გენერალი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“როგორ ანგარიშობენ ჯარისკაცის შენახვის ხარჯებს თავდაცვაში?
კიდევ ერთხელ რეზერვის შესახებ
დაპირებისამებრ, ვაგრძელებ რეზერვის კონცეფციის, მობილიზაციის და გაწვევის საკითხებზე მსჯელობას. პრინციპში, აღარც ვაპირებდი ამ თემის გაგრძელებას. მაგრამ, რამდენიმე განცხადება გაკეთდა იმ ხალხის მისამართით, რომლებმაც საწინააღმდეგო ან კრიტიკული პოზიციის გამოხატვა გაბედეს. იმ რამდენიმე ადამიანში მეც ვიყავი. შესაბამისად, გარკვეულ მოსაზრებებს ისევ დავწერ.
თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ საკონტრაქტო სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურე უფრო იაფი ჯდება, ვიდრე სავალდებულო სამსახურში მყოფი. ეს „გაანგარიშება“ ასეთნაირად განმარტეს: საკონტრაქტო სამსახურში ერთხელ მოამზადებ და შემდეგ 4 წელი მსახურობსო, ხოლო სავალდებულო, ანუ ვადიან სამსახურში ყოველწლიურად გიწევს მომზადებაო.
ასეთ განცხადებებს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ბლოკი არა მგონია თავისით ამზადებდეს. თუ ასეა, ანუ თუ სამხედროებს არ ეკითხებიან, მაშინ აშკარად საკუთარ უფლებამოსიელბას აჭარბებენ. თუ სამხედრო სპეციალისტების, ან გენერალური შტაბის მიერაა ნაკარნახევი, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ – ყველანი გასათავისუფლებელია დაკავებული თანამდებობებიდან და გასაშვები არიან სასწავლებლად.
ახლა განვმარტავ რატომ.
შეიარაღებულ ძალებს ორი მდგომარეობა აქვს: საომარ პერიოდში ომობს, მშვიდობიან პერიოდში მუდმივადაა დაკავებული წვრთნებით.
ასეთი რამ ნორმალურ არმიებში არ არსებობს, რომ მოვამზადე (დავუშვათ 6 თვეში) და შემდეგ 3,5 წელი ის არაფერს აკეთებს, წვრთნებს არ გადის, ანუ მას პროფესიული მომზადებისათვის თანხებს აღარ ვახარჯავთ. მსგავსი რამ, ალბათ, მხოლოდ ჩვენთან არსებობს.
ნებისმიერი სახეობა (სახმელეთო ჯარები, საჰაეროძალები, ფლოტი), ნებისმიერი ბრიგადა, ნებისმიერი ბატალიონი, ნებისმიერი ასეული, ნებისმიერი ოცეული, ნებისმიერი ათეული, ნებისმიერი ჯარისკაცი, მშვიდობიან პერიოდში, ყოველ სამუშაო დღეს, დაკავებულია საბრძოლო მომზადებით, წვრთნებით წლის საბრძოლო მომზადების გეგმის თანახმად.
თქვენ ვერ დამისახელებთ ვერცერთ წარმატებულ არმიას, რომელიც მშვიდობიან პერიოდში დაკავებული არ არის საბრძოლო მომზადებით. ეს ეხება ყველა კატეგორიის სამხედრო მოსამსახურეს, რიგითი იქნება, სერჟანტი თუ ოფიცერი, ვადიან სამსახურში მყოფი თუ საკონტრაქტოში.
საბრძოლო მომზადებას აქვს თავისი ციკლი: იწყება სამხედრო მოსამსახურის ინდივიდუალური მომზადებით და მთავრდება მთელი შეიარაღებული ძალების სამეთაურო-საშტაბო და ტაქტიკური სწავლებებით. ამ ციკლში ძალიან მნიშვნელოვანია ბრიგადების შერწყმა.
