ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე პრეზიდენტის რიგ გადაწყვეტილებებს უცნაურს უწოდებს და აცხადებს, რომ გიორგი მარგველაშვილი ყველასთან კომფორტულად გრძნობს თავს, გარდა იმ პოლიტიკური ძალისა, რომელიც ის პრეზიდენტის თანამდებობაზე მოიყვანა.
მანანა კობახიძე, “ქართული ოცნება:
– პრეზიდენტს თავისი შეხედულებები აქვს მთავრობაზეც, „ქართულ ოცნებაზეც“ და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზეც. მის გადაწყვეტილებებში ხშირად არათანმიმდევრულობასაც ვხედავთ. მაგალითად, ვანო მაჭავარიანი ჯერ გაათავისუფლა, ახლა წინასაარჩევნო პერიოდში ისევ დააბრუნა, თუმცა ამ შუალედში მაჭავარიანმა პაატა ბურჭულაძესთანაც მოასწრო შევლა. ასეთი გადაწყვეტილებები ნამდვილად ტოვებს უცნაურობის შთაბეჭდილებას. პრეზიდენტი კეთილგანწყობით ხვდება ყველა პოლიტიკურ ძალას, მათ შორის თავის ძველ მეგობარს, გიგა ბოკერიას და ამ დროს კრიტიკულად არის განწყობილი სწორედ იმ გუნდისა და იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც ის პრეზიდენტის პოსტზე მოიყვანა. რატომღაც, ბატონი პრეზიდენტი ყველასთან კომფორტულად გრძნობს თავს, გარდა „ქართული ოცნებისა“.
– ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ პრობლემა თქვენშია და არა პრეზიდენტში?
– ჩვენ შორის პრობლემა წარმოიშვა ძალიან კონკრეტულ თემაზე. მან თავის პრინციპულ დაპირებას გადაუხვია, როდესაც უარი თქვა იმ ჯოჯოხეთური სასახლის დატოვებაზე. ის ამბობდა, რომ სასახლეში, რომელიც სააკაშვილის სახელსა და უამრავ დანაშაულს უკავშირდება, არასდროს შევიდოდა და რომ მას ამხელა რეზიდენცია არ სჭირდებოდა, თუმცა უკვე პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მან პოზიცია შეცვალა, რაც გახდა პირველი უთანხმოების საფუძველი. ამის შემდეგ იყო შენიშვნები შენიშვნებისთვის, ვეტო ვეტოსთვის. მე არ ვაკნინებ პრეზიდენტის ფუნქციებს, ის უნდა იყოს მთელი ქვეყნის პრეზიდენტი, მაგრამ მიკერძოებულიც არ უნდა იყოს რომელიმე ოპოზიციური ჯგუფის მიმართ. რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით მისი ადმინისტრაციის შეფასებას, მე მგონია, რომ ეს პოზიცია მას შემდეგ გაჟღერდა, რაც დახურულ კარს მიღმა შეხვდა გიგა ბოკერიას. ეს არ იყო ის განცხადება, რომელზეც პრეზიდენტს სამი დღე დასჭირდებოდა ფიქრისთვის.
– ანუ პრეზიდენტის ამ პოზიციაში გიგა ბოკერიას გავლენას ხედავთ?
– მე არ ვიცი, რას ემსახურებოდა გიგა ბოკერიასთან აუდიენცია, მაგრამ ფაქტია, რომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე განცხადება სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გაკეთდა. უცნაურია, რომ პრეზიდენტი ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით საუბრობს გარკვეული ჩინოსნების დასჯაზე, რაც არანაირად არ წერია სტრასბურგის გადაწყვეტილებაში. რასაც გვავალებს ევროსასამართლო, ჩვენ იმას აღვასრულებთ. დიახ, გამოსაძიებელია კონკრეტული საქმე? ასეც მოვიქცევით, მაგრამ ვინმეს დასჯას შემდეგ გადავწყვეთ, თუ რაიმე დანაშაული, ან გადაცდომა გამოიკვეთება. არავინ ვანო მერაბიშვილს პოლიტიკურ პატიმრად არ მიიჩნევს, არც საქართველოში და არც ევროსასამართლოში, პირიქით, გადაწყვეტილებაში შავით თეთრზე წერია, რომ პატიმრობა იყო კანონიერი.
გაზეთი “პრაიმტაიმი”