სიღარიბეში მყოფთა რიცხვი 500 000-ით შემცირდა. ეს ეკონომიკური აქტივობისა და მთავრობის მიერ გატარებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა გადაცემა 2030-ში.
“2011 წელს მოსახლეობის 44, 8%, ანუ 1 800 000 ათასი ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა. ეს ადამიანები დღეში 2,5 დოლარზე მეტს ვერ ხარჯავდნენ. მსოფლიო ბანკის ბოლო კვლევებით, რომელიც ჩემთვის უკვე ცნობილია და რომელიც მალე გამოქვეყნდება, გაიზარდა იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც დღეში 10 დოლარზე მეტს ხარჯავენ და სიღარიბეში მყოფთა რიცხვი 500 000-ით შემცირდა. ეს ეკონომიკური აქტივობისა და მთავრობის მიერ გატარებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში 1 780 000 ადამიანია დასაქმებული.
“აქედან მილიონზე მეტი თვითდაქმებულია. ჩემთვის, როგორც ეკონომიკის მინისტრისთვის თვითდასაქმებული კარგია, თუ ის არის მეწარმე, თუმცა, ქართულ კულტურაში თვითდასაქმებული დასაქმებულად არ ითვლება, რაც ცალკე პრობლემაა. როცა ახალგაზრდა უნივერსიტეტს ამთავრებს, ის ფიქრობს, როგორ დაიწყოს კარგი სამსახური და არ ფიქრობს, როგორ წამოიწყოს ბიზნესი. ჩვენ გვინდა, მენტალური გარდატეხა. გვსურს, მოსახლეობამდე მივიტანოთ აზრი, რომ კერძო სექტორი ქმნის სამუშაო ადგილებს და არა სახელმწიფო სექტორი. კერძო სექტორის წასახალისებლად და ფეხზე დასაყენებლად ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით. ჩვენი კიდევ ერთი მიღწევა არის ის, რომ კერძო სექტორს შევუქმენით მოხმარების ბაზარი – ევროპის 500 მილიონიანი ბაზარი და ჩინეთის ბაზარი, რომელზეც ახლა ვმუშაობთ. საბოლოო ჯამში, ეს 2 მილიარდიანი ბაზარია”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.