ალბათ გახსოვთ, 2007 წლის 7 ნოემბერს „დემოკრატიის შუქურა“ სააკაშვილმა დემოკრატიის სახელით ფიზიკურად დაარბია და დახურა ტელეკომპანია „იმედი“ იმ საბაბით, რომ ის ავრცელებდა დეზინფორმაციას. 2026 წლის 24 თებერვალს დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ სანქციების დაწესებით ფინანსურად დაარბია და ფაქტობრივად დახურა ტელეკომპანიები „იმედი“ და „POSTV“ იმ საბაბით, რომ ისინი ავრცელებდნენ დეზინფორმაციას, – წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე.
„მე-19 წელს განმეორებული 7 ნოემბერი
ალბათ გახსოვთ, 2007 წლის 7 ნოემბერს „დემოკრატიის შუქურა“ სააკაშვილმა დემოკრატიის სახელით ფიზიკურად დაარბია და დახურა ტელეკომპანია „იმედი“ იმ საბაბით, რომ ის ავრცელებდა დეზინფორმაციას.
2026 წლის 24 თებერვალს დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ სანქციების დაწესებით ფინანსურად დაარბია და ფაქტობრივად დახურა ტელეკომპანიები „იმედი“ და „POSTV“ იმ საბაბით, რომ ისინი ავრცელებდნენ დეზინფორმაციას.
კონკრეტულად: „ისინი ავრცელებენ განზრახ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ ძირითადად საქართველოში მყოფ აუდიტორიაში, ინფორმაციას, რაც მხარს უჭერს ან ხელს უწყობს პოლიტიკას ან ქმედებას, რომელიც ახდენს უკრაინის დესტაბილიზაციას ან ძირს უთხრის, ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს ან დამოუკიდებლობას“.
თავი დავანებოთ იმ აბსურდს, თუ როგორ შეუძლია საქართველოს აუდიტორიაზე მაუწყებელმა საინფორმაციო საშუალებამ მოახდინოს “უკრაინის დესტაბილიზაცია და ძირი გამოუთხაროს ან საფრთხე შეუქმნას უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს ან დამოუკიდებლობას“.
ვცადოთ მხოლოდ იმის გარკვევა, თუ რას გულისხმობენ ბრიტანელი დამსანქციერებლები განზრახ შეცდომაში შემყვან ინფორმაციაში. მაგალითად: ეს ტელევიზიები ახმოვანებდნენ რუსეთის ხელისუფლების პოზიციას 2022 წლის 24 თებერვლას უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით.
კერძოდ, რუსული მხარის მტკიცებით, უკრაინაში ომის (მათი ტერმინოლოგიით – „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“) დაწყების მიზეზი იყო უკრაინაში მომხდარი 2014 წლის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში (დონბასში) მცხოვრები რუსულენოვანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული მასობრივი რეპრესიები და იქ ჩატარებული ეთნიკური წმენდა.
ამ საკითხთან დაკავშირებით „იმედი“ და „POSTV“ ასევე ახმოვანებდნენ უკრაინული მხარის პოზიციას, რომლის მიხედვითაც, რუსეთის უკრაინაში შეჭრის ერთადერთი მიზანი იყო უკრაინის სახელმწიფოს განადგურება, მისი დემოკრატიულად არჩეული და დამოუკიდებლობის დამცველი მთავრობის დამხობა.
ვინაიდან ვერავინ იტყვის, რომ ეს ორივე პოზიცია ამ ტელეკომპანიების მიერ დაფიქსირებული არ იყო, რჩება ერთადერთი დასკვნა:
ისინი დასანქცირდნენ იმიტომ, რომ ამ ყველაფერს ცალმხრივად, მხოლოდ უკრაინული მხარის პოზიციის ჩვენებით არ აშუქებდნენ და რუსული მხარის პოზიციასაც აცნობდნენ თავის მაყურებელს.
ყველა ომში ხდება დანაშაულები ადამიანობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ, რის შესახებაც ეს ტელეკომპანიები ორივე მხარისაგან მიღებულ ინფორმაციებს ავრცელებდ-ნენ.
