მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის აგრესია გრძელდება, მილიონობით უკრაინელი ცდილობს, ძველებურად იცხოვროს და ზაფხულის არდადეგები დასვენებისთვის გამოიყენოს. ქვეყნის შიდა რეგიონებში მცხოვრები მრავალი მოქალაქე, შვებულების გასატარებლად, შავი ზღვის პლაჟებზე მიემგზავრება. თუმცა, უსაფრთხოების გამო, ხელისუფლებამ მრავალი კურორტი დახურა. ზოგიერთი მათგანი, ორ წელზე მეტია, რუსეთის თავდასხმების შედეგად ნახევრად დანგრეულია, ზოგი კი, დაწესებული აკრძალვების გამო, ლეგალურად ვერ იხსნება. ჩეხეთის ტელევიზიის გადამღები ჯგუფი, კორესპონდენტ დარია სტომატოვასთან ერთად, ოდესის ოლქში იმყოფებოდა.
პირველად, სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ოდესის სასტუმროები გადავსებულია. სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციამ, უსაფრთხოების დაცვის პირობით, ათი პლაჟის გახსნის ნებართვა გასცა, თუმცა, ხალხი აღიარებს, რომ მაინც ეშინია.
„აქ შეიძლება ნაღმები იყოს, ამიტომ, ჩვენ ტივტივების იქით არ ვცურავთ“, – განუცხადა ჩეხეთის ტელევიზიას ნასტიამ, რომელიც ოდესაში კიევის ოლქიდან ჩამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ ტეტრაპოდები პლაჟებზე ჯერ კიდევ ალაგია, რათა ჰაერიდან მტრის შესაძლო დესანტირება თავიდან აიცილონ, ისინი ადამიანებს შავი ზღვის სანაპიროზე დასვენებაში ხელს არ უშლიან.
სასტუმროს მფლობელები რთული გადაწყვეტილების წინაშე დგანან. მოქმედი რეგულაციის მიხედვით, სასტუმროები არ უნდა მუშაობდნენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი გადასახადებისგან გათავისუფლებულები არიან. „ჩვენ მივედით საერთო გადაწყვეტილებამდე – უბრალოდ, გავხსნათ კურორტი და ვეცადოთ, რომ ფული გამოვიმუშავოთ“, – ამბობს დაბა ზატოკაში ერთ-ერთი სასტუმროს მფლობელი, მიხაილი.
უსაფრთხოება ხელისუფლებისთვის პრიორიტეტია
ომის დროს ტურიზმის სექტორში ბიზნესით დაკავებული უკრაინელების რაოდენობა შემცირდა. ამის მიუხედავად, ხაზინაში საგადასახადო შემოსავლების მაჩვენებელი თითქმის თავდაპირველ დონეს დაუბრუნდა.
სასტუმროს არაერთი მფლობელი არათანაბარ პირობებს უჩივის. „ზოგიერთ მფლობელს, რომელიც მიწის ან ქონების გადასახადს ვერ იხდის, ქონებას, უბრალოდ, ართმევენ. უძრავ ქონებაზე ახლა, გაურკვეველი მიზეზით, სამჯერ მეტ გადასახადს ვიხდით“, – ჩივის მიხაილი.
ოდესის ოლქის ფიზიკური კულტურის, სპორტისა და ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლის, პიოტრ პოლუხინის თქმით, ეკონომიკური მიზეზები მხედველობაში არ მიიღება, „თუ პლაჟის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი ვერ იქნება“.
ომის პირველ წელს, ხალხს პლაჟზე გასვლის ეშინოდა, მეორე წელს ზოგიერთი შედარებით დამშვიდდა და ზღვაში ბანაობა გაბედა, მესამე წელს კი შეზღუდვებით უკვე ბევრი დაიღალა. დაბომბვის შედეგად განადგურებული კურორტები ძველის განადგურებული ერთ-ერთი ობიექტის დაცვის ყოფილმა თანამშრომელმა ჩეხეთის ტელევიზიას უამბო, თუ როგორ გაჩნდა ინტერნეტში ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, აქ ჯარისკაცები იდგნენ, „ორი დღის შემდეგ კი მითითებულ ადგილზე თავდასხმა განხორციელდა“.
ბევრი მეწარმისთვის არსებული სამუშაო პირობები გაკოტრების ტოლფასია. ამიტომ, ტურიზმის ინდუსტრიაში მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ, ისინი სხვა საარსებო წყაროს ეძებენ.