დღეს 12:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. მღვდელმთავრები საპატრიარქო ტახტის სამ კანდიდატს აირჩევენ.
გაფართოებულ კრებაზე, რომელიც 17 მაისამდე დაინიშნება, სწორედ დღეს არჩეული კანდიდატებიდან სინოდი საქართველოს 142-ე პატრიარქს გამოავლენს. თუ გაფართოებულ კრებაზე კანდიდატებიდან ვერც ერთი ვერ მოიპოვებს ხმათა უმრავლესობას, გაიმართება მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობას ხმათა უმრავლესობის მქონე ორი კანდიდატი მიიღებს.
„ამ სხდომის მთავარი საკითხია სამი საპატრიარქო კანდიდატის შერჩევა. შეარჩევენ ფარული კენჭისყრით. ყველა მღვდელმთავარს შეუძლია ხმა მისცეს იმ მღვდელმთავარს, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებაში მითითებულ კრიტერიუმებს. ასევე, ამ სხდომაზე ჩანიშნავენ გაფართოებული კრების თარიღს“, – განაცხადა დეკანოზმა დავით ტატანაშვილმა.
