უმძიმესი დანაშაული კასპში, ე.წ. მირიანის დასახლებაში მოხდა. მამაკაცმა ყოფილ ცოლს ჯერ დანით მიაყენა ჭრილობა, შემდეგ სახეზე ქიმიური ნივთიერება შეასხა, მერე აალებული ბენზინი ესროლა და ცეცხლი წაუკიდა.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, ცეცხლწაკიდებული ახალგაზრდა ქალი შველას ითხოვდა. მისი დახმარება მეზობელმა სცადა, მან ცეცხლი ჩააქრო, უმძიმესი დამწვრობით დაშავებული ქალი სასწრაფოს ბრიგადამ თბილისში, ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანა. თათია ლომინაძე ახლა სიკვდილს ებრძვის.
კლინიკის ექიმის, გუგა ქაშიბაძის თქმით, მას სხეულის ძლიერი დამწვრობა აქვს და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ექიმი ადასტურებს იმასაც, რომ მას ჭრილობაც აქვს სხეულზე.
“კასპიდან არის გადმოყვანილი დამწვრობით, ბენზინიც შეასხა და მჟავაც, ასევე აქვს ბასრი საგნით მიყენებულო ჭრილობებიც. საკმაოდ მძიმე სიტუაციაა” – ამბობს ექიმი.
შემთხვევის ადგილიდან მიიმალა დამნაშავე, ზურაბ ბურდული, თუმცა პოლიციამ ის უკვე დააკავა.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, ის მეუღლეს 4 წლის წინ დაშორდა და წყვილს ჰყავდათ საერთო შვილი, 8 წლის გოგონა. დაშორების მიუხედავად ყოფილი ქმარი ზურაბ ბურდული ხშირად მოდიოდა გოგოს სახლში და აწიოკებდა ოჯახს. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცს შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი.
“ახალგაზრდა გოგოს მთელი სახე, თმები ყველაფერი დამწვარი ჰქონდა. ბენზინი შეასხა ყოფილმა ქმარმა, ამ ფაქტს წინ უძღოდა კონფლიქტი, ჩხუბის ხმა. ეს ფაქტი მოხდა დედის თვალწინ, აალებული ნივთი ესროლა გოგოს, მერე მეზობელი მივარდა, მან ცეცხლმოკიდებულ გოგოს ადიალა გადააფარა და ასე ჩააქრო ცეცხლი, თუმცა სახე სულ დამწვარი ჰქონდა” – ამბობს ადგილობრივი.
“ტვ პირველისთვის” მიცემულ ინტერვიუში კი ფაქტის თვითმხილველი მამაკაცი ამბობს: “ანთებული რაღაც ესროლა გოგოს, მოედო წამებში, დავეწიე და შემოვატრიალე, დავიბენი რა გამეკეთებინა არ ვიცოდი, ყვითელ ქვიშას ვაყრიდი, რომელიც იქვე ეყარა, ვხედავდი ვერ ვშველოდი, მერე სახლში შემოვარდი, ფარდა ჩამოვწყვიტე და გადავაფარე, უკვე მოდებული იყო ცეცხლი, ცეცხლი ეკიდა 5 წუთამდე, მერე მეზობელმაც რაღაც ჩამოაგდო დასამატებლად, ისიც დავაფარეთ. ეს ყველაფერი ჩვენს თვალწინ მოხდა. ხელები, სახე დამწვარი ჰქონდა და ბეჭებში აქვს ჭრილობა”.
ყველა განიცდის მომხდარს და დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ. AMBEBI.GE თათია ლომინაძის ახლობელს ესაუბრა:
“კასპის მთავარ ბიბლიოთეკაში მუშაობს თათია, ძალიან კარგი გოგოა. ქმარი ჰყავდა ნარკომანი, მოთამაშე. ვერაფრით ვერ შეძლო მისი გამოსწორება და დაშორდა, მაგრამ ის მაინც ვერ ისვენებდა. აწიოკებდა გოგოს. ძალიან ძვირფასი გოგოა, ვისაც არ უნდა კითხოთ, ყველა ამას გეტყვით. მოიტაცა ამ ბიჭმა, არ უნდოდა ამ გოგოს ეს ბიჭი საერთოდ, რადგან მოთამაშე და ნარკომანი იყო. მერე ვერ გამოასწორა და დაშორდა, ახლა ბავშვის ნახვაზე ჰქონიათ დავა, რომ არ ანახებდა ბავშვს, დამუქრებია, თუ არ მანახებ, დაგწვავო და აასრულა ეს მუქარა.
დილით ბავშვი სკოლაში წავიდა და ამ დროს მოხდა ეს ტრაგედიაც. დედის თვალწინ მოხდა. თათია დედასთან და შვილთან ერთად ცხოვრობდა. ამ ოჯახს დიდი ტრაგედია დაატყდა წლების წინ თავს, თათია მაშინ პატარა იყო. მისი ორი და და მამა ავარიაში დაიღუპნენ. ყველა იმას ვლოცულობთ, რომ როგორმე გადარჩეს ეს უკარგესი გოგო. დამნაშავე უნდა დაისაჯოს”.