მომღერლების წყვილს, ივანა მელაის და გურამ ლომიძეს 2 დეკემბერს ამერიკაში ქალიშვილი, ელიზაბეტ-ნატალი შეეძინათ. ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრს, გურამს, პირველი ქორწინებიდან 14 წლის ნიკა და ამერიკაში 7 წლის ლიამი ჰყავს. წყვილი ამჟამად საქართველოში იმყოფება და ახალ სიმღერაზე მუშაობენ.
ივანა მელაია: „ღვთის წყალობით, ორსულობამ და მშობიარობის პროცესმა სირთულეების გარეშე ჩაიარა. სიმართლე გითხრათ, ვფიქრობდი რომ რთული იქნებოდა და ცოტა მეშინოდა. მაგრამ ვლოცულობდი და მჯეროდა, რომ უფლის წყალობით ყველაფერი კარგად იქნებოდა.“
– როგორი გრძნობა დედობა და როგორი მამა გურამი?
– დედობა ეს ისეთი რამ არის, რომლის აღსაწერად სიტყვები ჯერ არ მოუფიქრებიათ. აი, დედა რომ გახდები მაშინ გაიგებ რატომ და როგორ ხდება. სიგიჟემდე ბედნიერი ვარ, რადგან ჩემი ცხოვრების ყველაზე საუკეთესო სიმღერა ჩემი ქალიშვილია. გურამს რაც შეეხება, ის ძალიან კარგი მამა. მშობიარობის პროცესსაც ესწრებოდა და ცდილობდა ძალიან არ ენერვიულა. ის ყველაფერს აკეთებს, რომ მე ბედნიერი ვიყო. ამიტომაც, ძალიან მიყვარს.
– რატომ დაარქვით ქალიშვილს ელიზაბეტ-ნატალი?
– სახელი ელიზაბეტი ორივეს მოგვწონდა და ნატალი იმიტომ რომ დედაჩემს ჰქვია. ეს გურამის გადაწყვეტილებაა, მან მოიფიქრა. მეც ძალიან მომეწონა და სწრაფად დავთანხმდი.
– როგორც ვიცით, გურამს ორი ბიჭი ჰყავს. როგორ შეხვდნენ ისინი თავიანთ დას?
– დიახ, გურამს ორი ბიჭი ჰყავს, რომლებმაც ელიზაბეტი ძალიან კარგად მიიღეს. ნიკუშა ძალიან თბილი ბავშვია. ის ჩემი მშობლების სახლში მოვიდა და ნატალი ნახა. ისინი ერთად იყვნენ, ნიკუშას ხელში ჰყავდა აყვანილი, ეფერებოდა და ჩანდა, რომ ისინი მომავალი მეგობრები არიან. ძალიან მომწონს, ჩემს ქალიშვილს ორი უფროსი ძმა ჰყავს, რომლებიც მას მუდამ დაიცავენ.
– მოგვიყევით თქვენი სიყვარულის ისტორია ?
– ამ ბოლო დროს, ჩემს პირად ცხოვრებაზე იმდენს ვლაპარაკობ არ ვიცი ეს კარგია თუ ცუდი. ჩვენი სიყვარულის ისტორია ოთხი წლის წინ დაიწყო, როდესაც საერთო მეგობრის კონცერტზე ვიყავით. ჩვენი ურთიერთობიდან ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ეს წლები სულ ერთად ვიყავით იმ პერიოდშიც კი როდესაც ცალ-ცალკე გვიწევდა ცხოვრება. როცა ის ჩიკაგოში ცხოვრობდა, მე თბილისში ვიყავი და ა.შ ჩვენ ერთმანეთს ხან ევროპაში ვხვდებოდით, ხან თბილისში. ბოლოს კი, როგორც ხედავთ ერთად ვართ და ერთად ცხოვრება კი სულ სხვაა. შესანიშნავი ისტორია გვაქვს, რადგან ხელოვანები ვართ და ერთმანეთს კარგად ვუგებთ. იცით, ჩემი ქმარი ბიზნესმენი რომ ყოფილიყო ის ვერ გაიგებდა, რომ სცენაზე უნდა გამოვსულიყავი, ჩამეცვა გამომწვევი კაბა. გურამს კი ჩემი ესმის, რადგან მომღერალია და არა იმიტომ რომ ქართველია. ჩვენ ერთად ვმღერივართ, ერთად გამოვდივართ სცენაზე. როცა ხელი მოვაწერეთ ძალიან მეშინოდა, რადგან არ ვიცოდი ქართველი მამაკაცები ამას როგორ მიიღებდნენ. მომღერალმა ქალმა მარტო უნდა იცხოვროს, რათა ის გააღმერთონ. მეშინოდა, რადგან ჩემი კარიერა ჩემი ძალისხმევით შევქმენი. თუმცა შიში დავძლიე და დღეს ულამაზესი ოჯახი მყავს. გათხოვების შემდეგ ჩემს მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა, რადგან ადრე ვიმღერე “Мама, я люблю грузина” და მართლაც რომ ქართველს გავყევი ცოლად. მამაკაცები დღესაც აგრძელებენ კომპლიმენტებს მოწერას სოციალურ ქსელში. აღსანიშნავია, რომ ისინი გურამს სოლიდარობას უცხადებენ. მადლობელი ვარ საქართველოსი, რადგან მან საკუთარი შვილივით მიმიღო. საქართველოში არ მეგულება უცხო ქვეყნის მომღერალი, რომელიც ასე შეიყვარეს. არ შემიძლია სიტყვებით გადმოვცე, თუ რამდენად ძვირფასია ჩემთვის ქართველ მომღერლად დარჩენა.
