აჭარის ხელოვნების მუზეუმში, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობის საფუძველზე, პროექტის, „ღორჯომის ხეობის ნაჭრელების“, პრეზენტაცია შედგა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, გამოიფინა ამ პროექტის ფარგლებში შეგროვებული ექსპონატები. ეს არის აჭარული ნაქარგობების დიდი კოლექცია, ფოლკლორული და ეთნოგრაფიული მასალა, ფოტოები და ვიდეოჩანაწერები. ღონისძიებას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
სექტემბერში ამ პროექტის წარდგენას თბილისმა უმასპინძლა.
„ღორჯომის ხეობის ნაჭრელები“ არის კულტურის სამინისტროს კონკურსის – „კულტურის სექტორში თავისუფალი პროექტების ხელშეწყობა“, გამარჯვებული. პროექტის ავტორი ზურაბ შევარდნაძეა. ღორჯომის ხეობის ნაქარგები განსაკუთრებულია მათი ფერების, შესრულების ტექნიკისა და მრავალფეროვანი სიუჟეტების გამო. სამწუხაროდ, ბოლო დროს ახალგაზრდებში ქარგვის სურვილი და ტრადიცია იკარგება, ტექნიკაც სუსტდება.
პროექტის მიზანი, ერთი მხრივ, ღორჯომის ხეობის ტრადიციული რეწვის განვითარების ხელშეწყობა და ამ პროცესში ახალგაზრდების ჩართულობა, ხოლო, მეორე მხრივ, საზოგადოებისთვის სახელოსნოში დამზადებული რეწვის ნიმუშების, ხეობაში გაკეთებული ეთნოგრაფიული ჩანაწერებისა და აუდიო-ვიზუალური მასალების გამოყენებით საქართველოს ამ განსაკუთრებული კუთხისა და მისი ტრადიციების გაცნობაა.
პროექტის ფარგლებში სამინისტროს დაფინანსებით მაღალმთიან აჭარაში, ღორჯომის ხეობაში, ტრადიციული რეწვის სახელოსნო ამუშავდა, სადაც დასაქმდნენ ქალბატონები, რომლებიც ხეობაში შეგროვებული ნიმუშების ორნამენტების გამოყენებით სხვადასხვა დეკორატიულ ნივთს ამზადებენ. სახელოსნო მომარაგდა საჭირო ინვენტარით, რათა სრულყოფილად, დამოუკიდებლად შეძლოს საქმიანობა.
გარდა ამისა, სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა ზურაბ შევარდნაძის ორენოვანი წიგნი-ალბომი ,,ვინ მყავს უფროსი?!’’ გამოცემა აერთიანებს ღორჯომის ხეობის შესახებ მონათხრობსა და ფოტომასალას, რომელზეც აღბეჭდილია ხეობის მცხოვრებთა ყოველდღიური ყოფა, სახელოსნოს საქმიანობა, რეწვისა და ხელსაქმის ამსახველი კადრები. მასალა მოიცავს ფოტო-კატალოგსაც ზურაბ შევარდნაძის პირადი კოლექციიდან.
ზურაბ შევარდნაძესთან ერთად პროექტზე მუშაობდნენ ალბომის რედაქტორები, ფოლკლორისტები ეთერ თათარაიძე და ამირან არაბული. ფოტოების ავტორია ზაქარია ჭელიძე, ვიდეომასალა კი დაამუშავა ხატია მაღლაკელიძემ.