზე, პრობლემა, რომელიც მოსახლეობას შეექმნა გზის მშენებლობის გამო, აღმოფხვრილია, მოეწყო დროებითი გადასასვლელები საქონლის გადასარეკად. დროებითი გადასასვლელებით სარგებლობის საშუალება მოსახლეობას პროექტის დასრულებამდე ექნება.
„სამტრედია-გრიგოლეთი, სამწუხაროდ, ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური პროექტია. ჩვენ აქტიურად ვაწარმოებთ მშენებლობის მონიტორინგს, კონტრაქტორ ორგანიზაციებს მიეცათ შესაბამისი გაფრთხილებები და მითითებები სამშენებლო სამუშაოების ხარისხსა და ტემპზე. გზის გარკვეული მონაკვეთები დაკვირვების რეჟიმშია და როდესაც შეწყდება გეოლოგიური კვლევის პროცესი, შევძლებთ სამუშაოების გაგრძელებას. ეს პროექტი, სამწუხაროდ, რამდენჯერმე უკვე გადავადდა, წელსაც ის გეგმა, რომელიც გვქონდა ბიუჯეტში გათვალისწინებული გზის ამ მონაკვეთზე, ვერ შესრულდა, ობიექტური მიზეზების გამო, გადავადება, სავარაუდოდ, კიდევ არის მოსალოდნელი.
დამოკიდებული ვართ გზის მდგომარეობაზე ე.წ. ჯდენებზე და იმის მიხედვით თუ როგორ წარიმართება ეს პროცესი, შევძლებთ სამუშაოების გაგრძელებას. დღეს, სადაც ეს შესაძლებელია, სამუშაოები მიმდინარეობს. აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას, რათა საბოლოოდ მივიღოთ ხარისხიანი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გზა“ – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სამტრედია-გრიგოლეთის გზა საერთაშორისო მნიშვნელობის დასავლეთ-აღმოსავლეთ მაგისტრალის 51,5 კილომეტრიანი მონაკვეთია.