აშკარაა, რომ ისინი სწორედ იმის გამო დასანქცირდნენ, რომ ცალმხრივად არ აშუქებდნენ მხოლოდ ერთი მხარის მიერ ჩადენილ არაადამიანურ ქმედებებს და მეორე მხარის მიერ ანალოგიურ ქმედებებზეც ამახვილებდნენ ყურადღებას. ეს კი მათ დანაშაულად ჩაუთვალეს, რადგან მსხვერპლისა და მოძალადის მიმართ ერთნარი ობიექტური მიდგომა არ უნდა ყოფილიყო და პოლიტიკური მიკერძოების გამო მხოლოდ ნახევრად სიმართლე უნდა მიეწოდებინათ საზოგადოებისთვის.
როდესაც ვიღაცეები აღფრთოვანებულები ქადაგებდნენ, რომ უკრაინა იმარჯვებს და მალე წითელ მოედანზე და კრემლზე უკრაინულ დროშებს ვიხილავთო, ამ ინფორმაციებთან ერთად ეს ტელეკომპანიები ომის რეალურ სურათსაც აჩვენებდნენ საზოგადოებას და რუსეთის არმიის მიერ სხვადასხვა უკრაინული ტერიტორიების დაკავების ფაქტებსაც აჩვენებდნენ, რაც, როგორც ჩანს, დამსანქციენერებელმა ბრიტანელებმა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისათვის ძირის გამოთხრად შეაფასეს.
იმის ჩვენებაც, რომ ცალკეული უკრაინელი მებრძოლების გმირობის პარალელურად უკრაინაში ასი ათასობით დეზერტირი და სამშობლოდან გაქცეული ახალგაზრდაა, რომ უკრაინის ქუჩებში, რესტორნებში და სხვადასხვა დაწესებულებებში ძალის გამოყენებით იჭერენ ასეთებს და იძულების წესით აგზავნიან ფრონტზე, დამსანქციერებელი ბრიტანელების აზრით, ახდენს „უკრაინის დესტაბილიზაციას“.
კიდევ ძალიან ბევრი მაგალითი შეიძლება მოვიძიოთ, რომელსაც ამ ტელეკომპანიებს უკრაინის საწინააღმდეგოდ მიმართულ „დეზინფორმაციად“ უთვლიან.
ამისათვის ისიც საკმარისია, რომ არც მათ და არც მათ მაყურებლებს უსიტყვოდ არ სჯერათ უკრაინის დღევანდელი პრეზიდენტის შეუმცდარობის, სიმამაცის, გმირობის და სამართლიანობის.
უპირობოდ არ იწონებენ მის მიერ ჩვენი ქვეყნის მიმართ გამოვლენილ უპატივცემულობას და უმადურობას, არ წარმოაჩენენ უკრაინას, როგორც დემოკრატიის და სამართლიანობის კუთხით სანიმუშო ქვეყანას, ხანდახან ამ კუთხით საქართველოს უკრაინასთან გატოლებასაც კი ბედავენ და ცდილობენ დაამტკიცონ, რომ ჩვენი ქვეყანა ბევრ სფეროში განვითარების, წესრიგის, სტაბილურობის, გამჭვირვალობისა და სხვა კუთხით არა მხოლოდ ევროპის ზოგიერთ ქვეყანას, არამედ უკრაინასაც კი უსწრებს.
როგორც ჩანს, ესეც „რუსული ნარატივის“ გავრცელებად და უკრაინისათვის დესტაბილიზაციის საფრთხის შექმნად ჩაუთვალეს ამ ტელეკომპანიებს.
მოკლედ, საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე ჰიბრიდული ომის ფარგლებში ყველაფერი მოსულა.
დემოკრატიის სახელით შეიძლება პროცესების ყველა მხრიდან გაშუქებას და ყველა მხარის პოზიციის დაფიქსირებას დაარქვა ანტიდემოკრატიული ქმედება ან „რუსული ნარატივი“ და მოითხოვო ასეთი მედიასაშუალების დასანქცირება.