– გქონდათ თუ არა ურთიერთობაში რთული პერიოდები?
– სერიოზულად რთული პერიოდები არ გვქონია. რა თქმა უნდა, როგორც ჩვეულებრივი ოჯახი ჩვენც ვკამათობთ, რადგან ძლიერი ქალი ვარ და როგორც მამაკაცს, ისე მეც გამაჩნია საკუთარი აზრი. მადლობა უფალს, რომ შეთანხმების მიღწევა შეგვიძლია, რაც ურთიერთობაში მნიშვნელოვანია. ჩვენ არა მარტო ცოლ-ქმარი ვართ, არამედ საუკეთესო მეგობრებიც.
– როგორც ვიცი, ახალ სიმღერაზე მუშაობ, რომელიც პოლიტიკურია?
– მე ასე ვიტყოდი, რადგან სიმღერა პოლიტიკურზე უფრო მეტად ეპატაჟურია. ეს ჩემი მორიგი პატარა ხუმრობაა. ხუმრობა იყო, როცა „Мама, я люблю грузина” ვიმღერე, რადგან ამ დროს მამაკაცი არ მყავდა. უბრალოდ, თავში იდეა მომივიდა, რომლის მელოდიაც მაიკო კაჭკაჭიშვილმა დაწერა. ვფიქრობ, ახალი სიმღერაც ყველას მოეწონება.
– ამერიკაში ცხოვრება როგორია?
– ჩემთვის ძალიან რთული იყო, რადგან ამერიკა სტაბილური ქვეყანაა, რაც სამწუხაროდ საქართველოს და უკრაინას არ გააჩნია. მენატრებოდა საქართველო და მეგობრები. ახალ ქვეყანაში, ორ კვირაში გავთხოვდი და ერთ თვეში გავიგე, რომ ორსულად ვიყავი. გურამი და დედამისი სირთულეების გადალახვაში მეხმარებოდნენ. ეს ყველაფერი არა მარტო ჩემთვის არამედ ნებისმიერი გოგოსთვის ძალიან რთული იქნებოდა. ასე რომ, ამერიკაში ცხოვრების სუფთა ფურცლიდან დაწყება მომიწია, მაქვს გეგმები და უკვე ვიცი თუ როგორ უნდა მოვიქცე. მთავაზობენ ამერიკაში კონტრაქტს და მუშაობას დავიწყებ ხელოვანთან, რომელსაც გრემი აქვს მიღებული. ჩემთან თანამშრომლობით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ჩიკაგოს რადიოში ჩემი ინგლისური სიმღერა მოისმინა.
– თქვენი საქართველოში ჩამოსვლა რას უკავშირდება და როდის აპირებთ ამერიკაში დაბრუნებას?
– ჩამოვედი ოჯახის, მეგობრების სანახავად და ახალი სიმღერის ჩასაწერად, რადგან არ მეგულება არსად საუკეთესო არანჟირების ოსტატი, როგორიც ბორიკო შხიანია. ის არის ადამიანი, რომელთანაც მიყვარს მუშაობა. ყოველთვის აღვნიშნავდი, რომ საქართველოში უნიჭიერესი ადამიანები არიან. ამერიკაში კი აღდგომის შემდეგ დავბრუნდებით.
– როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტის მეგობარი ხართ, ბოლოს როდის ნახეთ მიხეილ სააკაშვილი და მოგილოცათ თუ არა ქალიშვილის შეძენა?
– უკრაინაში არ დავდივარ, რადგან ჩემს ოჯახს ბიზნესი წაართვეს. ის ძალიან ძლიერი პიროვნებაა და მჯერა, რომ ბევრის შეცვლა შეუძლია. რაც ამერიკაში ვარ, ჩვენ ერთმანეთთან კონტაქტი არ გვქონია. მე თუ უკრაინაში ჩავალ, ჩვენ აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს, რადგან საქართველოზე ასეთი შეყვარებული ადამიანი მეორე არ მეგულება. როცა, სააკაშვილი პირადად გავიცანი, მან საქართველოს ისტორია მომიყვა. გაოცებული ვიყავი, თუ როგორ უყვარს მას თავისი ქვეყანა და როგორ კარგად იცის მისი ისტორია. თავს უფლებას მივცემ და ვიტყვი, რომ მას საქართველო სჭირდება, რადგან უფრო მხიარულად იყოს. დღევანდელი მთავრობის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, რადგან ბევრს ვიცნობ და ბევრი მეგობარიც მყავს. როცა უკრაინაში პრობლემები გვქონდა ურთიერთობა მქონდა კახი კალაძესთან. ის ძალიან კეთილი ადამიანია, რომელიც იურიდიული საკითხების მოგვარებაში დამეხმარა. ჩვენ ცხოვრებაში რამდენჯერმე შევხვდით ერთმანეთს, მან იცის ვინ ვარ მე და მე ვიცი ვინ არის ის. კალაძის მადლობელი ვარ, რადგან ცუდ მომენტში დაგვეხმარა. ასევე მადლობელი ვარ სააკაშვილის, რომ ჩემი წერილი მიიღო და გაჭირვების ჟამს ჩემს ოჯახს დაეხმარა. ამ ქვეყანამ მშობლები გადამირჩინა. არ გეგონოთ, რომ მარტო პროფესიით ვიცნობ ადამიანებს, ჩემთვის მნიშვნელოვანია ადამიანის შინაგანი სამყარო თუ როგორი ადამიანი ის.