ექსპერტ-კრიმინალისტი ზაზა ალთუნაშვილი “კურიერი P.S.-ს” იმ საშიშ ნივთიერებაზე ესაუბრა, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ამოიღო. უკრაინა, რუმინეთი, ბულგარეთი, თურქეთი – ამ მარშრუტით, სატვირთო ავტომობილმა საქართველოს საზღვარი სარფის გამშვები პუნქტის გავლით გადმოკვეთა. სატრანსპორტო საშუალება უკრაინული გადამზიდი კომპანია “ავა ტრანსის“ საკუთრებაა. ოფიციალურად, მას მცხეთაში მდებარე ლუდის ქარხნისთვის ალუმინის საცობები გადაჰქონდა, თუმცა სპეციალურ სამალავში ინახებოდა ნივთიერება, რომელსაც, აფეთქების შემთხვევაში, უზარმაზარი ზიანის გამოწვევა შეეძლო.
ნივთიერება, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერ დროს, მცირე მექანიკური ზემოქმედებითაც კი შეიძლება ამოქმედებულიყო, საზღვრის გადმოკვეთიდან მალევე, ბათუმის მიმდებარე ტერიტორიაზე ამოიღეს. იქვე დააკავეს სატვირთო ავტომობილის მძღოლი და უკრაინის კიდევ ერთი მოქალაქე, რომელსაც “ჰექსოგენი” აჭარიდან თბილისში, ავლაბრის ტერიტორიაზე უნდა ჩაეტანა. “რუსთავი2-ის” მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ ჩვენებაში ბრალდებული მძღოლი ადასტურებს, რომ ასაფეთქებელი ნივთიერება, საქართველოში ჩამოსატანად, მას უკრაინის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა გადასცეს. ასახელებს კონკრეტულ სახელსაც.
გამოძიებამ მოიპოვა მტკიცებულებები, რომელიც მიუთითებს, რომ ასაფეთქებლის საბოლოო დანიშნულების ადგილი არა რუსეთის ფედერაცია, არამედ თბილისის ცენტრი იყო. გამოძიების მასალებში ნახსენებია ავლაბრის ტერიტორია. აქ ორ კილოგრამ-ნახევარი მოცულობის “ჰექსოგენის” აფეთქებას შესაძლოა უდიდესი ზიანი მოეტანა, როგორც ინფრასტრუქტურის, ისე ადამიანური დანაკარგის მხრივ.
იმას, რომ უკრაინიდან შემოტანილი “ჰექსოგენის” საბოლოო დანიშნულების ადგილი საქართველო იყო, არც ბრალდებულის ინტერესების დამცველი გამორიცხავს. მიხაილო სკრუპსკის ადვოკატი ამბობს, რომ სატვირთო ავტომობილის მძღოლმა არ იცის, რეალურად, სად იგეგმებოდა აფეთქება. უკრაინის კიდევ ერთი მოქალაქე, რომელსაც “ჰექსოგენი” ბათუმიდან თბილისში უნდა ჩაეტანა, ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.
უკრაინის უშიშროების სამსახურის მიერ საქართველოში გამოგზავნილი ასაფეთქებელი ნივთიერება სახიფათო პროვოკაციაა მმართველი გუნდისთვის. საქართველოს ხელისუფლება კიევიდან განმარტებებს ელოდება. მათ შორის, პასუხს კითხვაზე – თუ რა მიზნით შემოიტანეს საქართველოს ტერიტორიაზე უკრაინის მოქალაქეებმა “ტროტილზე” უფრო ძლიერმოქმედი ასაფეთქებელი?
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სწავლობს დაგეგმილ დანაშაულთან საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნების კავშირსაც. მათ შორის, გაჟღერდა ვანო მერაბიშვილის ყოფილი მოადგილის, გია ლორთქიფანიძის სახელი, რომელიც ახლა უკრაინის უშიშროების მაღალჩინოსანია. საქართველოში ის ამ დრომდეც რამდენიმე გახმაურებულ საქმეში ფიგურირებს.
2016 წელს, საპარლამენტო არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე თბილისის ცენტრში “ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გივი თარგამაძის ავტომობილი ააფეთქეს. სამიზნე გადარჩა, მთავარი ფიგურანტი დარჩო ხეჩუაშვილი კი ქვეყნიდან გაიქცა. სამართალდამცველებმა ის რამდენიმეწლიანი ძებნის შემდეგ დააკავეს და, გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობისთვის, ციხეში გაუშვეს. ბრალდებულმა დაკითხვის დროს განაცხადა, რომ არჩევნების წინ ოპოზიციის ლიდერის ლიკვიდაციის ბრძანება უკრაინიდან მიიღო. დაასახელა გია ლორთქიფანიძის გვარიც.
გია ლორთქიფანიძე და უკრაინული სცენარი გამოიკვეთა საქართველოში მიხეილ სააკაშვილის შემოპარვის დროსაც. ამჯერადაც, გეგმა წინასაარჩევნო პერიოდზე იყო გათვლილი და ხელისუფლების რევოლუციური ცვლილება უნდა მოეხდინა. ყოფილი პრეზიდენტი 2021 წლის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, მალულად, სატვირთო კონტეინერით შემოიყვანეს, თუმცა ის დააკავეს და ამჯერადაც სასჯელს იხდის.