კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა არჩევნების არჩატარებასთან დაკავშირებით სერიოზულად ლაპარაკობს. „ჯობს გულწრფელად ვთქვა – მიმდინარე წელს $1.8 მილიარდის მობილიზება ძალიან გაგვიჭირდება,” განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა ფინანსთა საკითხებში, პიერ კანდუგია მბაიიმ.
არჩევნების ხარჯი გასულ წელს კონგოს ეროვნულმა დამოუკიდებელმა საარჩევნო კომისიამ გამოითვალა – $1.8 მილიარდი დაახლოებით იმ თანხის ორ მესამედს შეადგენს, რაც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების დროს იქნა დახარჯული. მიუხედავად ამისა, კონგოს საარჩევნო კომისიის განცხადებით, ზემოთაღნიშნული თანხა 30 მილიონზე მეტი ადამიანის დასარეგისტრირებლად არის საჭირო.
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ამჟამინდელი ლიდერი ჟოზეფ კაბილაა, რომელიც ქვეყნის სათავეში 2001 წლის შემდეგაა. გასული წლის ნოემბერში მას კანონის მიხედვით პოსტი უნდა დაეტოვებინა – ქვეყნის კონსტიტუცია მესამე ვადით არჩევას კრძალავს. მიუხედავად ამისა, კაბილამ პოსტის დატოვებაზე უარი განაცხადა და მისი მოთხოვნა პრეზიდენტისადმი ლოიალურად განწყობილმა საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა. არჩევნები მინიმუმ 2017 წლის ბოლომდე გადაიდო.
Washington Post-ის მიხედვით, კონგოელების უმრავლესობას კაბილას გადარჩევა და ქვეყნის სათავეში ახალი პრეზიდენტის მოსვლა სურს. არჩევნების თარიღის გადაწევას მოსახლეობამ საპროტესტო გამოსვლებით უპასუხა. პოლიციისა და დემონსტრანტების შეტაკებას მინიმუმ 20 ადამიანი ემსხვერპლა.
კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ძალაუფლების გადაცემა მშვიდობიანი გზით ჯერ არცერთხელ არ მომხდარა. უკანასკნელად კონგოს ჟოზეფ კაბილას მამა, ლორან-დეზირე კაბილა მართავდა, რომელიც 2001 წელს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის დროს მიღებული ჭრილობით დაიღუპა.
ქვეყნის ეკონომიკა უმძიმეს მდგომარეობაშია. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას არაერთი სასარგებლო რესურსი გააჩნია, კონგოელთა უმრავლესობა დღეში $2-ზე ნაკლებ შემოსავალზე იღებს. თავის მხრივ, Bloomberg-ის ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, კაბილამ პრეზიდენტობის პერიოდში ასობით მილიონი დოლარის შოვნა შეძლო.
ავტორი: Washington Post