ერთი სიტყვით, როგორც ბოლშევიკები ცალმხრივი პროპაგანდის და მხოლოდ ერთი მხარის პოზიციის დაფიქსირების გზით ახერხებდნენ მასების ტვინების გამორეცხვას, როგორც ისინი ეძახდნენ მათთვის მიუღებელი პოზიციების გაჟღერებას მტრული ძალების ბრძოლას „ყველაზე დემოკრატიული და ყველაზე ჰუმანური“ საბჭოთა წყობილების წინააღმდეგ, ისე დასავლური დემოკრატიის დამცველი დღევანდელი ცენზორები აზრისა და სიტყვის გამოხატვის წინააღმდეგ მათ მიერ გამოყენებულ ფაშისტურ- ბოლშევიკურ მეთოდებს ეძახიან იმ დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლას, რომელიც „ძირს უთხრის, ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს ან დამოუკიდებლობას“.
ამიტომ, როგორც ფაშისტურ-ბოლშევიკურ გარემოში დაუშვებელი იყო ერთადერთი „სწორი და სამართლიანი“ პოზიციის საწინააღმდეგო საინფორმაციო საშუალების არსებობა, ისევე უნდა ამოიშანთოს „დასავლური დემოკრატიისათვის“ მიუღებელი ყველა მედია, ვისაც ეჭვი შეაქვს „სამოთხის ბაღის“ სტერილურობაში, ვინც შეიძლება ამხელდეს იქ მყოფთა ფარისევლობას და სიჩლუნგეს.
განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ თავის ოპონენტებს ბოლშევიკები პირდაპირ ციხეში სვამდნენ ან ხოცავდნენ, დღევანდელი დემოკრატიის შუქურები კი მიუღებელი მედიების „მხოლოდ“ ფინანსურად განადგურებას ჯერდებიან.
მათეული „დემოკრატია და თანასწორობა“ ყოფილა ისიც, რომ დიდ და ძლიერ ქვეყანას შეუძლია ნებისმიერი პატარა ქვეყნის მათთვის მიუღებელი მედიასაშუალებების დახურვაც და მთავრობების შეცვლაც. ამ ყველაფრის მიზანი ისიც არის, რომ „ედემის ბაღის“ ბინადრებს ცალმხრივად შეეძლოთ ისე მოქცევა, რისთვისაც სხვა ქვეყნებს ამხელენ.
მაგალითად, შეეძლოთ სხვების კრიტიკა და მიწასთან გასწორება რუსეთთან ვაჭრობისთვის,
ხოლო თვითონ ასჯერ უფრო დიდი მასშტაბით აკეთებდნენ ამას,
პატარა ქვეყნების დასჯა და დასანქცირება “დემოკრატიულ უკუსვლად“ მიჩნეული კანონების მიღებისთვის ან საპროტესტო აქციების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენებისთვის,
ხოლო თვითონ იგივეს ან უარესს აკეთებდნენ.
ყველაზე ცუდი ამ ყველაფერში ის არის, რომ მათი აქაური აგენტურა შეგნებულად (ზოგი შეუგნებლადაც) საკუთარ სამშობლოზე წინ მათი დამფინანსებლების ინტერესებს აყენებს და არც კი ფიქრობენ, რომ ხვალ შეიძლება მათი სამშობლო ბოლომდე გაიწიროს, თუ ეს მათი დამფინანსებელი ქვეყნებისთვის უფრო მომგებიანი იქნება.
ბოლოს, ძალიან დამაფიქრებელ ორ მაგალითს მოვიყვანთ:
1. დღეს აშშ-ც და მის ჯინაზე გერმანიაც კომუნისტურ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებაში ერთმანეთს ეჯიბრებიან;
2. სულ რამდენიმე დღის წინ აშშ-ში უკრაინის ელჩმა განაცხადა, როდესაც ჩვენ რუსეთის ნოვოროსიისკის პორტი დავბომბეთ, აშშ-მ გვისაყვედურა, მეორედ ეს აღარ გაბედოთ, რადგან იქ ჩვენი ეკონომიკური ინტერესებიაო.
ვფიქრობ, გამგები გაიგებს, რომ ყველა ქვეყანა საკუთარ ინტერესებს აყენებს წინა პლანზე და თუ დასჭირდათ, შეიძლება სხვა ქვეყანა თავის ინტერესებს ხურდაში მიაყოლონ“, – წერს ნანა კაკაბაძე.
