ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი ყოფილი პატიმარი ქალბატონის მიერ მოყოლილი ამბის შესახებ წერს.
“დღეს ყოფილი პატიმარი ქალი, ჟურნალისტი, მყავდა სტუმრად. საუბრისას პატიმრობის დროინდელი პერიოდიდან მის მეხსიერებაში მწარედ (მე ვიტყოდი გველის ნაკბენივით) ჩარჩენილი ამბავი გაიხსენა:
არასდროს დამავიწყდება დაწესებულებაში კევალიშვილი რომ გვესტუმრა და შემოსვლისთანავე ცხვირი აიბზუა, კაშნე აიფარა, ეს რა სუნი დგასო. ჟურნალისტები ვინ ზის აქაო, – იკითხა და წიგნი მაჩუქა წარწერით: ღირსეულ თავისუფლებას გისურვებთ. იქვე ვუთხარი, მე აქაც ღირსეულად ვზივარ და აი, თქვენ კი სადაც ხართ და სადაც ყოფილხართ, ყველგან უღირსი იყავით-მეთქი. ჰოდა, ახლა, ჩემო დარე, მე რომ ღირსეული პატიმრობა ვუსურვო წყევლად მიიღებს, არადა ვლოცავ, თუმცა ცხვირაბზუებულთა კატეგორია ამას ვერა და ვერ გაიგებს.
მე, უდანაშაულო ადამიანი, იმ ნულოვან ტოლერანტობას შევეწირე, რომელსაც რუსიკო ფეხზე ამდგარი უკრავდა ტაშს… კიდევ ბევრი რამ გაიხსენა, მაგრამ არ ღირს, ეგეც საკმარისია, ვგონებ.
პ.ს. წაქცეული ადამიანისათვის წიხლი არასდროს დამირტყამს, მაგრამ ადამიანი, რომელიც სხვის უბედურებაზე საკუთარ “ფეშენ ცხოვრებას” ააწყობს, ვერა და ვერ შემეცოდება”– წერს დარეჯან მეფარიშვილი.