თბილისის საქალაქო სასამართლოში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის, ალექსი ახვლედიანის სასამართლო სხდომა გაიმართა.
დღევანდელ პროცესზე მხარეები შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ.
ამასთან, პროკურატურამ წარადგინა ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, საძინებელი ოთახიდან, სადაც რიჟვაძე იმყოფებოდა, ამოღებულ საწერ კალამზე თორნიკე რიჟვაძის დნმ ამოვიდა. ასევე, ცეცხლსასროლ იარაღზე კი შერეული, ანუ თორნიკე რიჟვაძისა და ალექსი ახვლედიანის დნმ ამოვიდა.
პროცესს ესწრებოდა ბრალდებული ალექსი ახვლედიანი. ალექსი ახვლედიანმა სასამართლო პროცესზე დააფიქსირა პოზიცია, რომ ამ საქმეზე თორნიკე რიჟვაძის დაკითხვა მნიშვნელოვანია.
სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ მან ჟურნალისტებთან განუცხადა: “არც ერთ ეპიზოდში არ ვთვლი, რომ იარაღი დაუდევრად შევინახე, გამორიცხულია. გამამართლებელი მოლოდინი მაქვს და ამაზე ბოლომდე ვიბრძოლებ”.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია თორნიკე რიჟვაძის დაკითხვა, რათა „სრული და ამომწურავი სურათი“ არსებობდეს.
„რა თქმა უნდა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია დაიკითხოს თორნიკე. ასევე ადამიანებისთვისაც, რათა სრულად ამომწურავი სურათი იყოს“.
კითხვაზე, რატომ არ საჯაროვდება სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, ახვლედიანმა აღნიშნა, რომ მას კადრები არ აქვს.
„ვერ გეტყვით. მე არ მაქვს ეს კადრები. რა უნდა ჩანდეს. მე როგორც ვიცი, არ ჩანს როგორ იღებს იარაღს. კამერები სხვანაირად იყო. მე ვერ ვასაჯაროებ“,- უპასუხა ახვლედიანმა.
ცნობისთვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს. ცალკე გამოყოფილია ალექსი ახვლედიანის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე, ვინაიდან სწორედ მისი ცეცხლსასროლი იარაღიდან მოხდა გასროლა.
ალექსი ახვლედიანს პროკურატურამ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით წარუდგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. აღნიშნული ქმედება
სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ალექსი ახვლედიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.