“გასული 24 საათის განმავლობაში, მსოფლიო მასშტაბით კოვიდინფიცირებულების რეკორდული ნიშნული დაფიქსირდა, ამ დროის მანძილზე დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობამ 200 ათასს მნიშვნელოვნად გადააჭარბა – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) იუწყება, ქართველი სპეციალისტები კი ამ ფაქტს მსოფლიო ხალხების მიერ რეკომენდაციების არ შესრულებას უკავშირებენ”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ვაქცინის მაქსიმუმი 70%-იანი თავდაცვაა, ისიც თუ იქნა” – კორონავირუსი მსოფლიოს ამარცხებს.
“ჯანმოს ყოველდღიური ანგარიშის მიხედვით, კოვიდ-19-ით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-ში, ბრაზილიაში, ინდოეთსა და სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. მსოფლიო მასშტაბით სიკვდილიანობის დინამიკა უცვლელი დარჩა, ამავე პერიოდში 5 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. აშშ-ში კოვიდ-19 გასული დღე-ღამის განმავლობაში 71 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, რის შედეგადაც ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში მთლიანმა ინფიცირებულთა რაოდენობამ, თითქმის 4 მილიონს მიაღწია. ბრაზილიაში ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო 24 საათის განმავლობაში 35 ათასამდე გაიზარდა და დღეის მონაცემებით, ინფიცირებულთა რაოდენობის თვალსაზრისით, აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილზეა. კორონავირუსის თვალსაზრისით სიტუაცია თითქმის ყველა კონტინენტზე რთულდება, ქვეყნების მთავრობები ინფექციის შეკავების მიზნით, უკვე საკარანტინო ზომების გამკაცრებაზე ფიქრობენ. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღავნელი მარინა ენდელაძე, “რეზონანსთან” ბოლო პერიოდში მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის ასეთ რეკორდულ მატებას, რეკომენდაციების შეუსრულებლობას და მსოფლიო ქვეყნების ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნებას უკავშირებს”, – აღნიშნავს გამოცემა.
“რაც შეეხება მსოფლიოში კორონავირუსის პიკის გათვლას, ეს უფრო ეპიდემიოლოგების საქმეა, თუმცა გუშინდელი კოვიდინფიცირებულების ეს მძიმე და დრამატული მატება მაინც რეკომენდაციების არ შესრულებასთანაა კავშირში – ხალხი უკვე ქუჩებში გავიდა, გავიდნენ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და ალბათ ესაა მკვეთრი მატების მიზეზიც… ვაქცინასთან დაკავშირებით მუშაობენ, მაგრამ ვაქცინის იმედიც საკმაოდ დაბალია – ბოლო სამი დღის ზუსტი მონაცემები არ ვიცი, შესაძლოა რაიმე ახალი წამოვიდა, მაგრამ ზოგადად, ვაქცინა მაქსიმუმ შესაძლოა 70%-იანი თავდაცვა იყოს, ისიც თუ იქნა”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მარინა ენდელაძე.
“გამოდის რომ კორონავირუსი ასე ადვილად არ დაგვტოვებს და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ვირუსი ამდენი ინფიცირების შემდეგ, ცოტა სახეს შეიცვლის, ანუ შედარებით უფრო მსუბუქად წავა და იქნება ალბათ ისე, როგორც ყოველწლიურად გრიპია ხოლმე, სავარაუდოდ ალბათ ასე იქნება. პესიმისტური პროგნოზები არ გვინდა, იმედია, რომ კორონავირუსი უფრო მსუბუქ ფორმას მიიღებს, მაგრამ ის, რომ კორონავირუსმა სრულიად დავტოვოს, ამას ნაკლებად ვფიქრობ” – დასძენს ენდელაძე.