ანუ ასეთი თანმიმდევრობა გვაქვს: ვიწყებთ ჯარისკაცების ინდივიდუალური მომზადებით (აქ არ იგულისხმება ე.წ. ახალგაზრდა ჯარისკაცის კურსი, რომელსაც ვასწავლით სამწყობრო ილეთებს, საყარაულო სამსახურს ან იარაღიდან სროლას, არამედ ჯარისკაცები გადიან ტაქტიკას, ტექნიკურ და სპეციალურ მომზადებას), შემდეგ ჯარისკაცებს ვამზადებთ ათეულების შემადგენლობაში, შემდეგ ათეულების შერწყმა ხდება ოცეულების შემადგენლობაში, ოცეულების ასეულებში, ასეულების ბატალიონებში და ბოლოს სრულდება ბრიგადის შერწყმით, ანუ ბატალიონების მომზადებით ბრიგადების შემადგენლობაში.
ბრიგადების შერწყმის დასრულების შემდეგ იწყება სამეთაურო-საშტაბო სწავლებები ჯარების სახეობებში. სრულდება საბრძოლო მომზადების ციკლი შეიარაღებული ძალების მასშტაბით სხვადასხვა სახის სწავლებებით. საველე გასვლები საბრძოლო სროლებით გათვალისწინებულია ამ ციკლის ყოველ ეტაპზე.
ახლა ავხსნათ რატომ იყო სსრკ-ს ჯარში ეს ციკლი გათვლილი ნახევარ წელზე. როგორც მოგეხსენებათ საბჭოთა არმია სრულიად სავალდებულო სამსახურზე იყო დაფუძნებული. იმისათვის, რომ არ მომხდარიყო ერთდროულად დიდი რაოდენობით მომზადებული ვადიანი მოსამსახურეების დათხოვნა და ახალბედების (მოუმზადებლების) გაწვევა, მივიდნენ მოდელზე, როცა ჯარი უნდა ყოფილიყო 2 წლიანი, გაწვევები კი ყოველ ნახევარ წელიწადში.
ზემოთ აღწერილი ციკლი მოერგო გაწვევიდან გაწვევის პერიოდს. ითვლება, რომ თუ სამხედრო ნაწილის დანაკლისი არემატება მესამედს, ის არაბრძოლისუნარიანი ხდება. შესაბამისად, 2-წლიან ჯარში 4-ჯერ გაწვევის სისტემა უზრუნველყოფდა, რომ ერთბაშად 25%-ზე მეტი დანაკლისი სამხედრო ნაწილებში არ იქნებოდა.
სასწავლო წელი დაყოფილი იყო 2 პერიოდად: ზამთრის და ზაფხულის. ახალწვეულები სასწავლო ღონისძიებებში ერთვებოდნენ მხოლოდ ე.წ. კარანტინის გავლის შემდეგ. ეს იმ შემთხვევაში, თუ პირდაპირ სამოქალაქოდან მიდიოდა წვევამდელი სამხედრო ნაწილში. საჰაერო თავდაცვის შენაერთებში ახალ შევსებას სასწავლო ცენტრებიდან ვიღებდით, სადაც ისინი 6-თვიან მომზადებას გადიოდნენ.
სასწავლო ცენტრებიდან მოსული სპეციალისტების მომზადების დონე ძალიან დაბალი იყო და გვიწევდა მოკლე ვადებში მათი ხელახალი მომზადება. ეს კი საბრძოლო მზადყოფნაზე აისახება.
თუ სასწავლო ცენტრებიდან ცუდად მომზადებული სპეციალისტები მოდიოდა, არ ნიშნავს, რომ სისტემა არ ვარგოდა ან ცენტრებში სპეციალისტების მომზადება არ შეეძლოთ. უბრალოდ, იქაც იგივე პრობლემები ჰქონდათ – დაკავებულნი იყვნენ სამეურნეო საქმიანობით. ამ პრობლემის მიზეზი კი სათავიდან მოდიოდა, არ დავკარგავ დროს.
ახლა წარმოიდგინეთ, რომ ასეთ სისტემაში სასწავლო ცენტრში ჯარისკაცი 6 თვე ყოფილიყო წრთვნებით დაკავებული? მაშინ ჯარები მიიღებდნენ კვალიფიციურ შევსებას და პრობლემაც ნაკლები იქნებოდა. თუმცა, კარგად მომზადებული სპეციალისტის მირება სულაც არ ნიშნავს, რომ ის 1,5 წელი შემდეგ აღარ მეცადინეობს.
