“ბოლო დროს არასრულწლოვნების სუიციდის მიზეზი სკოლაში თანატოლების მიერ ჩაგვრა და ბულინგი ხდება. ასევე, ხშირია სოციალური ქსელებით შანტაჟი და დაცინვა, ხოლო სირცხვილის და შიშის გამო მოზარდების ფსიქიკური მდგომარეობა მძიმდება, რაც თვითმკვლელობისკენ უბიძგებს. ფსიქოლოგები კი ამბობენ, რომ მასწავლებლების და მშობლების მხრიდან პრობლემის უგულვებელყოფის გამო, სიტუაცია ხშირად სავალალო შედეგით სრულდება.”, – წერს გაზეთი “რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ბულინგი სკოლებში, რომლესაც მასწავლებლები არ იმჩნევენ: 15 წლის გოგონამ დაცინვის გამო სუიციდი სცადა
“სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე თბილისის ერთ-ერთ სკოლაში. 28 თებერვალს დილით სკოლაში მისულმა მოზარდმა ბულინგის შემდეგ, სუიციდი სცადა. მე- 9 კლასელებს შორის დაპირისპირება, ერთ- ერთი მოსწავლის მიერ, მისი თანაკლასელის დაცინვით და დამცირებით დაიწყო. ბულინგი რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა, 15 წლის გოგონამ, ზეწოლას ვერ გაუძლო და სკოლის ეზოში მედიკამენტები დალია. 15 წლის გოგონას სუიციდის მცდელობის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მან თანაკლასელს მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა, სადაც ეწერა, რომ წამლები დალია და თავს შეუძლოდ გრძნობდა. “მოუვიდა მის თანაკლასელს მესიჯად, რომ რაღაც წამალი მივიღე და ცუდად ვარო. მაშინვე მანდატურის სამსახური და კლასელები გავიყოლეთ ჩვენ და სკოლის ტერიტორიის მიღმა ვნახეთ ბავშვი რომელსაც ხელში ეკავა წამალი. დავუძახეთ სასწრაფო დახმარებას. ოპერატიულად მოვიდნენ და გადაიყვანეს ბავშვი იაშვილის კლინიკაში,“ – აცხადებს სკოლის მასწავლებელი. საქმეში ფსიქოლოგები და სოციალური აგენტები ჩაერთვებიან“, – აღნიშნავს გამოცემა.
“ტოქსიკოლოგი მარიამ პეტრიაშვილი აცხადებს, რომ გოგონას სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. მისი თქმით, გოგონა საუბარში ადასტურებს ინფორმაციას, რომ მან წამლების დალევა თანაკლასელთან ჩხუბის გამო გადაწყვიტა. 28 თებერვალს დილის საათებში შემოყვანილია 15 წლის გოგონა, რომელსაც მეგობართან კამათის შემდეგ მიღებული აქვს ანტიჰიპერტენზიული მოქმედების პრეპარატი. ამ ეტაპზე ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია. სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ბავშვს გავესაუბრე, სავარაუდოდ, შესაშინებლად აქვს მიღებული აბები თანაკლასელთან კამათის შემდეგ,“ – განაცხადა ტოქსიკოლოგმა მარინა პეტრიაშვილმა. ამ ფაქტის შემდეგ “რეზონანსი” დაინტერესდა, რამდენად ხშირია მოზარდების მიმართ ბულინგი და რა როლი ეკისრება ამ შემთხვევაში სკოლას და მასწავლებლებს. რატომ არ ხდება რეგირება ბავშვების მიმართ თანატოლების მხრიდან ჩაგვრაზე, ან რა უნდა ვიცოდეთ ბულინგზე. ფსიქოლოგი ნონა ხიდაშელი აცხადებს, რომ ბულინგი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმაა, რომელიც ძირითადად მოზარდ თანატოლთა შორის არის გავრცელებული და ერთი მხარის მიერ მეორის დაჩაგვრასა და დაცინვაში გამოიხატება“, – განაგრძობს გამოცემა.
