სახელმწიფოს კუთვნილი, 4 მილიონ 184 ათას 249 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დაკავებულებს ბრალს დღეს წარუდგენენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკავებულთა ადვოკატები უკვე შევიდნენ.
საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის, ბიჭიკო პაიკიძის ადვოკატი ირმა ჭკადუა აცხადებს, რომ პაიკიძე მიმალვაში არ იმყოფება და მან ქვეყანა თურქეთის მიმართულებით მკურნალობის მიზნით დატოვა.
„მისი უშუალო ჩართულობით ხდებოდა შოვის ტრაგედიის სალიკვიდაციო სამუშაოები. ამჟამად ბატონი პაიკიძე სად იმყოფება, ჩემთვის ცნობილი არ არის. პაიკიძემ თურქეთის მიმართულებით დატოვა [ქვეყანა], ვინაიდან ის იმყოფებოდა სამკურნალოდ.
შესრულებული სამუშაოები არის შეფასებული და ძალიან მარტივი ფორმულით არის გამოანგარიშებული. ბუნებრივია, რომ დაცვასაც ექნება შესაძლებლობა, რომ დამატებით ჩაატაროს ექსპერტიზები, დაკითხოს ის ექსპერტები, რომლებმაც ჩაატარეს ეს ექსპერტიზა. გამოძიებას არ ემალება [პაიკიძე], არ ემალებოდა და დარწმუნებული ვარ, მისი ინტერესიც არის, რომ გამოძიებას გასცეს პასუხი”, – განაცხადა პაიკიძის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ და დასძინა, რომ საქმეში გრიგოლ ლილუაშვილის სახელი და გვარი არ ფიგურირებს.
კიდევ ერთი ადვოკატი თეონა გვაზავა კი აცხადებს, რომ კომპანიის მიერ სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი ვალდებულება პირნათლად იყო შესრულებული და სატენდერო მოთხოვნით გათვალისწინებული სამუშაოები სრული მოცულობით, მათ შორის ხარისხობრივად, არის ჩაბარებული.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დიდი ოდენობით – თაღლითობის და თაღლითობაში დახმარების საქმეზე ხუთი პირი დააკავა.