“ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების გადაწყვეტილებით, დანარჩენ საქართველოსთან ჩაკეტილი ე.წ. საზღვრების გამო თითქმის ორი კვირაა, ოკუპირებულ რეგიონებში მოსახლეობა უმძიმეს მდგომარეობაშია. მძიმე ჰუმანიტარული პრობლემების გამო გალის რაიონის მოსახლეობამ ოთხშაბათს დე ფაქტო ადმინისტრაციის შენობის წინ საპროტესტო აქციაც გამართა ენგურის ხიდის გახსნის მოთხოვნით, თუმცა მათ დე ფაქტო “გამგებელმა” თემურ ნადარაიამ განუცხადა, რომ აფხაზეთში “ღორის გრიპის” გავრცელებას არ დაუშვებენ და ამიტომაც ვერ გახსნიან “საზღვარს”. აკრძალული მიმოსვლის შედეგად ადგილობრივ ქართულ მოსახლეობას არც სასწავლებლად, არც პროდუქტების საყიდლად და, რაც ყველაზე გადაუდებელია, არც სამკურნალოდ არ უშვებენ. ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის გამო ყველაზე დიდი პრობლემები ცხინვალის რეგიონს შეექმნა, რადგან, ახალგორის ე.წ. გამშვები პუნქტის დახურვის გარდა, დიდთოვლობის გამო 2 კვირაზე მეტია, ჩაკეტილია ტრანსკავკასიური მაგისტრალი, რომელიც არის ერთადერთი დამაკავშირებელი გზა ცხინვალსა და რუსეთს შორის”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით გალსა და ცხინვალის რეგიონში ჰუმანიტარული მდგომარეობა კრიტიკულია – ხალხი აქციებს მართავს.
“ცხინვალის რეგიონი ორმხრივ ბლოკადაში მოექცა, რის გამოც საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების შეტანა შეწყდა და მაღაზიები და აფთიაქები სანახევროდ დაიცალა. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სეპარატისტულმა ხელისუფლებებმა დანარჩენ საქართველოსთან მიმოსვლა 11 იანვარს ჩაკეტეს, წინასწარი განცხადებით – 2 თვით და მიზეზად დასახელდა ის, რომ “საქართველოდან ე.წ. ღორის გრიპის ვირუსის გავრცელების რისკი არსებობს”. ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, რამდენი ხნით გაახანგრძლივებს დე ფაქტო ხელისუფლებები ამ კარანტინს. დიდთოვლობის გამო ჩაკეტილი როკის გვირაბისა და ე.წ. ღორის გრიპის გავრცელების თავიდან აცილების მიზეზით ჩაკეტილი ახალგორის ე.წ. გამშვები პუნქტის გამო ცხინვალის რეგიონი 12 იანვრიდან ორმხრივ ბლოკადაშია და მაღაზიების დახლებიდან ნელ-ნელა ქრება ხორცეული, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და ხილი. დაცარიელებულ დახლებსა და საკვები პროდუქტების დიდ დეფიციტზე ადგილობრივი ოსური მედიაც წერს. ოსები ვერ ახერხებენ ვლადიკავკაზში სამკურნალოდ წასვლას, რაც ასევე დიდი პრობლემაა მათთვის და “ფეისბუკში” წერენ, რომ ცხინვალის ექიმების იმედი არ აქვთ. ადგილობრივი ოსების ნაწილი ცარიელი დახლების გამო უკმაყოფილებას არ მალავს, მეორე ნაწილი კი ამ უკმაყოფილო თანამემამულეებს ამუნათებს და აცხადებს, რომ მათ გადაიტანეს ომი, ათწლეულის განმავლობაში ბლოკადით იტანჯებოდნენ და გაუძლეს, ამიტომაც ახლა ამ რამდენიმედღიან გზის ჩაკეტვასაც გაუძლებენ”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ახალგორთან “ჩაკეტილი საზღვრის” გამო დიდი პრობლემები შეექმნა ახალგორის ქართულ მოსახლეობას, რადგან სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლები უარს აცხადებენ ახალგორის ე.წ. საზღვარზე გაატარონ ადამიანები, მათ შორის – ვირუსული ინფექციით დაავადებული ბავშვებიც კი. ახალგორის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი ამბობს, რომ “ორი კვირაა, რაც ჩაკეტილია ე.წ. საზღვარი და ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ერთი შემთხვევა იყო, როცა გაატარეს 3 ადამიანი წინა კვირას გასვენებაში, გარდაცვლილის შვილები და რძალი და შემდეგ ისინი ისევ უკან გამოატარეს. დანარჩენი, არავინ არ გაუშვიათ. ავადმყოფებსაც კი არ უშვებენ”. მისი თქმით, ცხინვალის რეჟიმი ადრეც რამდენიმე დღით კეტავდა ხოლმე ე.წ. საზღვარს, ძირითადად – დღესასწაულებთან დაკავშირებით, მაგრამ ასეთ დღეებშიც კი ავადმყოფების გამოტარება ხდებოდა, ახლა კი ამ ვითომ ვირუსის გავრცელების საფრთხის მომიზეზებით, ავადმყოფებიც ბლოკადაში მოაქციეს, რაც ძალიან არაადამიანური გადაწყვეტილებაა”, – განაგრძობს გამოცემა.
