არცერთ ცრუ ინფორმაციასთან დაკავშირებით საკითხს უყურადღებოდ არ დავტოვებთ და საზოგადოებას მივაწვდით ვერიფიცირებულ და ობიექტური ინფორმაციას, რათა დავიცვათ პოსტსაარჩევნო პერიოდი არასწორი აღქმებისგან რომ ამით ზიანი არ მიადგეს არჩევნების მთლიანობას, – განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა.
კალანდარიშვილის თქმით, ამ დროისთვის ცესკოში წარმოდგენილი საჩივრები არ იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ კენჭისყრის დღეს რაიმე მანიპულაციებს ჰქონდა ადგილი. რაც შეეხება სხვა ინფორმაციებს, რაც დარღვევების შესახებ ვრცელდება, ცესკოს თავმჯდომარე ამბობს, რომ სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული შესაბამისი ორგანოების მიერ.
„განსაკუთრებით ამ პერიოდში, როდესაც საინფორმაციო ველი გაივსო ცრუ ნარატივებითა და უსაფუძვლო ბრალდებებით, მნიშვნელოვანია, რომ ამ დროს ჩვენ გვაქვს საზოგადოებისთვის კიდევ დამატებითი განმარტების მიწოდების შესაძლებლობა. ეუთო/ოდირის, IRI-ს, „ენდიაის“ და სხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციების შეფასებები დავიწყებას მიეცა, სადაც ცალსახად საუბარია საარჩევნო ადმინისტრაციის მაღალ დონეზე, ტექნიკურად გამჭვირვალე არჩევნების ადმინისტრირებაზე და ეს ცალსახად ხაზგასმულია ყველა დოკუმენტში. ვსაუბრობ ტექნიკურად და პროფესიულად გამართული არჩევნების ადმინისტრირებაზე რომ არაფერი ვთქვა იმ შეფასებებზე, რომელიც უკავშირდება ცესკოს მიერ განხორციელებულ წინასაარჩევნო პერიოდში იმ მასშტაბურ საინფორმაციო, საგანმანათლებლო კამპანიებს, იმ ლოგისტიკურ დაგეგმარებასა და ჩატარების ხარისხს, რომელიც სამწუხაროდ დავიწყებას მიეცა. ამ ყველაფერზე მე მგონი პასუხი ისედაც გაცემულია, მაგრამ ინსტიტუციის მაღალი ანგარიშვალდებულებიდან გამომიდინარე, არცერთ ცრუ ინფორმაციასთან დაკავშირებით საკითხს უყურადღებოდ არ დავტოვებთ და საზოგადოებას მივაწვდით ვერიფიცირებულ და ობიექტური ინფორმაციას, რათა დავიცვათ პოსტსაარჩევნო პერიოდი არასწორი აღქმებისგან, რომ ამით ზიანი არ მიადგეს არჩევნების მთლიანობას.
რაც შეეხება პროკურატურისთვის მიმართვას, მინდა აღვნიშნო, რომ ვრცელდება არაერთი განცხადება, მოწოდება თუ ბრალდება, თითქოს რაღაც არჩევნების გაყალბების ან მანიპულაციების შესახებ არის ცნობილი ინფორმაცია, მაშინ როდესაც ეს ყველაფერი ჩვენთან არ არის წარმოდგენილი, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ საზოგადოება იყოს ინფორმირებული ობიექტური ინფორმაციის შესახებ და თუ სადმე ასეთი ფაქტი და მტკიცებულება არსებობს, უნდა იყოს სათანადოდ გამოძიებული. საჩივრები რომელზეც საუბარია, რომ წარმოდგენილია ინსტიტუციაში, არ იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ რაიმე მანიპულაციას ჰქონდა ადგილი კენჭისყრის დღეს. მაგრამ ის გავრცელებული ინფორმაციები, მათ შორის პრეზიდენტის მხრიდან იყო საუბარი, ერთი პირის მიერ 17-ჯერ არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაზე, თუ სიმართლეს შეესაბამება, ეს შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ინფორმაციები ინფორმაციად არ დარჩეს და შესაბამისმა ორგანოებმა ჩაატარონ მოკვლევა, შეისწავლონ საკითხი და საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია. ამიტომ მივმართეთ ჩვენ პროკურატურას“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.