აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ გიორგი ძაძამიასთან ერთად, წარმატებული სტუდენტების მხარდაჭერის პროგრამის სტიპენდიატებს შეხვდა. შეხვედრაში 9 ახალგაზრდა მონაწილეობდა, რომლებმაც 221 სტიპენდიატს შორის ყველაზე მაღალი შედეგები აჩვენეს.
„ვულოცავ ახალგაზრდებს მოპოვებულ სტიპენდიას. განათლებული და მოტივირებული თაობა ქვეყნის მომავლისა და განვითარების უმთავრესი გარანტიაა. ჩვენი მთავარი მიზანია ახალგაზრდები კიდევ უფრო მეტად ჩართული იყვნენ სამშვიდობო პროცესებში, რომელიც უკავშირდება დეოკუპაციას და აფხაზეთში დაბრუნებას“, – განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
შეხვედრაზე სტუდენტებმა მთავრობის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადეს და საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. მათ დეტალურად ისაუბრეს იმის შესახებ, თუ როგორ შეცვალა სტიპენდიის მიღებამ მათი ყოველდღიური სასწავლო პროცესი და რა დამატებითი შესაძლებლობები გაუჩინა მათ პროფესიული განვითარების გზაზე. ახალგაზრდებმა აღნიშნეს, რომ აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერა მათთვის უდიდესი სტიმულია, რათა კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობით გააგრძელონ სწავლა.
შეხვედრის დასასრულს, მთავრობის თავმჯდომარემ სტუდენტებს საჩუქრად ელექტრონული წიგნების საკითხავი მოწყობილობები გადასცა და მზაობა გამოთქვა, რომ აფხაზეთის მთავრობა კვლავაც აქტიურად დაუჭერს მხარს სტუდენტურ ინიციატივებს და გააგრძელებს ახალგაზრდების ხელშეწყობაზე ორიენტირებული პროგრამების მასშტაბების გაფართოებას.
აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 221 მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე დევნილმა სტუდენტმა 200 და 300 ლარიანი სტიპენდიები მიიღეს.
ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.