“შეიძლება, ერთი ბავშვი ძალადობდეს მეორეზე ან ჯგუფი – ჯგუფზე, ანდა ჯგუფი – ერთ კონკრეტულ ბავშვზე. ბულინგის მიზეზი კი შეიძლება გახდეს განსხვავებულობა, ფიზიკური ნაკლი, განსხვავებული აზრი და სხვა. ფსიქოლოგი ამბობს, რომ ბულინგი მსოფლიოში გავრცელებული პრობლემაა, თუმცა ცივილიზებულ ქვეყნებში მას ებრძვიან, საქართველოში კი ბულინგი სკოლებში ნორმად ქცეული ბავშვთა ძალადობაა. საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებშიც არ არიან ფსიქოლოგები, რომლებიც ასეთ ფაქტებზე ბავშვებთან იმუშავებდნენ. ასევე, გავრცელებულია მასწავლებლების უყურადღებობა, რაც არაკომპეტენტურობით და გულგრილობითაა განპირობებული. სკოლა ვალდებულია, მსგავსი ფაქტების შემთხვევაში სწრაფი რეგირება მოახდინოს. წარმოგიდგენიათ, ერთი თვეა ბავშვს ჩაგრავენ და არავინ არაფერი იცის. არ რეაგირებს სკოლა, მანდატურის სამსახური და მშობელი. მაშინ რა ქნას ბავშვმა? ვის მიმართოს. სკოლებში არ არიან ფსიქოლოგები, რომლებიც ასეთ ფაქტებს შეამჩნევენ. ასევე ხშირია მასწავლებლების გულგრილობის ფაქტები. დარწმუნებული ვარ, გოგონა ხშირად ტიროდა და თავის განწყობას მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობით გამოხატავდა. ანუ გამოდის რომ დამრიგებელმა გულგრილობა გამოხატა. დასცინოდნენ ბავშვს, ყველაფერი ხომ მათ თვალწინ ხდებოდა? როდესაც ერთხელ რომელიმე სკოლა მაინც აგებს ამაზე პასუხს, მერე ყველა ნებას იბოძებს და ასეთ ფაქტებზე ყურადღებას გაამახვილებენ“, – დასძენს გამოცემა.
“მე-9 კლასის მოსწავლეები აღარ არიან იმ ასაკში, რომ მათ პასუხი არ მოვთხოვოთ ჩადენილ საქციელზე. აქვე მადატურის სამსახური უნდა იყოს აქტიურად ჩართული და რეაგირებდეს. არის ასევე შემთხვევები, როდესაც ბავში მშობელს მიმართავს დახმარებისთვის და ის ეუბნება, რომ თავის პრობლემას თავად მიხედოს. აქ ყველას ბრალეულობა იკვეთება. მარტო ბავშვები არ არიან დამნაშავეები“, – აცახდებს ფსიქოლოგი „რეზონანსთან“. მისი თქმით, საქართველოში ამ კუთხით სოციო-კულტურული პრობლემაც გვაქვს. ვერც მშობლები და ვერც მასწავლებლები ვერ ათვითცნობიერებენ, რომ ამას შესაძლოა მძიმე შედეგები მოჰყვეს. აღსანიშნავია, რომ აგრესორი შეიძლება თავად განიცდიდეს ჩაგვრას, ხოლო ბულინგის შედეგები უმძიმესია. ბავშვი, ვისზეც ძალადობენ, დიდი ალბათობით თავად გახდება აგრესორი. ფსიქოლოგი ამბობს, რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც ბულერს თავად პედაგოგი ახალისებს, რა დროსაც სიტუაცია კიდევ უფრო მძიმდება. არის შემთხვევები, როდესაც მასწავლებელი კლასელების თვალწინ ბავშვს სწავლის ან სხვა მიზეზის გამო დასცინის“, – წერს სტატიის ავტორი.