ჩვენთან, ახალგორში, რუსები შემოვიდნენ 14-15 აგვისტოს, როდესაც ფაქტობრივად, უკვე გადაწყვეტილება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებული იყო. ჩვენ არც გვეგონა, რომ შემოვიდოდნენ და დაიკავებდნენ ჩვენს ტერიტორიას, მაგრამ შემოვიდნენ, არავინ გააფრთხილა მოსახლეობა, არც ევაკუაცია განხორციელებულა, – ამის შესახებ ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, გელა შერმადინმა, რომელიც 2004 წლიდან იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალგორის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსად მუშაობდა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, რუსებმა ახალგორის ტერიტორია მას შემდეგ დაიკავეს, როდესაც იგოეთთან ქართული საპოლიციო ძალების მიერ ჩახერგილი გზა „ბეტეერით“ გაარღვიეს. შესაბამისად, ვინაიდან რუსეთის ჯარებმა დაიკავეს ახალგორის შესასვლელი, ყველამ ვერ გამოასწრო და უკან მოუწიათ მიბრუნება.
„ცნობილი ფაქტია, იგოეთთან რომ გადაკეტილი ჰქონდათ ჩვენს საპოლიციო მანქანებს ეს ტერიტორია, იგოეთთან “ბეტეერმა” გაარღვია, გამოიარეს სოფელი ლამისყანა, ახმაჯი და ამოვიდნენ ახალგორში, ხერგილი ჰქვია – ასე ვეძახით ჩვენ და შემდეგ სოფელ ოძისთან განთავსდნენ, ანუ მთლიანად შესასვლელი დაიკავეს, აკონტროლებდნენ შესასვლელ-გამოსასვლელს და შემდეგ, ნელ-ნელა, აბრევის და ორჭოსნის მხრიდან შემოიყვანეს მძიმე ტექნიკა. ეს იყო 14-15 აგვისტო, როდესაც იგოეთში მოხდა ცნობილი ფაქტი, როცა „ბეტეერმა“ გამოარღვია პიკაპები და გადაყარა აქეთ-იქით. ამ პერიოდში შემოვიდნენ. შეიქმნა ისეთი მდგომარეობა, რომ ჩვენთან, ხეობაში იყო შემოსული პატარა სამხედრო დანაყოფები და ხალხი გამორბოდა,“ – აღნიშნა შერმადინმა.
შერმადინის თქმით, მისი ოჯახის უკან მოდიოდნენ ქართველი პოლიციელები, რომლებიც უკან მიბრუნდნენ და ბრძანების თანახმად, ახალგორის პოლიციის შენობაში განლაგდნენ, ხოლო, რუსულ ჯარებთან ერთად შემოსულმა ოსურმა ბანდფორმირებებმა ისინი ტყვედ აიყვანეს. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მოსახლეობა არავის გაუფრთხილებია.
„მეც, ჩემი ოჯახით, ბავშვებით ზუსტად ამ დროს გამოვედი და გამოვასწარით ამ მდგომარეობას, მაგრამ ყველამ ვერ გამოასწრო – უკან დარჩა მოსახლეობა და რადგან რუსებმა გამოსასვლელი გადაკეტეს, უკან მიტრიალდნენ. ჩვენს უკან მოდიოდნენ პოლიციელები და უკან მიტრიალდნენ, როგორც ვიცი, როდესაც ახალგორში შევიდნენ, მათ ბრძანება ჰქონდათ რომ უნდა ყოფილიყვნენ პოლიციის შენობაში, მერე რუსის ჯარებს ოსური ბანდფორმირებები შემოჰყვნენ და ამ ბანდფორმირებებმა დააკავეს და ტყვედ ჩაიგდეს ეს პოლიციელები – ქართველი პოლიციელები 10-15 ადამიანი ჰყავდათ დაკავებული ამ ოსურ ბანდფორმირებებს.
გაფრთხილება არ იყო – ყოველდღიურად ელოდა მოსახლეობა, რომ ვიღაც რაღაცას ეტყოდა, მეც არ ვიცოდი, რა მდგომარეობა იყო. მირეკავდნენ, მეკითხებოდნენ მაგრამ მართლა არანაირი ინფორმაცია არ მქონდა. როგორც ვიცი, ადგილობრივ ხელისუფლებასაც არ ჰქონდა არანაირი ინფორმაცია და არ იყო მოსახლეობა გაფრთხილებული. ვინც ვერ მოასწრო გამოსვლა, შემოვლით გზებზე – მთებზე, ტყეებზე გადმოვიდნენ ბავშვები და მოხუცები.“ – განაცხადა გელა შერმადინმა.