რატომ იყო აქვს თვიანი ციკლი? იმიტომ, რომ ინდივიდუალური მომზადებიდან ბრიგადის შერწყმამდე უფრო მოკლე ვადებში ბრიგადის სათანადო დონეზე გაწრთვნა და შერწყმა არ ესწრება. რა თქმა უნდა შესაძლებელია უფრო ფორსირებული რეჟიმი, მაგრამ ეს მალა გადაქანცავს ოფიცერთა შემადგენლობას, რაც ასევე არასახარბიელოა.
შევეშვათ სავალდებულო სამსახურის 2-წლიან საბჭოთა მოდელს და დავუბრუნდეთ ისევ ჩვენს პრობლემებს.
დავიწყოთ იმით, რომ ასე ერთი ხელის მოსმით გადასწყვეტი არაა, გვესაჭიროება თუ არა სავალდებულო სამსახური. ეს საკითხი პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასა და უსაფრთხოებას. შესაბამისად არ შეიძლება იქცეს არც წინასაარჩევნო არც სხვა სახის სავაჭრო თემად.
მსგავსი საკითხები წყდება მთავრობაში, პარლამენტში, უშიშროების საბჭოში და საექსპერტო საზოგადოებასთან ფუნდამენტური განხილვების შედეგად. გადაწყვეტილება მიირება ერთხელ და ხანგრძილივი პერიოდით. არ შეიძლება ასე, მე კარგი ვარ გავაუქმე, შემდეგ მოვა სხვა, ისევ აღადგენს და ის იქნება ცუდი. ეს ბავშვობაა. თუმცა, ამ 25 წლის მანძილზე ყველანაირი ბავშვობა ვიხილე და აღარაფერი მიკვირს.
მოკლედ, რომელი უფრო იაფია, სავალდებულო სამსახური თუ საკონტრაქტო?
როგორც თავდაცვის სამინისტრო აცხადებს – იაფია საკონტრაქტო. მთელ მსოფლიოში კი მიჩნეულია, რომ საკონტრაქტო სამსახური უფრო ძვირია. წინა სტატიაში ვწერდი, რომ მხოლოდ სამი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელთა არმიები 100% საკონტრაქტო სამსახურზეა და იქვე განვმარტე მიზეზიც: აშშ და დიდი ბრიტანეთი საკუთარ ტერიტორიებზე ომს არ აპირებენ, ხოლო სხვის მიწაზე, განსაკუთრებით ოკეანს იქეთ, ვადიან მოსამსახურეს ომს ვერ დაავალდებულებ. ამიტომ იძულებულნი არიან დაიქირაონ. რაც შეეხება კანადას, ის საერთოდ არ აპირებს ომს. მას ერთი მეზობელი ჰყავს, აშშ. სხვა ტერიტორიებზე პრეტენზიები არ გააჩნია.
გამოდის, რომ მთელი მსოფლიო არასწორად ანგარიშობს, ჩვენ კი სხვა ფორმულები გაგვაჩნია.
აღარ ვეხები იმ საკითხს, რომ სავალდებულო სამსახური (ფუძე არის ვალდებულება, მოვალეობა) არ არის მხოლოდ არითმეტიკა და ციფრები. რას ნიშნავს, როცა ვამბობთ, რომ „საქართველოს ეს არ სჭირდება“? გერმანიას და საფრანგეთს, ან ისრაელს და შვეიცარიას სჭირდება და საქართველოს არა? იქნებ საქართველოს ყველაზე მეტად სჭირდება?
საუბრობდნენ, რომ როცა საჭირო იქნება ქუდზე კაცი გამოვაო, ხიდცების დასაცავად დიდი მომზადება არაა საჭირო, თოფიანი კაცი დადგებაო (სტილი დაცულია). არ ვიცი რა კომენტარი გავაკეთო. თოფიანი კაცი თოფიანი კაცისგან დაიცავს ხიდს, მომზადებული რუსი მედესანტის წინააღმდეგ კი მოსაკლავად თუ გვინდა გავწიროთ, კი ბატონო, დავაყენოთ თოფიანი კაცი.
