“სრული პასუხისმგებლობით შემიძლია, განვაცხადო, რომ ევროკავშირთან ურთიერთობისა და ინტეგრაციის ხარისხი ასეთ მაღალ დონეზე არასდროს ყოფილა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიისა და ნატო-ში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის ერთობლივ სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის შეფასებით, საქართველო ევროკავშირთან ნაკისრი ვალდებულებების იმპლემენტაციას წარმატებით ახორციელებს. „განხორციელდა მნიშვნელოვანი რეფორმები, როგორც საკანონმდებლო, ისე ინსტიტუციური დაახლოების კუთხით, რაც ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე აუცილებელი წინაპირობაა. თუმცა, მეტი ძალისხმევაა საჭირო. ჩემი შეხედულებით, ჩვენ გვაქვს რესურსი, ვალდებულებების გარკვეული ნაწილი ვადაზე ადრე შევასრულოთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სხდომაზე 5 მარტს ბრიუსელში დაგეგმილი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-5 სხდომის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს, რომელზეც ქართული მხარე „ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკას“ წარადგენს. „საბჭოს სხდომაზე, ევროპულ მხარესთან ერთად შევაჯერებთ ევროინტეგრაციის ფარგლებში არსებულ პროგრესს და წარვადგენთ ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს – „ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკას“, რომელიც საშუალებას გვაძლევს, მოვახდინოთ ევროინტეგრაციის ფარგლებში განხორციელებული პროგრესის კონსოლიდაცია და ასევე, ასოცირების შეთანხმების მიღმა გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირთან უფრო ღრმა და ყოვლისმომცველი, მათ შორის, სექტორული ინტეგრაციისკენ“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
სხდომაზე ყურადღება დაეთმო ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მიმდინარეობას. პრემიერ-მინისტრმა პროცესის შეუფერხებლად ფუნქციონირების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „მსურს, შეხვედრის ნაწილი დავუთმოთ ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის მიმდინარეობის განხილვას. უვიზო რეჟიმის შეუფერხებლად ფუნქციონირების უზრუნველყოფა ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, რადგან პრაქტიკული სარგებლის გარდა, უვიზო მიმოსვლას მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვა აქვს“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა. კომისიების ერთობლივ სხდომაზე დამტკიცდა საქართველოს წლიური ეროვნული პროგრამა (ANP), რომელიც ნატო-ში გაწევრიანების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მექანიზმს წარმოადგენს. ასევე განსაკუთრებით აღინიშნა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. „საქართველო არის ნატო-ს განსაკუთრებული და საიმედო პარტნიორი და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ჩვენ ამ თვალსაზრისით ძალიან ძლიერი გზავნილები მოვისმინეთ. წელს ვუმასპინძლებთ ნატო-ს გენერალურ მდივანს, სამხედრო კომიტეტსა და ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს, რაც არის განსაკუთრებული პატივი და ამავდროულად – პასუხისმგებლობა, თუმცა, ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველოსა და ნატოს შორის ურთიერთობები ახალ დონეზეა გადაყვანილი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიისა და ნატო-ში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის ერთობლივ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული რვა საკითხი განიხილეს. საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2018 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმისა და DCFTA-ის შესრულების ერთი წლის ანგარიში წარადგინა. სხდომაზე ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2019 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმა მიიღეს და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებები განიხილეს.
მამუკა ბახტაძე: ევროკავშირთან ურთიერთობისა და ინტეგრაციის ხარისხი ასეთ მაღალ დონეზე არასდროს ყოფილა
2019/03/01 16:17:23
კომენტარები
ნანახია: 716 ჯერ