სლოვაკმა ევროპარლამენტარმა ბრანისლავ ონდრუშმა “რუსთავი 2-თან” ექსკლუზიურ ინტერვიუში ევროკავშირის მხრიდან სლოვაკეთზე ზეწოლასა და საქართველოსთან დაკავშირებულ პოლიტიკაზე ისაუბრა.
“რუსთავი 2-ის” ჟურნალისტმა ევროპარლამენტარს შეახსენა ინფორმაცია ბრიუსელის მხრიდან სლოვაკეთზე ზეწოლის შესახებ, მათ შორის, ევროკავშირის ფონდების შესაძლო გაყინვა და მისი პარტიისთვის ევროპარლამენტის წამყვანი ჯგუფების მიერ წევრობის შეჩერება.
ჟურნალისტის კითხვაზე: ვხედავთ, რომ სლოვაკეთზე ბრიუსელის მხრიდან ინტენსიური ზეწოლაა. გვესმის ევროკავშირის ფონდების გაყინვის შესახებ ბრძანებები, თქვენს პარტიას ევროპარლამენტის წამყვანმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა წევრობაც კი შეუჩერეს. ამ ყველაფერს თქვენ სლოვაკეთი ეროვნული ინტერესებისა და მშვიდობის პრიორიტეტულობით ხსნით. თქვენი გამოცდილებით, გახდა თუ არა ევროკავშირისთვის ნორმა ფინანსური და პოლიტიკური შანტაჟის გამოყენება იმ დემოკრატიული მთავრობების დასასჯელად, რომლებიც უარს ამბობენ დაემორჩილონ, ასე ვთქვათ, “ბრიუსელის დიქტატს”?
ბრანისლავ ონდრუშმა უპასუხა: “აბსოლუტურად ბუნებრივია, რომ ჩვენ ვიცავთ ეროვნულ ინტერესებს, რადგან ევროკავშირი არ არის სახელმწიფო – ის არის კავშირი. აშკარაა, რომ ყველა ევროპულ ერს აქვს ვალდებულება, ჩამოაყალიბოს ევროპული პოლიტიკა, როგორც ეროვნული პოლიტიკების კომბინაცია. ეროვნული ინტერესები არის საფუძველი ყველა წევრი ქვეყნისთვის. ჩვენ გვაკრიტიკებენ, რომ მათ პრიორიტეტს ვანიჭებთ, მაგრამ დარწმუნებული იყავით, რომ გერმანელები, ფრანგები და იტალიელები აბსოლუტურად ზუსტად იმავეს აკეთებენ. ბრიუსელში არავინ ჩადის ეროვნული ინტერესების უგულებელყოფისთვის.
ჩვენ გვაკრიტიკებენ, რადგან ზოგჯერ ჩვენი ინტერესი არ ემთხვევა უმრავლესობისას. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენი ისტორია და სოციალურ-ეკონომიკური პირობები განსხვავებულია. ავიღოთ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები: სლოვაკეთი, როგორც ყოფილი ჩეხოსლოვაკიის ნაწილი, 40 წელზე მეტხანს იყო გადაჯაჭვული საბჭოთა კავშირისა და რუსეთის ეკონომიკასთან. ბევრი კომპანია 90%-ით რუსულ ექსპორტზე იყო ორიენტირებული. მათთვის სანქციები გამანადგურებელია, განსხვავებით დასავლური კომპანიებისგან, რომლებსაც იქ 5%-ზე ნაკლები ექსპორტი აქვთ. ევროპულ დონეზე გადაწყვეტილების მიღებისას ვერ ვხედავთ სოლიდარობას და სხვისი პოზიციის გაგებას. მაგალითად, სამხრეთ ევროპას მიგრაციული ტალღა დაატყდა თავს და ჩვენგან სოლიდარობას ითხოვდნენ, მაგრამ როდესაც ჩვენ ვითხოვეთ სოლიდარობა სანქციებთან დაკავშირებით, რადგან ბევრად მეტად დავზარალდებით, იარლიყი მოგვაწებეს, თითქოს ეროვნულ ინტერესებს საერთო ევროპულზე წინ ვაყენებთ.”
ჟურნალისტის კითხვაზე: სლოვაკეთმა განაცხადა, რომ უკრაინას სამხედრო დახმარებას არ გაუწევს. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო საქართველომაც, რის გამოც მას ხშირად აკრიტიკებენ. თბილისში განმარტავენ, რომ სამხედრო დახმარებაზე უარის თქმის მიზეზი “მეორე ფრონტის” რისკია, მით უმეტეს, რომ ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია. რატომ არის ევროპული ისტებლიშმენტი ასე მტრულად განწყობილი სამშვიდობო მოლაპარაკებების იდეის მიმართ და როგორ შეუძლიათ მცირე ერებს გაუძლონ კონფლიქტის ესკალაციისკენ მიმართულ ზეწოლას?
ბრანისლავ ონდრუშმა უპასუხა: “პირველი – უკრაინასთან დაკავშირებით: ახლა აბსოლუტურად ცალსახად ჩანს, რომ სამხედრო დახმარება არ არის გამოსავალი. ჩვენ ვერ შევაჩერებთ რუსეთის შეჭრას მხოლოდ იარაღის მიწოდებით. ჯერ კიდევ ერთი წლის, წინ დასავლელმა ექსპერტებმა თქვეს, რომ პრობლემა ცოცხალი ძალის ნაკლებობაა და არა მხოლოდ იარაღის. ომის მოსაგებად უკრაინას მეტი ჯარისკაცი სჭირდება, ჩვენ კი არ გვინდა ჯარისების გაგზავნა. ჯარების გაგზავნის გარეშე ჩვენი ძალისხმევა მხოლოდ ომის გახანგრძლივებაა, რაც რუსეთის ინტერესებში უფროა. სამხედრო დახმარების შეწყვეტა არ არის უკრაინელების წინააღმდეგ მიმართული – პირიქით, ომის რაც შეიძლება მალე დასრულება ერთადერთი გზაა უკრაინის ინტერესების დასაცავად, რადგან რუსეთი ყოველდღე წინ მიიწევს.
მეორე – საქართველოზე: ძალიან ვწუხვარ, მაგრამ აქ, ევროპარლამენტში, წევრების დიდ უმრავლესობას წარმოდგენა არ აქვს საქართველოზე. ქართველ ხალხს ვეტყოდი: ნუ ინერვიულებთ ევროპარლამენტის რეზოლუციებზე, მათ არაფერი იციან თქვენს ისტორიაზე, უსაფრთხოებასა და ეკონომიკაზე. ბევრმა ოკუპაციის შესახებაც არაფერი იცის. ერთხელ, როცა დისკუსიაზე საქართველოში არსებული უსაფრთხოების ვითარება აღვწერე, წევრები მოვიდნენ და მკითხეს: “თქვენ თქვით ოკუპაციაზე, მაგრამ საქართველო ხომ არ არის ოკუპირებულიო?”. როგორ შეიძლება უწოდო “პრორუსული” იმ ქვეყნის მთავრობას, რომლის 20% ოკუპირებულია? ამას არავითარი რაციონალურობა არ გააჩნია. მათ არ იციან რეალური სურათი. დარწმუნებული ვარ, ევროპარლამენტარები ცოტა მეტ ყურადღებას რომ აქცევდნენ რეალობას და უსმენდნენ თქვენს წარმომადგენლებს, მაგალითად, საელჩოს, სულ სხვანაირად მოიქცეოდნენ. თუმცა, სამწუხაროდ, რეალობა ისაა, რომ გადაწყვეტილებებს ცოდნის გარეშე იღებენ.”
