საქართველოს კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილის მამა თამაზ მოლაშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დროს ჩადენილ დანაშაულს იხსენებს და ამბობს, რომ ქართველმა ხალხმა თანაგრძნობის უნარი დაკარგა.
როგორც მოლაშვილმა “ჯორჯიან თაიმსთან” განაცხადა, სააკაშვილის მომხრეებმა იმის ნახევარი უნდა გამოსცადონ, რაც “ნაცმოძრაობის” დროს დაზარალებულმა ოჯახებმა გამოსცადეს და მაშინ მხარს აღარ დაუჭერდნენ.
“ქართველ ხალხში ის მენტალიტეტიც აღარ არის, “სხვისი ჭირი ღობეს ჩხირიო“ რომ ამბობენ. მათი შვილი არ დაიჭირეს და არ მოკლეს, ამიტომ ტაში უნდა დაუკრან მას. მხოლოდ ჩემს შვილზე რომ ყოფილიყო საუბარი, გავჩუმდებოდი, ვიტყოდი, რომ ასე იყო საჭირო. უამრავი ჩამონათვალია, რაც მას დანაშაული აქვს ჩადენილი. ასეთი პიროვნებები რატომ არსებობენ ამ ქვეყანაზე?! თქვენ რომ რამე გაგიჭირდებათ, მე არ უნდა გავიცინო – უნდა გითანაგრძნოთ, მე რომ გამიჭირდება – მითანაგრძნეთ. ტაშს რატომ უკრავთ ჩემი სიკვდილის მამას?!
პირადად მე და ჩემს ოჯახს რაც მან ზიანი მოგვაყენა, გავკადნიერდები და ვიტყვი: ღმერთო, იმის ნახევარი მაინც განაცდევინე იმ ხალხს, ვინც მას მხარს უჭერს. მერე დავინახავთ, როგორ დაუკრავენ ტაშს!”– აცხადებს მოლაშვილი.
თამაზ მოლაშვილი მოკლულ თემირლან მაჩალიკაშვილის მამასთან, მალხაზ მაჩალიკაშვილთან შეხვედრასა და მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მათ საუბარს იხსენებს.
„მთავრობის სასახლის წინ, სააკაშვილის სურათთან მალხაზ მაჩალიკაშვილი ვნახე. მივედი და დაველაპარაკე. ვუთხარი: „მე უფრო გაგიგებ შენ, შვილმკვდარი მამა ხარ, შენც ასევე გამიგებ, რომ შვილი მომიკლეს. ერთი რამ იცოდე, – რომ გავიგო შენი შვილის მკვლელის ვინაობა და მისი სურათი ჩამოვკიდო და ჩავეხუტო მას, გაგიხარდება – მეთქი?! გაჩუმდა, ხმა არ ამოიღო…. შე დალოცვილო, სააკაშვილის მხარდამჭერი რომ ხარ, მან შვილი მომიკლა… ხომ ხედავ, ერთმანეთს ვგავართ რაღაცაში, მაგრამ შენ რატომ გიხარია ჩემი შვილის მკვლელთან სიარული–მეთქი?! ხმა ვერ ამოიღო… “ვიფიქროთ, მაგაზე, ვიფიქროთ – მეთქი, – მხარზე ხელი დავადე და წამოვედი,“- აღნიშნავს თამაზ მოლაშვილი.
შეგახსენებთ, საქართველოს კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი 2004 წლის დააკავეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და კორუფციის ბრალდებით, ხოლო 2005 წლის სექტემბერში სასამართლომ მას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
2004 წელს მოლაშვილმა მისი წამების და ღირსების შემლახველი მოპყრობის ფაქტზე მიმართა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს, რომელმაც 2014 წელს დაადასტურა, რომ მოლაშვილი მართლაც იყო წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი. სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს დააკისრა საქმის გამოძიება და მოლაშვილისთვის, მორალური კომპენსაციის სახით, 20 ათასი ევროს გადახდა.
2016 წლია 29 ივნისს, 47 წლის ასაკში სულხან მოლაშვილი გარდაიცვალა. მას ღვიძლის დაავადების გამო მკურნალობდნენ საფრანგეთის ერთ-ერთ კლინიკაში.