ირანის ატომური ენერგიის სააგენტოს ინფორმაციით, ირანში, „ბუშერის“ ატომურ ელექტროსადგურთან დარტყმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. მედიის ცნობით, ომის დაწყებიდან „ბუშერთან“ ახლოს დარტყმა მეოთხედ განხორციელდა.
თეირანში აცხადებენ, რომ დაღუპულია სადგურის დაცვის თანამშრომელი. მათივე ინფორმაციით, იერიშის შედეგად ობიექტი არ დაზიანებულა. ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ სადგურთან ახლოს დარტყმები სერიოზულ რადიაქტიულ საფრთხეს ქმნის.
აშშ-სა და ისრაელს სადგურის სიახლოვეს დარტყმა არ დაუდასტურებიათ.
გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთება გამოთქვეს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში. მათი განცხადებით, რადიაქტიური ფონის მომატება არ ფიქსირდება.
ოფიციალურ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ატომური ელექტროსადგურები და მათი მიმდებარე ტერიტორია არასდროს უნდა გახდეს დარტყმების სამიზნე. სააგენტო მხარეებს მაქსიმალური თავშეკავებისკენ მოუწოდებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული რაიმე სახის ინციდენტი.
„ბუშერი“ ირანში ერთადერთი მოქმედი ატომური ელექტროსადგურია.
