საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების და ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, – ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 30 სექტემბერს, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, სოციალურ ქსელ „facebook”-ში გამოაქვეყნა ვიდეოჩანაწერი, რომლითაც საქვეყნოდ სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება გააკეთა და 4 ოქტომბერს, არჩევნების დღეს, განსახორციელებელ კონკრეტულ ძალადობრივ ქმედებებზე ისაუბრა.
ასევე, ბრალდებულმა 1 ოქტომბერს მოსამართლის განჩინების საფუძველზე მისი დაკავებისას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს ძალადობით წინააღმდეგობა გაუწია.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და 317-ე მუხლით (სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება და ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.