აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ქართული ენის სასკოლო კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეებისა და დიასპორის პროგრამაში ჩართული ქართული ენის დისტანციური სწავლების მიმართულების მასწავლებლების დაჯილდოებაში მიიღო მონაწილეობა.
გიორგი ჯინჭარაძემ სიტყვით გამოსვლისას ქართული ენის მნიშვნელობაზე, აფხაზეთის საჯარო სკოლების მხარდაჭერის გაძლიერებასა და სამშვიდობო პროცესებში ახალგაზრდების როლზე ისაუბრა.
„ენა და კულტურა გამაერთიანებელი ძალაა, რომელიც საბოლოოდ ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ შერიგებამდე მიგვიყვანს. სწორედ მშვიდობიანი მომავლის შენების პროცესში გადამწყვეტია თქვენი, ახალგაზრდების როლი“, – აღნიშნა გიორგი ჯინჭარაძემ.
ღონისძიებაზე ასევე მისასალმებელი იტყვით გამოვიდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თორთლაძე და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.
ქართული ენის კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებსა და დიასპორის პროგრამაში ჩართულ მასწავლებლებს შესაბამისი სერტიფიკატები და საჩუქრები გადაეცათ.
კონკურსის ფარგლებში მოსწავლეებმა შექმნეს სხვადასხვა შემოქმედებითი ხასიათის პროექტი. ჯამში გამოვლინდა 12 გამარჯვებული პროექტი.
რაც შეეხება დიასპორის მიმართულებას, აღნიშნული პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება და მნიშვნელოვან როლს ასრულებს საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების განათლების მხარდაჭერაში.
















