ჩვენ გვექნება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა. ამ სხდომაზე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობას გამოვუცხადებთ მხარდაჭერას, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ვარშავის სამიტის დაწყებამდე 4 დღით ადრე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ გვექნება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა. ამ სხდომაზე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობას გამოვუცხადებთ მხარდაჭერას. ასევე ვისაუბრებთ, თუ რა გზით შეგვიძლია პრაქტიკული დახმარების გაწევა საქართველოსთვის. რამდენიმე თვის წინ ვესწრებოდი ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის გახსნას. ვფიქრობ, ეს შესანიშნავი პლატფორმაა საქართველოსთვის პრაქტიკული დახმარების გასაწევად. ჩვენ გავმართავთ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან და სხვა წარმომადგენლებთან და ვიმსჯელებთ, როგორ შეგვიძლია თანამშრომლობა ჩვენს ახლო პარტნიორთან“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატო ძალიან აქტიურად მონაწილეობს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში და ამას აკეთებს, რადგან საქართველოზე გარედან „სერიოზული ზეწოლა“ ხორციელდება.
„ჩვენ გვსურს დავეხმაროთ საქართველოს, გააძლიეროს თავისი თავდაცვისუნარიანობა და პოტენციალი, გარე ზეწოლისთვის წინააღმდეგობის გასაწევად, რადგან გარედან საქართველოზე სერიოზული ზეწოლა ხორციელდება“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.