“ამოიწურა როგორც მედიკამენტების მარაგი, ასევე სურსათი. ახალგორში რამდენიმე აფთიაქია, რაღაც პატარა ჯიხური და წამლები თითქმის აღარ აქვთ. ასევე ცარიელია სურსათის დახლები, რადგან ახალგორში სურსათი თბილისიდან შედიოდა და შემდეგ ეს სურსათი ცხინვალშიც მიჰქონდათ. ამიტომ მოსახლეობა პანიკაში ჩავარდა, თუ რამე იყო, შეიძინეს მარაგის გასაკეთებლად. ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ავადმყოფებსაც არ უშვებენ. ორი ბავშვი იყო ცუდად, ვირუსული ინფექციის ნიშნებით, მაგრამ აქეთ გადმოყვანის საშუალება არ მისცეს მშობლებს და იძულებული გახდნენ, ისინი ცხინვალის საავადმყოფოში გადაეყვანათ, თუმცა ცხინვალში არც შესაბამისი კვალიფიციური კადრები ჰყავთ და არც შესაბამისი მკურნალობის პირობები აქვთ. ასევე, ორშაბათს წეროვანში დევნილებისათვის “ოფთალმიჯის” მიერ თვალის ოპერაცია იყო დაგეგმილი, რომელიც უფასოდ ტარდება. 15 პაციენტიდან 5 ადამიანი ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩა და ვერ შეძლო ოპერაციის გაკეთება. მიმოსვლის ჩაკეტვა არაჰუმანური, არაადამიანური გადაწყვეტილებაა. ამით ზარალდებიან არა მარტო იქ მცხოვრები ქართველები, არამედ – ოსებიც. “ღორის გრიპის” მიზეზით მიმოსვლის ჩაკეტვა მხოლოდ საბაბია, მაგალითად, ახალგორში მუშაობენ პედაგოგები, სამედიცინო მუშაკები, რომლებიც ხშირად დადიან ახალგორიდან წეროვანის დევნილთა დასახლებაში. ახლა, ამ ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის გამო ბევრი მათგანი ახალგორში არ შეუშვეს და დიდია ალბათობა, ამ ადამიანებს განუცხადონ, რადგან ეს დღეები სამსახურს აცდენდით, გათავისუფლებული ხართო. ამის შიში აქვთ ახალგორელებს”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნუგზარ თინიკაშვილი.
“ჩაკეტილი ენგურის ხიდის გამო პრობლემების საჯაროდ გაპროტესტება დაიწყო გალის მოსახლეობამ. მოსახლეობამ საპროტესტო აქცია ოთხშაბათს მოაწყო გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის შენობასთან. აფხაზური მედიის ცნობით, გამშვები პუნქტის ჩაკეტვა არასასიამოვნო სიახლე გახდა გალის რაიონის მცხოვრებლებისათვის, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით კვეთენ ენგურს – ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე სამუშაოდ, სასწავლებლად, სამკურნალოდ, სოციალური დახმარებებისათვის თუ სავაჭროდ. ენგურის ჩაკეტვის გამო გალის ბაზარში ფასებიც მკვეთრად გაიზარდა და ამ ყველაფრის გამო გალის მოსახლეობამ, დაახლოებით 80-მა ადამიანმა აქცია მოაწყო. ადგილობრივი მედია წერს, რომ მომიტინგეებს შეხვდა “გალის ადმინისტრაციის უფროსი” თემურ ნადარაია და მათ განუცხადა, რომ მიმოსვლა “ღორის გრიპის” გავრცელების თავიდან ასაცილებლად ჩაიკეტა. “აუცილებელია ვიცოდეთ, ეს ზომები მივიღეთ იმიტომ, რომ აფხაზეთში “ღორის” გრიპის გავრცელება არ დავუშვათ. შეგახსენებთ, რომ 2016 წელს აფხაზეთში რ1#1 ვირუსისაგან ოთხი ადამიანი დაიღუპა”, – განუცხადა ნადარაიამ ადგილობრივებს. სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელი ალექსანდრე ჩიკვაიძე ამბობს, რომ ენგურის ხიდზე ატარებენ მხოლოდ და მხოლოდ “ენგურჰესის” თანამშრომლებს, იმ ადამიანებს, ვინც მიწვევით იყვნენ აფხაზეთში და იმ მძიმე დაავადების მქონე პაციენტებს, რომლებიც თბილისში მკურნალობენ, მაგალითად, ვისაც ქიმიოთერაპია ან დიალიზის კურსი სჭირდებათ”, – დასძენს გამოცემა.
“გალში პროდუქტი ძირითადად ზუგდიდიდან შედიოდა, ახლა კი 2 კვირაა, შეტანა შეწყდა, რის გამოც გალში ფასებმა მკვეთრად იმატა და ეს ადგილობრივებისათვის ძალიან მძიმეა. ახლა რუსეთიდან შეაქვთ პროდუქტები, მაგრამ რუსეთიდან შემოტანილი ძვირია. ძალიან დიდი პრობლემა შეექმნა მათ, ვინც ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე სწავლობს, ამიტომაც ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ვინც გალში ჩარჩა, მათ დაეხმაროს, მათთვის გამოცდები გადაიდოს და არც ჯარიმები დაეკისროთ. პრობლემა შეექმნათ პრობაციონერებსაც და უწყებებს ესეც ეცნობათ. როდის გაიხსნება მიმოსვლა, ჯერ უცნობია. საუბარი იყო, რომ 21-ში უნდა გახსნილიყო, მაგრამ არ გაიხსნა. ხან ერთ თვეს იძახიან, ხან – ერთ კვირას, თავადაც არ იციან. გალში აქციისას ამის გარკვევაც სურდათ, თუმცა პასუხი ვერ მიიღეს”, – ამბობს გამოცემასთან საუბრისას ალექსანდრე ჩიკვაიძე.