პუტინის მთავარი ოპონენტის, ალექსეი ნავალნის დაპატიმრების შემდეგ, დასავლეთის ქვეყნები რუსეთის წინააღდეგ სანქციების დაწესებას განიხილავენ, კრემლი კი ამაზე პასუხობს, რომ რუსეთის საქმეებში არ ჩაერიონ და საკუთარი პრობლემით დაკავდნენ. გადაწყვეტს თუ არა რეალურად სანქციები ნავალნის ბედს და რეალურად რის გამო ჩასვა კრემლმა ის სამნახევარი წლით ციხეში? ლატვია და ლიეტუვა ევროკავშირს მოუწოდებენ, ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნისთვის პატიმრობისთვის რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესოს. ამერიკელ სენატორთა ჯგუფმა კი კონგრესს ნავალნის საქმესთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ კანონპროექტი წარუდგინა, რომელიც ითვალისწინებს საქციებს იმ ოფიციალური პირების მიმართ, რომლებმაც ნავალნის მოწამვლასა და დაპატიმრებაში მონაწილეობა მიიღეს“, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ნავალნის ციხეში ჩასმა პუტინს და მის ხალხს შეიძლება ძვირი დაუჯდეს – მთელი დასავლეთი ახალ სანქციებზე ერთიანდება.
“რუსეთისთვის სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს გერმანიაც. როგორც ქვეყნის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფან ზაიბერტმა განაცხადა, ბერლინი ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციებს გაივლის. რაც შეეხება დიდი ბრიტანეთის პოზიციას, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას “სიმხდალეს” უწოდებს. ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ დასავლეთის სანქციები ნავალნის ბედს ვერ გადაწყვეტს”, – აღნიშნავს გამოცემა.
“სამწუხაროდ ამ ქვეყნების სანქციები ალექსეი ნავალნის ბედს ვერ გადაწყვეტს, რადგან კრემლისთვის სანქციების დაწესება ახალი არაა. ნავალნის “ივ როშეს” კომპანიასთან ვითომდა ფინანსური მაქინაციის გამო 3,5 წელი მიუსაჯეს. სხვათა შორის ღვიძლ ძმას მიუჯინეს, მასაც ამდენი აქვს მისჯილი. ეკონომიკურმა სანქციებმა უკვე თავის მაქსიმუმს მიაღწია, კრემლი ამ სანქციებს ძალიან ცინიკურად პასუხობს, მეორეს მხრივ დასავლეთს მეტი რა შეუძლია, ერთი ეგაა თუ პიროვნული სანციები მათ დაუწესეს, ვინც ნავალნის დაპატიმრებასა და მოწამვლაში ურევია. კაცი მოწამლეს, სიკვდილის პირას იყო და რომ ჩამოვიდა, დააპატიმრეს. ფაქტია, რომ პოლიტპატიმარია. ყველაზე საინტერესოა, რომ ნავალნი პუტინმა თვითონ გაუშვა და მკურნალობის პერიოდი პირობითი სასჯელის დარღვევაში ჩაუთვალეს. ის, რაც რუსეთის სამართლის სივრცეში ხდება, აბსურდული მარაზმია. დასავლეთის მესმის და ეკონომიკური სანქციები კი არა ჩემის აზრით კიდევ უფრო მეტიცაა გასაკეთებელი. თავისთავად ცხადია, რომ პუტინმა ნავალნის დოკუმენტური ფილმის გამო შური იძია”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
“ჩემის აზრით ნავალნი დაპატიმრებული იქნება მანამ, სანამ რუსეთის ფედერაციაში საპარლამენტო არჩევნები არ ჩაივლის, რომელიც პუტინისთვის გადამწყვეტი და ჰაერივით მნიშვნელოვანია. იგი სამ პოლიტიკურ პარტიას აერთიანებს, რომელსაც “რუსეთის პატრიოტები” დაერქმევა, ანუ მემარცხენე რადიკალური პოლიტიკური პარტია იქმნება, რომელსაც სურს, რომ კომუნისტური პარტია ჩაანაცვლოს. თქვენ წარმოიდგინეთ პუტინი ამ პარტიის ჩანაცვლებაზე ჩალიჩობს, მათიც კი ეშინია, უნდა რომ კრიტიკა მინიმუმამდე დაიყვანოს და მით უმეტეს, მას რად უნდა ნავალნი, რომლის დოკუმენტურ ფილმს რუსეთის 50%-მა უყურა. საპარლამენტო არჩევნები რომ დასრულდება, მერე შესაძლოა ამინისტიით ან შეწყალების აქტით გამოუშვან, არჩევნები კი ამა წლის სექტემბერშია”, – დასძენს მაისაია.