“საქართველო ახალ მოიერიშე თვითმფრინავს, “ჯე-31 ბორა”-ს 2020 წლისთვის ამზადებს, რომელიც “სუ-25”-ის განახლებული ვერსია იქნება და პროექტის წარმატებული რეალიზების შემთხვევაში, შესაძლოა ითქვას, რომ ის ისეთივე მოთხოვნადი იქნება, როგორიც “სუ-25”-ია. საქართველოსთვის კი ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი შენაძენი იქნება, როგორც სამხედრო მრეწველობისთვის, ასევე სამუშაო ადგილების შექმნასა და სახელმწიფო ბიუჯეტისთვისაც”, – წერს გაზეთი“რეზონანსი” სტატიაში სათაურით ქართულ მოიერიშე “ბორაზე” უკვე დიდი მოთხოვნაა – რომელ ქვეყნებს სურთ თვითმფრინავის შეძენა.
“საქართველო არის მოიერიშე თვითმფრინავების მწარმოებელი ქვეყანა. საბჭოთა პერიოდიდან “სუ-25”-ის მწარმოებელი ოფიციალურად “თბილავიამშენია”. ახალი თვითმფრინავი იქნება, ფაქტობრივად, “სუ-25”-ის განახლებული ვერსია, რომელსაც ექნება გაცილებით თანამედროვე ავიაონიკა და განახლებული ძრავები. ქარხანა აქტიურად მოშაობს ამ თემასთან დაკავშირებით. ახალი ქართული თვითმფრინავი ისეთივე მოთხოვნადი იქნება, როგორი მოთხოვნადიც არის მსოფილიოში “სუ-25” – ასე რომ, შესაძლებელია კონკურენციის გაწევა თავის კლასში, ვგულისხმობ უშუალო საავიაციო მხარდაჭერის თვითმფრინავებს, როგორიც „სუ-25” არის… კონკრეტულად სამხედრო თვალსაზრისით, თავდაცვის სამინისტროს ავიაციის განვითარების საკითხში არ ვეთანხმები, თუმცა რაც შეეხება ზოგადად ქვეყნისთვის სარგებელს, ეს არის სამხედრო მრეწველობის მაღალი ტექნოლოგიების განვითარება, სამუშაო ადგილები და ბიუჯეტში შენატანი” – აღნიშნავს გამოცემასთან საუბრისას ბრიგადის გენერალი და ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე. მან ”თბილავიამშენს” წარმატება უსურვა და დასძინა, რომ წარმოება-მრეწველობის თვალსაზრისით, სამხედრო სფერო და მაღალი ტექნოლოგიები მნიშვნელოვანია, რისკენ სვლაც აუცილებელია”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ახალი თვითმფრინავის კონსტრუქტორი არის ალექსანდრე ქართველიშვილი, “სუ-25”-იც ჩვენია. ამ შემთხვევაში მაინტერესებს, თუ რამდენად წარმატებით დაასრულებს “თბილავიამშენი” დაწყებულ სამუშაოებს, რაშიც მინდა მათ წარმატებები ვუსურვო. ზოგადად, წარმოება-მრეწველობა განსაკუთრებით სამხედრო სფერო და მაღალი ტექნოლოგიები ძალიან მნიშვნელოვანია” – განაცხადა ამირან სალუქვაძემ. “თბილავიმშენის” დირექტორმა ნოდარ ბერიძემ განაცხადა, რომ რამდენიმე ქვეყანასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები ძრავის შერჩევის მიზნით და ასევე დასძინა, რომ ახალ თვითმფრინავში რუსული წარმოების არც ერთი დეტალი არ უნდა იყოს. კომპანიის დირექტორმა ახალი თვითმფრინავის ღირებულებაზეც ისაუბრა, რომელიც 20 მილიონი დოლარი იქნება და აღნიშნა, რომ არსებობენ პოტენციური დამკვეთები არაბულ ქვეყნებში, აზიაში, ევროპასა და აფრიკაში, – აღნიშნულ ინფორმაციას “ბი.ემ.ჯი” ავრცელებს”, – განაგრძობს გამოცემა.
“მოიაზრება სხვადასხვა ქვეყნის წარმოების ძრავები, მათ შორის ფრანგული, ამერიკული. ეს იქნება “სუ 25”-ის მოდერნიზებული ვერსია, თუმცა, გვინდა, რომ ამ საბრძოლო თვითმფრინავში არცერთი დეტალი არ იყოს რუსული წარმოების. სხვათა შორის, “ბორა” ქართული სიტყვაა და ნიშნავს, როგორც ძლიერ ჩრდილოეთის ქარს, ასევე ქორისებრთა ჯიშის ფრინველის სახელწოდებაცაა, სწორედ აქედან გამომდინარე შევურჩიეთ ეს სახელი თვითმფრინავს. ციფრი 31 კი “თბილავიამშენის” საპატივცემოდაა შერჩეული, რაც თავისთავად 31-ე საავიაციო ქარხანას მოიაზრებს. “თბილავიამშენის” ქარხანა მოიერიშე “სუ 25”-ებს 1979 წლიდან უშვებს და დღესდღეობით ამ ტიპის თვითმფინავების ერთადერთი მწარმოებელია. მას 1000-ზე მეტი აღნიშნული ტიპის მოიერიშე აქვს დამზადებული. კომპანია ერთადგილიან და ორადგილიან სუ-25-ეს აწარმოებს, ასევე იღებს შეკვეთებს მათ კაპიტალურ რემონტზე და მოდერნიზებაზე”, – განუცხადა ნოდარ ბერიძემ ბი.ემ.ჯი-ს. მისივე განმარტებით, ქარხანაში ასევე საბრძოლო ვერტმფრენების მი-8, მი-17-ის და მი-მ-24 -ის კაპიტალურ რემონტსაც ატარებენ”, – დასძენს გამოცემა.