“ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით არსებული სიტუაცია კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა და ადგილობრივმა ჯანდაცვის სისტემამ შეიძლება ამას ვეღარ გაუძლოს. ამაზე ქართველი ექსპერტები საუბრობენ მათ ხელთ არსებულ ინფორმაციასა და გასული კვირის სტატისტიკაზე დაყრდნობით, რომლის მიხედვითაც აფხაზეთში ყოველდღიურად ინფიცირების იმაზე მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდება, ვიდრე დანარჩენ საქართველოში. გასულ ხუთშაბათს აფხაზეთში ინფიცირების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა – 42 ახალი შემთხვევა ერთ დღეში, პარასკევს კი – 40. დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 4 სექტემბრის მდგომარეობით აფხაზეთში დაფიქსირებული იყო კორონავირუსით ინფიცირების 466 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 154 გამოჯანმრთელდა და 4 გარდაიცვალა. ამ მონაცემებიდან გამომდინარე, 4 სექტემბრის მდგომარეობით, აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებული 308 აქტიური პაციენტია, დანარჩენ საქართველოში კი – 300”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით აფხაზეთმა დანარჩენ საქართველოს გაუსწრო – “ვერ უმკლავდებიან და სიტუაციაზე კონტროლი დაკარგეს”.
“რეზონანსთან” საუბრისას ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ოკუპირებულ რეგიონში ინფიცირების შემთხვევებმა მკვეთრად მოიმატა გასული ერთი თვის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც დე ფაქტო ხელისუფლებამ რუსეთთან ე.წ. საზღვარი გახსნა და რუსი ტურისტების მიღება დაიწყო. ამიტომაც არ გამორიცხვენ, სექტემბრის ბოლომდე რომ სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდეს. ე.წ. საზღვარი 1 აგვისტოს გაიხსნა და მას შემდეგ ინფიცირებულთა რაოდენობა სწრაფად გაიზარდა. თუ მაისიდან ივლისის ბოლომდე აფხაზეთში აღრიცხული ჰქონდათ კორონავირუსის 81 შემთხვევა. 31 ივლისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით კი, უკვე 249 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიმართ დახმარების შესახებ შეთავაზება დიდი ხანია გაკეთებულია, შესაბამისად ნაბიჯის გადმოდგმა ახლა მათზეა. თუმცა, მისივე თქმით, რაც უფრო ხშირად იქნება ქართულ მედიაში საუბარი ასეთ დახმარებაზე, მით უფრო შემცირდება აფხაზების მხრიდან ასეთი დახმარების მირების სურვილი. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი კი „რეზონანსთან“ საუბრისას აფხაზეთში ეპიდემიის “აფეთქებას” ე.წ. საზღვრის გახსნას უკავშირებს. მისი თქმით, ზრდა იმ გარემოებამ გამოიწვია, რომ ტურისტების დიდი ნაკადით შესვლა დაუშვეს, რადგანაც აფხაზეთში ეკონომიკურადაც საკმაოდ მძიმე სიტუაციაა”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ტექნიკურად მეტ-ნაკლებად აფხაზეთს მხარში როგორც საქართველოს ხელისუფლება, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები უდგას. ასევე მხადაჭერა რუსეთის მხრიდანაც აქვთ. მათ რამდენიმე მძიმე ავადმყოფი სოჭშიც კი გადაიყვანეს და იქ მკურნალობენ. არის სხვადასხვა მხარდაჭერა, მაგრამ ვერ უმკლავდებიან. არ ჰყავთ ექიმები და არ არიან ამ ვირუსთან საბრძოლველად მობილიზებულები. შესაბამისად, სიტუაცია კონტროლიდან გაექცათ. როგორც ვიცი, ახლა 2-3 კაცია საქართველოში საკუთარი ნებით გადმოსული. ანუ ამ დახმარებას აფხაზეთი არ ითხოვს, თუმცა არც წინააღმდეგობას უწევს. როგორც წესი, ასეთი მსურველები მაინც გალელები არიან, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან. ისინი მაინც ქართულ რეალობასთან ინტეგრირებული არიან და სამკურნალოდ ისინი გადმოდიან. როცა განიკურნებიან, არ ამბობენ ვინ განიკურნა, ამიტომაც ზუსტად არ ვიცით ეს ხალხი უკან დაბრუნდნენ, თუ ისევ მკურნალობენ. ერთი ორ კვირის წინ რომ გადმოვიდნენ, ეს ვიცი. თუმცა, რომ ვთქვა რომ ამას სისტემური ხასიათი აქვს, ასე არ არის”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.