და ბოლოს, კიდევ ერთხელ თავდაცვის სამინისტროს არგუმენტთან დაკავშირებით, რომ თითქოს „ვადიან მოსამსახურეს ყოველ წელიწადს ამზადებს, ხოლო საკონტრაქტოს ერთხელ ამზადებ და მერე 3 წელი მსახურობს“.
ჯერ ერთი, კარგადაა გასათვლელი რამდენი პროცენტი უნდა იყოს ვადიანი და რამდენი საკონტრაქტო. 100%-იც რომ იყოს საკონტრაქტო სამსახური, ისეთნაირად უნდა დაიგეგმოს მათი ხელშეკრულების ვადები, რომ ერთდროულად 20-25%-ზე მეტს არ გაუვიდეს სამსახურის ვადა.
ვადიან მოსამსახურეებს თუ ყოველწლიუად ვამზადებთ და სახლში ვუშვებთ, მათ რეზერვში ვრიცხავთ და ამით რეზერვს ვავსებთ. უფრო ზუსტად თუ გვსურს, – ერთი წელი არ ესაჭიროება ვადიანი მოსამსახურის მომზადებას, ნახევარ წელიწადშიც ესწრება, თუ გეგმიური საბრძოლო მომზადებით იქნება ჯარი დაკავებული. ამიტომ, შესაძლებელია ნახევარ წლამდეც შემცირდეს სავალდებულო სამსახური. მაგრამ, ამ შემთხვევაში, თუ გვეყოლება 2-3 ათასი წვევამდელი, მოგვიწევს მათი 100% დათხოვნა და ახალი შემადგენლობის აყვანა. ეს კი იმოქმედებს არმიის ბროლისუნარიანობაზე.
ის რომ ვადიანი მოსამსახურეები წვრთნებით არ არიან დაკავებულნი და ამიტომ უარი ვთქვათ, ეს არაა არგუმენტი. დავაკავოთ საბრძოლო მომზადებით, ვინ გვიშლის?
არ ისაა კვალიფიციური განმარტება, რომ საკონტრაქტო სამსახურის ჯარისკაცს ვამზადებთ ერთხელ და შემდეგ ის 3 წელი მსახურობს. მას ერთხელ ვამზადებთ, ვასწავლით კონკრეტულ პროფესიას: მეტყვიამფრქვევე, ქვემეხის გათვლის ნომერი, რადარის ოპერატორი და ა.შ.
პროფესიის ათვისების შემდეგ ის მუდმივად, მთელი სამსახურის განმავლობაში იმაღლებს პროფესიულ უნარ-ჩვევებს, როგორც თეორიულად, ასევე პრაქტიკულად. მუდმივად გადის წვრთნებს. ამის გარდა, მეთაურობა ცდილობს, რომ ის გადაამზადოს სხვა სპეციალობით, რადგან ერთი და იგივე საქმიანობა ადამიანს ბეზრდება, კარგავს მოტივაციას.
რასაც ახლა ვწერ, ეს ანა-ბანაა და ამ თეორიას ყველანი ფლობთ. მაშ რა ხდება? რატომ ვლაპარაკბთ ან ვაკეთებთ საწინააღმდეგოს?
წარმოგიდგენიათ ტანკის ეკიპაჟი, ან ქვემეხის გათვლა, ან მფრინავი თანამედროვე ომში? თუ მათ არ ექნებათ ინტენსიური წვრთნები რითი უნდა აჯობონ მოწინააღმდეგეგეს? მფრინავებს განსაკუთრებით მკაცრი მოთხოვნები აქვთ. საფრენოსნო მომზადების ჩაგდების შემთხვევაში, შესაძლოა აეკრძალოთ დაშვება ფრენების წარმოებაზე და მათი მწყობრში შეყვანა თავიდან, ცალკე დამტკიცებული გეგმით ხდება. შეიძლება ვთქვათ, რომ მფრინავს ერთხელ ვამზადებთ შემდეგ მსახურობს და მასზე არაფერი იხარჯება? არა. მფრინავი ყოველთვის დაფრინავს, ვითარდება, იმაღლებს საფრენოსნო მომზადების დონეს.
