სისხლისმღვრელი შეტაკებები, რომლებიც, შესაძლოა, კიდევ თვეების განმავლობაში გაგრძელდეს? უკრაინაში ხანგრძლივი ომის აჩრდილი კვლავ აშფოთებს ევროპას ამ თებერვლის მიწურულს – ზუსტად ოთხი წლის თავზე მას შემდეგ, რაც რუსეთმა მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე აგრესია დაიწყო 2022 წლის ზამთარში, – წერს ფრანგული ყოველკვირეული საინფორმაციო-პოლიტიკური ჟურნალი L’Express-ი სტატიაში სათაურით „რატომ აქვს რუსეთს შესაძლებლობა, აწარმოოს ომის მეხუთე წელი“.
ამ ჰიპოთეზას ამყარებს სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის (IISS) მასშტაბური კვლევა. ეს ორგანიზაცია თავდაცვის საკითხებში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ანალიტიკური ცენტრია.
როგორც ყოველწლიურად, კვლევითმა ჯგუფმა ახლაც გამოაქვეყნა სამხედრო პერსპექტივები მომავალი წლისთვის. მთავარი დასკვნა კი ასეთია: მოსკოვს შესწევს უნარი, ზედმეტი პრობლემების გარეშე, კიდევ ერთი წლის განმავლობაში გააგრძელოს თავდასხმა უკრაინაზე.
კვირას, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა გამოხატა თავისი ამბიცია, განაგრძოს ქვეყნის „არმიისა და ფლოტის გაძლიერება“. ეს მიზანი ბოლო წლებში გატარებული პოლიტიკის გაგრძელებაა: თავის ანალიზში IISS აღნიშნავს, რომ რუსეთის ინვესტიციები თავდაცვის ძალებში 2022 წლიდან უკვე მკვეთრად გაიზარდა.
მხოლოდ 2025 წელს, მრავალწლიანი ზრდის შემდეგ, ეს მაჩვენებელი კიდევ 3%-ით გაიზარდა. ჯამში, ერთ წელიწადში ამ ხარჯებმა 186 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 7.3%-ია.
თავდაცვისთვის გამოყოფილი რუსული რესურსების ზრდა, მიუხედავად ყველაფრისა, სერიოზული გამოწვევის წინაშე დგება: ეს არის რუსეთის ეკონომიკის ტემპის მნიშვნელოვანი კლება, რაც გამოწვეულია კონფლიქტით და მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციებით.
2025 წელს რუსეთის ეკონომიკურმა ზრდამ მხოლოდ დაახლოებით 1% შეადგინა – მსგავსი მაჩვენებელია მოსალოდნელი მიმდინარე წელსაც.
ფაქტობრივად, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ქვეყნის თავდაცვის ხარჯების ზრდა 2026 წელს, შესაძლოა, გარკვეულწილად შენელდეს. თუმცა, ეს პროგნოზი კრემლს განსაკუთრებულ შეშფოთებას არ ჰგვრის. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში რუსეთის მიერ აღჭურვილობასა და შეიარაღებაში განხორციელებული მასშტაბური ინვესტიციები მას გარკვეული მანევრის საშუალებას აძლევს, რათა უკრაინაში შეტევა განაგრძოს.
ომმა აიძულა ვლადიმერ პუტინი, დაეწყო ან დაესრულებინა მრავალი სახის შეიარაღების, მათ შორის ახალი რაკეტების შემუშავება, რასაც რუსული სახელმწიფო მედია ხშირად დიდი პროპაგანდისტული პომპეზურობით წარადგენს. გარდა ამისა, ქვეყნის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მობილიზება მოხდა ირანული დრონის, „შაჰიდის“ ახალი ვერსიის შესაქმნელად, რომლის წარმოებაც უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ამ პროექტის განხორციელებაში თეირანის მხარდაჭერა გადამწყვეტი აღმოჩნდა.
ყველა ამ პარამეტრის გათვალისწინებით, IISS-ის გენერალური დირექტორი, ბასტიან გიგერიხი, რომელსაც გამოცემა The Guardian-ი ციტირებს, აცხადებს, რომ დღეს „ძალიან ცოტა ნიშანი“ მიუთითებს იმაზე, რომ „რუსეთის შესაძლებლობა, უკრაინის წინააღმდეგ ომის მეხუთე წელიც გააგრძელოს, შემცირებულია“.
მიუხედავად ამისა, არსებობს რამდენიმე ასპექტი, რაც ვლადიმირ პუტინისთვის შეშფოთების საფუძველს იძლევა. ერთ-ერთი მათგანი შენელებული ტემპით მომუშავე ეკონომიკაა. ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთები, საყოველთაო ინფლაცია, საწარმოებისთვის საინვესტიციო სირთულეები, მუშა-ხელის დეფიციტი. უკრაინის ომმა ამ მხრივ მოსკოვი საგრძნობლად დაასუსტა, რისი გრძელვადიანი შედეგების წინასწარ განსაზღვრაც ჯერ კიდევ რთულია. თუმცა, ამჟამად რუსეთისთვის მთავარი საფრთხე ბრძოლის ველზე საბრძოლო მოქმედებების მხარდასაჭერად ახალი კადრების დაკომპლექტების სირთულეებში მდგომარეობს.
ყოველთვიურად არმიას დაახლოებით 30 000 ახალი ადამიანის გაწვევა სჭირდება, რათა შეტევა განაგრძოს. თუმცა, არსებობს „სულ უფრო მეტი ნიშანი იმისა, რომ რუსეთის რეკრუტირების ტემპი მის ყოველთვიურ დანაკარგებზე ნაკლები ხდება“, – აღნიშნავს ნაიჯელ გულდ-დევისი, IISS-ის კიდევ ერთი ექსპერტი, კვლავ გამოცემა The Guardian-თან საუბრისას.
