“რუსეთში ბოლო თვენახევარში რამდენიმე მასშტაბური ტრაგედია მოხდა, რომელთა გამომწვევ მიზეზებსა და მათ შედეგებს ოფიციალური მოსკოვი შესაძლოა მიზანმიმართულად მალავდეს. მათგან ყველაზე შემაშფოთებელია ბირთვული აფეთქება ქალაქ სევეროდვინსკში, რომელიც, სპეციალისტთა ნაწილის აზრით, შესაძლოა თავისი მასშტაბებით გასულ საუკუნეში მომხდარი ჩერნობილის ტრაგედიას გაუტოლდეს. რუსეთის სამთავრობო მედიაში ამ ინციდენტების შესახებ გავრცელებული ცნობები ეჭვებს ბადებს. მომხდარის რეალური სურათის აღდგენა გარკვეულწილად სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციითაა შესაძლებელი. „რეზონანსი“ შეეცადა შეეგროვებინა ინფორმაციის სხვადასხვა წყაროებში მოყვანილი კონკრეტული ფაქტები, რომელიც გარკვეულ წარმოდგენას შეგიქმნით მომხდარის მასშტაბებზე”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ბირთვული კატასტროფა რუსეთში. კრემლი ინფორმაციას მალავს.
“2019 წლის 1 ივლისს ზესაიდუმლო წყალქვეშა ნავ “ლოშარიკზე” ხანძარი მოხდა, რასაც 14 რუსი სამხედროს სიცოცხლე შეეწირა. მათ შორის პირველი რანგის 7 კაპიტანი იყო და 2 “რუსეთის გმირი”. “გაზეტა.რუ” საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, რომელიც რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტთანაა დაახლოებული, წერს, რომ “სპეციალური დავალების შესრულებისას” ატომური წყალქვეშა ნავის ელექტროობაში მოხდა მოკლე ჩართვა, რამაც ხანძარი გამოიწვია. თუმცა ოფიციალური კომენტარი დასახელებულ ვერსიას არ მოჰყოლია სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლების მხრიდან. განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობს ნორვეგიის რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების ცენტრის დირექტორი პერ სტრანდი “როიტერსთან” და აცხადებს, რომ რუსეთის ხელისუფლების ინფორმაციით, წყალქვეშა ხომალდის ბორტზე გაზი აფეთქდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ვერსიით კი, წყალქვეშა ნავი სამეცნიერო ხასიათის დავალებას ასრულებდა და წყალქვეშა სამყაროს კვლევით იყო დაკავებული. “გუნდის თავდაუზოგავი მოქმედების შედეგად, ცეცხლის გაჩენის წყარო ლიკვიდირებულ იქნა”, – წერია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებაში. მეორე ინციდენტი, რომელიც ჯერჯერობით არაა ლიკვიდირებული და ამ დრომდე დიდ საფრთხეს წარმოადგენს ადგილობრივებისთვის, კრასნოიარსკის მხარის ერთ-ერთ ქალაქ აჩინსკში 9 აგვისტოს მოხდა სამხედრო ბაზაზე, რომელთან ახლოს რუსული შეიარაღების საწყობია განლაგებული. ტერიტორიაზე გავრცელებული ცეცხლისა და მომხდარი აფეთქებების შედეგად ათობით ადამიანი მოხვდა საავადმყოფოში სხვადასხვა სახის დაზიანებებით”, – აღნიშნავს გამოცემა.
“რუსეთის მთავრობა ჯერჯერობით დუმს იმასთან დაკავშირებით, თუ რამხელა ტერიტორიაა დაზიანებული, არაფერს ამბობენ არც მიყენებულ ზარალზე და კონკრეტულად არ ასახელებენ დაშავებულთა რაოდენობას. ისევე, როგორც წყალქვეშა ნავ ”ლოშარიკზე” მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, რუსეთს ოფიციალური პასუხი არსებულ კითხვებზე არ გაუცია. თავდაპირველი ცნობებით, დაშავებულთა რაოდენობა იყო 11 და მხოლოდ 4 მათგანის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო, მაგრამ მოგვიანებით, კრასნოიარსკის მხარის ადგილობრივი ხელისუფლების პრესსამსახურის განაცხადებაზე დაყრდნობით გაირკვა, რომ საავადმყოფოებს დახმარებისთვის 12-მა ადამიანმა მიმართა. ამჟამად ადგილობრივმა ხელისუფლებამ 6 სოფლის ტყეში აკრძალა მოქალაქეების შესვლა, რაც განმარტეს იმით, რომ ადგილზე სამხედრო გამნაღმველები მუშაობენ და უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით არ არის რეკომენდირებული ტყეში სიარული… ყველაზე სახიფათო ინციდენტი, რომელმაც არა მხოლოდ რუსეთი, არამედ მთელი მსოფლიო შეაშფოთა, მოხდა 8 აგვისტოს არხანგელსკის ოლქის ქალაქ სევეროდვინსკში. ატომური წყალქვეშა ნავებისთვის განკუთვნილი ბალისტიკური რაკეტების გამოსაცდელ პოლიგონზე მომხდარი აფეთქების გამო რადიაციულმა ფონმა, სულ მცირე, 20–ჯერ მოიმატა. მძლავრდება ეჭვები, რომ 8 აგვისტოს ქვეყანაში ბირთვული კატასტროფაა მომხდარი და კრემლი ამას მალავს. ამის შესახებ ბრიტანული “დეილი მეილი” იუწყება”, – დასძენს გამოცემა.