“ზაქარეიშვილის თქმით, მას არ სმენია აფხაზეთიდან საქართველოში კორონავირუსზე სამკურნალოდ გადმოსვლა ფარულად ხდებოდეს, რადგან ეს ინფორმაცია მაინც საჯარო ხდება, რადგანაც სხვადასხვა ვალდებულებებით პროტოკოლებია ჩართული და ჩუმად ამის გაკეთება რთულია. შესაძლოა მსგავსი ფაქტი იყოს, თუმცა მას ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. რაც შეეხება აფხაზეთში კორონავირუსის მატების გამო მოსახლეობის განწყობას, ზაქარეიშვილი ამბობს, რომ როგორც საქართველოს სხვა დანარჩენი მოქალაქეები, აფხაზეთის მოსახლეობაც ამ ვირუსს შეეჩვია და ხალხში პანიკის მომენტები უკვე ნაკლებია. თანაც რუსეთი ამტკიცებს, რომ მათ ვაქცინა გამოიგონეს და აფხაზური მოსახლეობის დამშვიდება ამითაც ხდება. კონფლიქტოლოგი და კავკასიოლოგი მამუკა არეშიძეც ამბობს, რომ აფხაზურ მოსახლეობაში, მიუხედავად გაზრდილი შემთხვევებისა, კორონავირუსის არსებობის ნაკლებად სჯერათ. არეშიძე ამბობს, რომ როგორც საქართველოში, იქაც ვრცელდება ჭორები, რომ ეს ვირუსი ხელოვნურად არის მოგონილი და საშიში არაფერია. კონფლიქტოლოგი კორონავირუსის შემთხვევების ზრდას აფხაზეთში გაზრდილი ტურისტული ნაკადით ხსნის, მისი თქმი, აფხაზური მედია წერს, რომ ე.წ. საზღვარი მილიონამდე ტურისტმა გადალახა”, – დასძენს გამოცემა.
“მილიონი ტურისტი ძალიან დიდია, მაგრამ შეიძლება რამდენიმე ათასი ტურისტი ვივარაუდოთ. ჩრდილოეთ კავკასიაში, როგორც ვიცით, საკამოდ მძიმე მდგომარეობაა და გასაკვირი არ არის, რომ აფხაზეთში ასე მოიმატა. თუ ვივარაუდებთ, რომ ტურისტული სეზონი სექტემბრის ბოლომდე მყარად არის, დაინფიცირებულთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. დაახლოვებით იგივე აჭარის რეგიონშიც მოხდა. სადაც ადამიანების სიმჭიდროვეა და თავყრილობაა, გავრცელების მასშტაბი, რა თქმა უნდა, იქ უფრო დიდია. სხვათა შორის უნდა ითქვას, რომ აფხაზეთში ამ მიმართულებით ექიმების პროფესიონალიზმის დონე გაიზარდა. თუმცა შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ არის. პრინციპში ინფექციური საავადმყოფოს ფუნქცია გუდაუთის საავადმყოფომ აიღო, თუმცა კრიტიკულ მასას, თუ ასეთი შეიქმნა, ნამდვილად ვერ გაუძლებენ. რაც შეეხება საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებას, საკმაოდ აქტიურია. რაოდენობის თვალსაზრისით მართალია, შეზღუდულია, მაგრამ დახმარება მაინც ხდება“, – ამბობს გამოცემასთან საუბრისას მამუკა არეშიძე.