დეპუტატი ნატო ჩხეიძე სოციალურ ქსელში მალხაზ მაჩალიკაშვილის კარავზე ჩანახატს აქვეყნებს.
ვახას კარავი
თითქოს ისეთი რა არის,- კარავია, ბუნების მოყვარულები რომ შლიან ხოლმე ტყე-მინდვრად, სწორედ ისეთი კარავია.
აქ არც ტყეა, არც მინდორი, არც ბუჩქი, არც მდინარე, არამედ არის დედაქალაქის მთავარი პროსპექტი და ქვეყნის პარლამენტი,
და აქ დგას კარავი.
დგას.
განა რა.
კარავია.
ვის რას უშლის?..
წყალგამძლე ნაჭრის ოთხკუთხა კონუსის ფორმის თეთრ-რუხი ნივთია, სრულიად მარტივი და უბრალო რამ.
ჰოდა, ვის რას უშლის?..
რამ გახადა ასეთი საშიში, ასეთი საზარი, ასეთი თავზარდამცემი, რომ ხედავენ ისინი, ბობოლები ამა ქვეყნისა და სული მიეპარებათ , გული უბორგდებათ, გონება ემღვრევათ.
ვახას კარავია.
ლოგინში მოკლული შვილის მამის კარავია.
“ ვაი, რა ძნელი ყოფილა სიკვდილი ლოგინში, ვაი, რა საზარელი ყოფილა სიკვდილი ლიგინში…” მურმან ლებანიძე რომ წერდა, გურამ თიკანაძეზე წერდა, ყინულის ლლგინში მომკვდარზე, და ვაი, რა საშინელია სიკვდილი ლოგინში, ბუმბულის ლოგინში…
რა საზარია გახვრეტილი შუბლით სიკვდილი ლოგინში შუაღამისას და რა თავზარდამცემია მოკლულის მამის მდუმარე კარავი, მთავარ პროსპექტზე მდგარი, ქვეყნის პარლამენტის წინ.
ვაი, რა საშიშია კარავში მყოფი ვახა,
ვაი, რა საზარია კარვის კალთიდან ვახას თვალების მზერა,
ვაი, რა თავზარდამცემია ვახას გამშრალი სახე კარვის წინ, კარვის გვერდით, კარვის უკან, კარავთან…
ვაი, რა თავზარდამცემია ეს კარავი, ნაჭრის ოთხკუთხა კონუსი, თითქოს მცირე სივრცეს რომ იკავებს და სულის სიღრმემდე კი აღწევს.
ვახას კარავია.
თავზარდამცემია და ამიტომაც … აღარც უნდა იყოს.
აღგვიან , გაფხრეწენ,
ქარს გაატანენ, ერთხელ,
მერე კიდევ ერთხელ და მერეც და მერეც, რამდენჯერაც ნახავენ ის ბობოლები და სანამდეც ძალა ეყოფათ თავზარდამცემ შიშს რომ გადაასწრონ, ის ძალა სადამდეც ეყოფათ.
ვახას კარავია.
ქარს გაატანენ კარავს ძლიერნი ამა ქვეყნისანი და ქარსავე მოაქვს, უკან აბრუნებს, ვახას სახის სიმშრალეს და სიმძაფრეს მოაქვს ისევ იქ, ისევ იმ ადგილას, რათა კარვის კალთიდან გამოიხედოს ვახას თვალების სამართალმომლოდინე და მსახვრელმა მზერამ.
ამიტომ არის საშიში ვახას კარავი.
რომ აღგვიან, მაშინაც საშიშია, რომ გაფხრეწენ, მაშინაც და ქარს რომ გაატანენ, მაშინ უფრო საშიშია, რადგან ქარივე დააბრუნებს იქ, იმ მთავარ პროსპექტზე და მანამ იდგება ასე საშიშად, სანამ არ დამშვიდდება ვახას თვალები, სანამ არ დაწყნარდება ბუმბულის ლოგინში მწოლიარე ვაჟი,
სანამ სულის მწეწავი ქარიშხალი არ ჩადგება…
მანამდე კი სულ იდგება ეს კარავი.
რამდენჯერაც უნდა მოშალონ, – მაინც იდგება
ვახას კარავი.