“აღნიშნული მონაცემების საპირისპიროდ, რუსეთის ოფიციალური ინფორმაციით რადიაციის დონემ მოიმატა სულ რაღაც 2-ჯერ, რაც ადამინთა ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. თუმცა, “დეილი მეილი” ეჭვობს, რომ რუსეთი კატასტროფის რეალურ მასშტაბებს მალავს და შესაძლოა, 1986 წელს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი უზარმაზარი აფეთქების სცენარი გაამეოროს თავისი დუმილისა და რეალური ფაქტების დამალვით. ამ ეჭვს აძლიერებს ის ფაქტი, რომ აფეთქების შედეგად დაშავებული 6 პირი სპეციალიზებული სასწრაფო დახმარების მანქანებით გადაიყვანეს მოსკოვის ბურნასიანის სახელობის ფედერალურ სამედიცინო ბიოფიზიკურ ცენტრში, რომელიც რადიაციული დასხივების მკურნალობაზე სპეციალიზდება. ამასთან, 8 აგვისტოს ინციდენტის შედეგად დაღუპულებიც და დაშავებულებიც სპეცტანსაცმელში იყვნენ გამოწყობილი, ხოლო მოგვიანებით მათი სპეცსამოსი, ისევე როგორც იმ მედიკოსებისა, რომელთაც დაშავებულებს ადგილზე პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, სასწრაფო რეჟიმში გაანადგურეს”, – წერს სტატიის ავტორი.
“ერთ-ერთი ვერსიით, რომელსაც “დეილი მეილიც” ემხრობა, პოლიგონზე ცდიდნენ “ცირკონის” ტიპის ზებგერით რაკეტას – ერთ-ერთს იმ გასაიდუმლოებული იარაღიდან, რომლის შექმნითაც პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 2018 წლის საჯარო გამოსვლისას დასავლეთს ემუქრებოდა. თუმცა, რუსული გამოცემა “ვედომოსტის” ცნობით, საუბარია სახომალდე რაკეტის ძრავის გამოცდაზე, რომელიც რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის შეიარაღებაშია წარმოდგენილი. თუმცა, უკვე რუსეთშიც იწყებენ იმ ფაქტის აღიარებას, რომ ინციდენტის შედეგად რადიაციის მასშტაბური გაჟონვა მოხდა. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის რეჟიმის აქტიური მხარდამჭერი ჟურნალისტი ანდრეი კარაულოვი თავისი “ტვიტერის” გვერდზე წერს, რომ თეთრი ზღვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ, დვინის უბეში 8 აგვისტოდან, საკონტინენტთაშორისო რაკეტა “ბურევესტნიკის” ბირთვული აფეთქების შემდეგ თევზაობა აკრძალულია. კარაულოვი აღიარებს და წერს, რომ ჩრდილოეთის ზღვის უდიდესი ნაწილი რადიაციითაა დაბინძურებული, რის გამოც ყველა ხომალდი თუ ნავი, მათ შორის სათევზაოც, ტერიტორიიდან გაიყვანეს: “რეალურად ეს ეროვნული ტრაგედიაა. ახლა შეკითხვა: ვინმემ განაცხადა იმის შესახებ, რომ გუშინდელი დღიდან თევზაობა აიკრძალა ჩრდილოეთის ზღვაში და სულ მალე ბარენცის ზღვაშიც აიკრძალება თევზჭერა?” – წერს კარაულოვი, რომლის აზრით, “რუსეთს საკუთარი ფუკუსიმა გაუჩნდა”, – დასძენს სტატიიის ავტორი.