ესტონეთის თავდაცვის ძალების (EDF) სადაზვერვო ცენტრის უფროსის მოადგილის, ვიცე-პოლკოვნიკ იანეკ კესელმანის განცხადებით, ფრონტის ხაზზე რუსეთის შეიარაღებული ძალები ინიციატივას ინარჩუნებენ და შესაძლებელია, რომ წლის ბოლომდე უკრაინელები იძულებულნი გახდნენ, პოკროვსკი დატოვონ.
„ტაქტიკური ინიციატივა კვლავ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ხელშია. ბოლო შვიდი დღის განმავლობაში, ფრონტის მთელ ხაზზე, ისინი დღეში საშუალოდ 167 თავდასხმას ახორციელებდნენ. ამ თავდასხმების თითქმის 50 პროცენტი დონეცკის მიმართულებაზე იყო კონცენტრირებული“, – აღნიშნა კესელმანმა ესტონეთის თავდაცვის სამინისტროში გამართულ ყოველკვირეულ ბრიფინგზე.
„ქალაქ პოკროვსკის მიმართულებით, რომელიც ამ თავდასხმების ეპიცენტრშია, რუსეთის ფედერაციამ გასული კვირის განმავლობაში დაახლოებით 1 ან 2 კილომეტრით წაიწია წინ. არსებული ინფორმაციით, რუსეთის ჯარს პოკროვსკის გარეუბნებამდე დაახლოებით 5-7 კილომეტრი აშორებთ. ეს იმაზე მეტყველებს, რომ თუ ამჟამინდელი ინტენსივობა გაგრძელდება, უკრაინის შეიარაღებული ძალები, სავარაუდოდ, იძულებულნი გახდებიან, წლის ბოლომდე ქალაქ პოკროვსკიდან უკან დაიხიონ და პოზიციები საკუთარი ტერიტორიის სიღრმეში დაიკავონ“, – განაცხადა ესტონელმა ვიცე-პოლკოვნიკმა.
მისივე თქმით, რუსული ჯარების მიერ ვუჰლედარის აღება ბოლო კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ფრონტზე.
„მას შემდეგ, რაც უკრაინის ჯარებმა ვუჰლედარიდან უკან დაიხიეს, იქ რუსეთის ჯარები შევიდნენ. ჩვენი შეფასებით, უკრაინულმა შენაერთებმა დაიკავეს შესაფერისი თავდაცვითი პოზიციები ჩრდილოეთით, დაახლოებით 7-8 კილომეტრში. ვინაიდან უკრაინა იძულებული გახდა, ქალაქი დაეტოვებინა, დაპირისპირებული ძალები, დიდი ალბათობით, ამ მიმართულებით თავიანთ ქმედებებს გააძლიერებენ“, – აღნიშნა მან.
როგორც კესელმანმა კურსკის ოლქზე საუბრისას განაცხადა, „აშკარაა, რომ რუსეთი იქ თავის შენაერთების თავმოყრას ახდენს და არსებობს შესაძლებლობა, რუსული ჯარებმა ოქტომბერში კონტრშეტევა დაიწყონ“.
ვიცე-პოლკოვნიკი ამბობს, რომ სექტემბრის ბოლოს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც მსჯავრდებული კრიმინალებისა და წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირების სამხედრო სამსახურში მიღების პოლიტიკას კიდევ უფრო ახალისებს.
„რუსეთის შეიარაღებულ ძალებში კრიმინალური კონტიგენტი იზრდება. როგორც ჩანს, ეს მუდმივად მზარდი ტენდენციაა“, – მიიჩნევს კესელმანი.
მისი მტკიცებით, რეკრუტირების საკითხში რუსეთს ჯერ კიდევ აქვს პრობლემები.
„ეს იმაში გამოიხატება, რომ სამხედრო სამსახურში შესვლისთვის რუსეთმა კიდევ ერთხელ გაზარდა ერთჯერადი ბონუსები. ხუთ თვეში მისი ოდენობა 5000-დან დაახლოებით 20000 ევრომდე გაიზარდა. ამასთან, რუსეთის შეიარაღებულ ძალებში სახელფასო ანაზღაურება თითქმის 10-ჯერ აღემატება მცირე ქალაქებში საშუალო ხელფასს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთს, სავარაუდოდ, არ აქვს ან არ შეუძლია დიდძალი სტრატეგიული რესურსის თავმოყრა, რომელიც ომის მსველობაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. მიუხედავად ამისა, მოსკოვი აგრძელებს ზარალის კომპენსირებას, რომელსაც ის უკრაინის ქმედებების გამო განიცდის“, – განუცხადა მედიასაშუალებებს ყოველკვირეულ ბრიფინგზე ესტონეთის თავდაცვის ძალების სადაზვერვო ცენტრის უფროსის მოადგილემ.