ფოტორეპორტიორმა ირაკლი გედენიძემ, რომელიც ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე იყო დაკავებული, პარლამენტის „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე“ გლდანის ციხეში გადაყვანის ეპიზოდი გაიხსენა და იქ არსებულ პირობებზე ისაუბრა.
ამასთან, ირაკლი გედენიძემ აღნიშნა, რომ გლდანის ციხეში უკვე მას მოსთხოვეს, ეღიარებინა ჯარის ღალატი, რაზეც კატეგორიული უარი განაცხადა.
ირაკლი გედენიძე ამბობს, რომ ჯარის ღალატის აღიარების მოთხოვნის გამო გლდანის ციხეში ცუდად გახდა და მოგვიანებით გაირკვა, რომ იმ მომენტში გულის მიკროიშემიური ინსულტი მიიღო.
„გლდანის ციხეში ვიყავით, არ ვიცი, იმ ადგილს რა ჰქვია, გადაღებაზე მანამდე არ ვყოფილვარ, არც მის შემდეგ. შემიძლია აღვწერო – ვითომ ოთახი, რომელსაც მთელ სიგრძეზე ჰქონდა რკინის ცხაური, თავისი რკინის კარით. არც ჩამოსაჯდომი, არაფერი, ბეტონი იყო თუ მეტლახის იატაკი, იქ პირდაპირ უნდა დაწოლილიყავი, დამჯდარიყავი. ვერ დავწექი, ფეხზე დგომის თავიც არ მქონდა. ჩემთან ვიღაც იყო. მეკითხება, რაზე დაგიჭირესო, პასუხის გაცემის თავი არ მქონდა, თავი მისკდებოდა, ისეთ დღეში ვიყავი. რომ არ იცი, რა გელოდება კი არა, რატომ ხარ იქ, ეგ რომ არ იცი, მაგან შემშალა. ასე ვიყავით რამდენიმე საათის განმავლობაში ყველა და გადაგვიყვანეს საკნებში. ჩემი საკანი იყო ჩრდილოეთის მხარეს, ანუ შემოვლით გზას უყურებდა, ტრაილერებს ვხედავდი ხოლმე ფანჯრიდან, იქიდან ვიცი. ჩემთან ერთად იყო ერთი მსჯავრდებული, ახალგაზრდა ბიჭი, წვრილმან ქურდობაზე იყო ნასამართლევი, როგორც თავად მითხრა. რაღაც პერიოდის, ალბათ ერთი დღის შემდეგ მითხრეს, უნდა გაგიყვანოთო. ამიყვანეს ადმინისტრაციულ კორპუსში, კიბეებით, ალბათ მესამე სართულზე, ვიზუალურად ალბათ ერთ-ერთი ხელმძღვანელის ოთახი იყო, მაგრამ აღნიშვნის გარეშე. იქ დამხვდა გამომძიებელი. არ ვიცი, ჩემი მეუღლე – ნათია გედენიძე გაუშვეს თუ არა. ინფორმაცია არ მაქვს. მეუბნება, აი, ხომ ხედავ, ჩვენ გავუშვით, რადიოსაც შემოგიტანენ, რომ რაღაც ინფორმაციები მოისმინო ხოლმე – საინფორმაციო წყარო საკანში თავიდან არ გვქონდა. წვრთნებზე ხომ დაყვებოდი პრეზიდენტსო, ასე გვჭირდება, უნდა გვითხრა, რომ შენ ჯარის ფოტოები გადაუგზავნე, შემდეგ გეტყვით, ვისაცო. მოკლედ, ჯარის ღალატი უნდა მეღიარებინა. აი, მაშინ უკვე ძალიან ცუდად გავხდი, ისე ცუდად გავხდი, რომ საკანში ვინც იყო ჩემთან ერთად, იმ ბიჭმა დააბრახუნა, ძალიან ცუდად არისო და გადამიყვანეს საავადმყოფოში. შემდეგ გაყვანაზეც ჯარზე კატეგორიული უარი ვუთხარი. ჩამსვით, ბოლომდე ვიჯდები, შანსი არ არის, ჯარზე არ მოგიწერთ-მეთქი“, – განაცხადა ირაკლი გედენიძემ.