გუშინ ღამით, ტელეკომპანია “იბერია”-ში საპატრულო პოლიცია მივიდა. სამართალდამცველები დიმიტრი ლორთქიფანიძემ გამოიძახა, რადგან სტუდიაში ყოფნისას, პირდაპირ ეთერში მყოფმა მისმა ოპონენტმა გიგა მაქარაშვილმა სავარაუდოდ მარიხუანა მოწია.
დიმიტრი ლორთქიფანიძემ ჟურნალისტსა და სამოქალაქო აქტივისტ გიგა მაქარაშვილს „არკოტიკული ნივთიერების გარკვეული ფორმით თავსმოხვევის ფაქტზე“ უჩივლა. ამის შესახებ დიმიტრი ლორთქიფანიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
„ამ წუთას ვიმყოფები ტვ “იბერიაში”, ვმონაწილეობდი ვახო ხუზმიაშვილის გადაცემაში. გადაცემის დასასრულს, ოპონენტმა, გიორგი მაქარაშვილმა მოუკიდა მარიხუანით შეკეთებულ სიგარეტს და გაგვიბოლა სტუდიაში გაღიმებულმა… გადაცემაც ამ ნოტაზე დასრულდა.. თუმცა, ახლა იწყება მეორე განყოფილება – გამოძახებული მყავს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და ვითხოვ რეაგირების ოქმს ჩემი ნების საწინააღმდეგოდ, ნარკოტიკული ნივთიერების გარკვეული ფორმით თავსმოხვევის ფაქტზე! ვნახოთ, რა რეაგირება ექნება სახელმწიფოს!“– დაწერა ლორთქიფანიძემ გუშინ, საღამოს „ფეისბუქზე“, დღეს კი მოვლენების განვითარებას მორიგი პოსტით გამოეხმაურა:
“ახლა საპატრულო პოლიციიდან მაცნობეს, რომ ჩატარებული ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გიორგი მაქარაშვილს დაუდგინდა მარიხუანას მოხმარების ფაქტი!… ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება საქმეზე გაგრძელდება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში!” – წერს დიმიტრი ლორთქიფანიძე.