იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის გიორგი მიქაუტაძის თქმით, ის ზოგიერთი პოლიტიკოსი და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელიც თავის დროზე იწონებდა საკონსტიტუციო რეფორმებს, დღეს საბჭოს საქმიანობას აკრიტიკებს. ამის შესხებ გიორგი მიქაუტაძემ “ქრონიკის” ეთერში განაცხადა.
მისი განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში ჩარევის შესახებ საუბრის დაწყებამდე აუცილებელია იმის გახსენება, თუ რა რეფორმები და საკანონმდებლო ცვლილებები მივიღეთ წლის ბოლოს. მიქაუტაძის თქმით, მნიშვნელოვანი იყო საკონსტიტუციო რეფორმა, რომელმაც სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის უპრეცედენტო გარანტიები შექმნა.
“დღეს ჩვენ გვესმის ზღვარგადასული კრიტიკა და ეს უკვე შეურაცხყოფაში გადადის და სცილდება კრიტიკის ფარგლებს”, – თქვა გიორგი მიქაუტაძემ და დასძინა, რომ არის მოლოდინი თითქოს იუსტიციის საბჭომ სხვადასხვა პირს უნდა შეუთანხმოს გადაწყვეტილებები და თუ ისინი არ დაემთხვევა მათ მოსაზრებებს ეს გადაწყვეტილებები აღარ უნდა მიიღოს.
“რაც შეეხება კონკრეტულ კანდიდატურებს, ჩვენ თავიდან გვესმოდა კრიტიკა, რომ თურმე საბჭომ კრიტერიუმებისა და რეგულაციების გარეშე მოახდინა კანდიდატების წარდგენა. ამბობდნენ, რომ კრიტერიუმები და რეგულაციები დადგენილი არ იყო. თუმცა როცა ჩვენ ვთქვით, რომ მზად ვიყავით მონაწილეობა მიგვეღო კრიტერიუმების შემუშავებაში და ამით შერჩეულიყო მოსამართლეები, მივიღეთ სხვა სურათი”, – განაცხადა მიქაუტაძემ და დასძინა, რომ ამ მზაობის შემდეგ წამოვიდა სულ სხვა მოთხოვნები, კერძოდ ის რომ საერთოდ აღარ უნდა განხილულიყო წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატთა სია.
მიქაუტაძის განცხადებით, საბჭომ ასევე განაცხადა, რომ თუ რომელიმე კანდიდატის მიმართ კითხვები იყო, მათ შორის მათ მიერ წარსულში განხილულ საქმეებთან დაკავშირებით, ეს კანდიდატები მზად იყვნენ როგორც საპარლამენტო და საკომიტეტო, ასევე ნებისმიერ ფორმატში გამოსულიყვნენ და შეკითხვებზე ეპასუხათ.
“კრიტერიუმები, რომლითაც ვიხელმძღვანელეთ კანდიდატების დასახელებისას იყო ის, რაც არის პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეებისთვის ძალიან დეტალურად გაწერილი. ეს არის კეთილსინდისიერების და კომპეტენტურობის კრიტერიუმები და იგივე კანონი გვავალდებულებს, რომ თუ მოქმედი მოსამართლე გამოდის კონკურსზე აუცილებლად უნდა მოხდეს მის მიერ განხილული საქმეების განხილვა და შემოწმება, საქმეები კი შემთხვევითი გზით შეირჩევა”, – განმარტა გიორგი მიქაუტაძემ და დასძინა, რომ კანონში მეტი კონკრეტიკაა შესატანი.
რაც შეეხება სასამართლო სისტემაში ე.წ. კლანურ მმართველობას, გიორგი მიქაუტაძე ამბობს, რომ ეს სიცრუე და ტყუილი ფაქტებია.
“ჩვენ გყავს ნახევარი სასამართლო კორპუსი უვადოდ გადანიშნული და არანაირი ბერკეტი არ არსებობს უვადოდ გადანიშნის. არ შეიძლება საუბარი იყოს იმაზე, რომ მოსამართლეების 300-კაციანი კორპუსი დამორჩილებულია. ეს არის მტკნარი სიცრუე და მიზანმიმართული კამპანია სასამართლო კორპუსის დასუსტებისთვის, ეს არის მოსამართლეების დანიშვნის პროცესზე გავლენის მოპოვების მცდელობა”, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.
“დღევანდელი მდგომარეობით სასამართლო კორპუსი დამოუკიდებელია ისე, როგორც არასდროს და ეს გარანტიები საქართველოს ახალმა კონსტიტუციამ შექმნა. სასამართლო კორპუსი არის ერთიანი და ძალიან ძლიერი”, – თქვა გიორგი მიქაუტაძემ.