“26 თებერვალს საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურების შემდეგ, ღამით აფთიაქებიდან პირბადეები, ხოლო სუპერმარკეტებიდან პროდუქტები გაქრა. დედაქალაქში სრულმა პანიკამ დაისადგურა, თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს. მეტიც, ეს ვირუსი იმდენად საშიში არაა, რამდენადაც პანიკა, რომელშიც საზოგადოება შეიძლება ჩავარდეს. ამის მიუხედავად, ქუჩაში საზოგადოების დიდი ნაწილი დღეს უკვე პირბადით დადის, აფთიაქები კი პირბადის დეფიციტს განიცდის. მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მინისტრმა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული ფაქტის შესახებ ინფორმაცია გააჟღერეს, პანიკაში მყოფი თბილისის მოსახლეობა სუპერმარკეტებს მიაწყდა”, – წერს გაზეთი “რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, პანიკის პირველი შედეგები თბილისში – “ასანთს რომ დავავლე ხელი, რომელიც არ მჭირდებოდა, მივხვდი, რომ პანიკაში ვიყავი“
“განსაკუთრებული რიგები დადგა სადღეღამისო ჰიპერმარკეტ “აგროჰაბის” ვაკის ფილიალში, სადაც დახლები ელვის სისწრაფით დაცარიელდა. გადავსებული ურიკების და სალაროებთან დამდგარი რიგების ფოტოები სოციალურ ქსელს ვირუსივით გავრცელდა. დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მომხმარებლები დიდი ოდენობით ყიდულობდნენ ხორცს, სოსისს, ძეხვეულს, ბურღულეულს – ბრინჯს, წიწიბურას, მაკარონს, ორცხობილებს. მომხმარებლებმა თავი აარიდეს მალფუჭებად პროდუქტებს. დიდი დოზით გაიყიდა ხელსახოცები, ტუალეტის ქაღალდები, ანტიბაქტერიული საპნები და სველი ხელსახოცები. როგორც ვაკეში მცხოვრები ლალი მენაბდე “რეზონანსს” უყვება, სრულ პანიკაში ჩავარდნილმა მაშინვე მაღაზიას მიაშურა, რომ პროდუქტები მოემარაგებინა”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ისეთი განცდა მქონდა, თითქოს ომი დაიწყო. როდესაც გამოაცხადეს, რომ კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა, მთელი ოჯახი პანიკამ მოიცვა. შუაღამისას წავედით მაღაზიაში. ჩემ ქუჩაზე, რაც პატარა მაღაზიაა „სპარი” თუ „ორი ნაბიჯი,” ყველა მუშაობდა. დახლები აბსოლუტურად გადავსებული იყო. ძირითადად ვიყიდე მაკარონი, ბრინჯი, წიწიბურა, ფქვილი, შაქარი, ზეთი… ასანთს რომ დავავლე ხელი, რომელიც არაფერში არ მჭირდებოდა, მაშინ მივხვდი, რომ სრულ პანიკაში ვიყავი. როდესაც გავაცნობიერე, თუ რას ვაკეთებდი, მაშინვე დავდე. ვიფიქრე, სულ არ გავგიჟდე-მეთქი. პანიკის ზეგავლენის ქვეშ მყოფმა ყველაფერი გავაკეთე,” – თქვა მან. 26 თებერვალს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე კლინიკურად ჯანმრთელია”, – განაგრძობს გამოცემა.
“ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით გამყრელიძემ ერთგვარი განმარტება გააკეთა, რომ შემთხვევების 81% მსუბუქად მიმდინარეობს, ანუ სრული გამოჯანმრთელებით მთავრდება. როგორც მან მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, საქართველოში საკარანტინო სივრცეების, ასევე შესაბამისი პროფილური საავადმყოფოების საკმარისი რეზერვი არსებობს, რათა ადამიანებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიოთ. ჯანდაცვის მინისტრი საზოგადოებას არწმუნებს, რომ ამ ეტაპზე, საქართველოში ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს. მისივე თქმით, საქართველოში კორონავირუსის გამოვლენა დროულად მოხდა, რის გამოც ვირუსის გავრცელების რისკი შემცირდა. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სწავლის შეწყვეტა ამ ეტაპზე არ იგეგმება. თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თბილისის ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესის შეჩერება არ იგეგმება. მისი ინფორმაციით, ჰიგიენური ნორმების დაცვა ბაღებში ჩვეულ რეჟიმში გრძელდება”, – დასძენს გამოცემა.
“პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოში პანიკის საფუძველი არ არსებობს. როგორც მან მთავრობის სხდომაზე აღნიშნა შესაბამისის უწყებების მიერ ვითარება კონტროლდება. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ გიორგი გახარიამ კორონავირუსის შემთხვევის დაფიქსირების გამო საგანგებო უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფი შექმნა, რომელსაც დაევალა შეიქმნას სპეციალური მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეების ყოველდღიურ ინფორმირებულობას. ამირან გამყრელიძის მთავარი რეკომენდაციაა შეიზღუდოს მიმოსვლა იმ ქვეყნებთან, სადაც კორონავირუსული ინფექციების გავრცელების მაღალი მაჩვენებელია – ეს არის ჩინეთი, ირანი, სამხრეთ კორეა, იტალია. საჰაერო მიმოსვლასთან ერთად, ირანიდან სახმელეთო გზით შემოსვლა შეიზღუდა,-ამის შესახებ ინფორმაციაშია ნათქვამი, რომელსაც პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება საგანგებო-საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრის შედეგად იქნა მიღებული. ამასთან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მწარმოებლებსა და შემომტანებს პირბადეების მარაგების მყისიერად შევსება დაავალა. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი” ავრცელებს. კითხვაზე, როდის შეივსება ფარმაცევტულ ბაზარზე პირბადეების დეფიციტი, სამინისტროში პასუხი არ აქვთ, თუმცა ამბობენ, რომ დავალება უკვე გაცემულია. ამასთან, სამინისტრო მოუწოდებს კომპანიებს, პირბადებიის რეალიზაციისას შესაბამისი ფასი გამოიყენონ”, – წერს სტატიის ავტორი.