„მწვანე სკოლის“ დირექტორი ბაკურ სულაკაური ქართველი მათემატიკოსისა და პოლიტიკოსის, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის, გურამ ბერიშვილის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს და აქვე საინტერესო ისტორიას იხსენებს:
„1980-იან წლებში უნივერსიტეტში ვსწავლობდი მათემატიკის ფაკულტეტზე. ბევრ წიგნს ვკითხულობდი, რომელთა უმეტესობასაც მათემატიკასთან კავშირი არ ჰქონდა. შეიძლება ითქვას, ვკითხულობდი ყველაფერს, რაზეც ხელი მიმიწვდებოდა.
ერთხელ წიგნის მაღაზიაში ვიყიდე ფსიქოლოგიის ინსტიტუტის მიერ გამოცემული სამეცნიერო სტატიების კრებული საერთო სათაურით „დაწყებითი სწავლების ფსიქოლოგია“, სადაც პირველივე სტატიას ერქვა „გროვებით თვლა და მისი მეთოდურ-ფსიქოლოგიური მნიშვნელობა“. ავტორები საბჭოთა ტრადიციისამებრ ინიციალებით იყო მითითებული: გ.ბერიშვილი, ი.კოტეტიშვილი (მოგვიანებით გავარკვიე, რომ ესენი იყვნენ გურამ ბერიშვილი და იათო კოტეტიშვილი).
სტატიამ პირველივე წინადადებიდან გამიტაცა. ეს იყო მრავალწლიანი კვლევის და ექსპერიმენტების შედეგად შექმნილი მეთოდი იმაზე, თუ როგორ უნდა ისწავლებოდეს მათემატიკა პირველ კლასში და როგორ შეიძლება იქცეს მათემატიკის სწავლება ბავშვისთვის სახალისო, საინტერესო და ეფექტიან პროცესად.
გურამის და იათოს კვლევამ გადამაწყვეტინა მასწავლებელი გავმხდარიყავი და საკუთარი პრაქტიკით შემემოწმებინა ამ მეთოდის ავ-კარგი.
ასე გავხდი მასწავლებელი. დაწყებითი კლასების მასწავლებლად 8 წელი ვიმუშავე.
მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ამ იდეის ავტორს – გურამ ბერიშვილს – არა მხოლოდ პირადად გავიცნობდი, არამედ მასთან (და ქალბატონ იათოსთან) ერთად დღემდე ფართოდ გამოყენებულ მათემატიკის სასკოლო სახელმძღვანელოებს შევქმნიდი და დავუმეგობრდებოდი.
ბატონი გურამი 50-ს იყო გადაცილებული, საბჭოთა კავშირი რომ დაინგრა. ჩემი ნაცნობებიდან ერთადერთი იყო თავის თაობაში, ვისთვისაც უცხო იყო საბჭოთა ადამიანისათვის დამახასიათებელი სტერეოტიპები. აზროვნებდა წარმოუდგენლად თავისუფლად, უკომპრომისოდ და კრიტიკულად.
ძალიან მიჭირს ბატონ გურამზე წარსულ დროში საუბარი. ეს იყო ადამიანი, რომელმაც ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.
წუხელ გარდაიცვალა“, – წერს ბაკურ სულაკაური.