ანალოგიურადაა სხვა სპეციალისტებიც როგორც ავიაციაში, საჰაერო თავდაცვაში, ასევე სახმელეთო ჯარებში. ტანკისტები მუდმივად გადიან წვრთნებს, ატარებენ სროლებს, მძროლი-მექანიკოსებიც მუდმივად იმაღლებენ ინდივიდუალურ მომზადებას.
საბრძოლო მომზადება ძვირი ჯდება და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვადიანი მოსამსახურე ხარ თუ ზევადიანი, სავალდებულო სამსახურში ხარ თუ ხელშეკრულებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბრძოლო მომზადების ხარჯები აბსოლუტურად ერთნაირია, თუ მთელი სამსახურის განმავლობაში ჯარისკაცი (ხელშეკრულებითაა ის თუ ვალდებულებით) გადის მუდმივ წვრთნებს. საბრძოლო მომზადების გარდა, საკონტრაქტო სამსახურში მყოფ სამხედრო მოსამსახურეს ემატება მაღალი ანაზღაურება და სოციალური პაკეტები, ასევე საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა.
რამდენიმე სიტყვით რეზერვის კონცეფციის შესახებ. ადრე გავაკეთე კომენტარები და სტატიაც გამოვაქვეყნე. ამიტომ არ განვმეორდები. მხოლოდ ვუპასუხებ იმ ჩემი წინა ინტერვიუს და სტატიის შემდეგ გავრცელებულ ინფორმაციებს/განცხადებებს.
ვიმეორებ, კარგია, რომ ვმუშაობთ კონცეპტუალურ დოკუმენტებზე. ცუდია, რომ რეზერვის კონცეფციას არ იხილავღ ამ საქმის სპეციალისტებთან და შემოიფარგლებიტ სტუდენტობით ან არასამთავრობო ორგანიზაციებით.
ამ პერიოდში მქონდა რამდენიმე ადამიანთან კომუნიკაცია. შევთანხმდით შეხვედრაზე. დავპირდი ჩემი მოსაზრებების მიწოდებას. ამ შეხვედრით ისინი ხომ არაფერს დაკარგავდნენ? არც ახლა ვაჟღერებ მათ ვინაობას, არც შეხვედრის შემთხვევაში გავაჟღერებდი. რატომ გადაიფიქრეს? მე ამ კითხვებზე პასუხი ვიცი და მათგან არ ველოდები. თან არცერთი არაა რეზერვის ან მობილიზაციის სპეციალისტი, თუმცა გეკამათებიან.
კიდევ ერთი. სპეციალისტების რეზერვი ეს არაა არც სიახლე და არ შეიძლება ამ საკითხის ავტორობა მიიწეროს ვინმემ. ტერმინი, რომელიც გააჟღერა ერთ-ერთმა ჩინოვნიკმა – „სამხედრო სააღრიცხვო სპეციალობა“ არაა ჩვენი გამოგონილი. ესაა რუსულიდან სიტყვა სიტყვით ნათარგმნი (военно-учетная специальность) და ამ ტერმინს საქართველოში 25 წელია ვიყენებთ. ის რომ სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობები მიენიჭებათ სპეციალისტების რეზერვს მომავალში, ეს კარგია, მაგრამ კითხვა მაქვს: აქამდე არ ანიჭებდით და ისე რიცხავდით რეზერვში?
ამ ყველაფერზე კანონი გვაქვს მობილიზაციის შესახებ. მაგრამ კომისარიატები როცა გავაუქმეთ და გაუგებარი პროფესიის ხალხს ჩავაბარეთ ეს საკითხები გამგეობებში, როცა მობილიზაციის სპეციალისტები გავყარეთ ჯარიდან წლების წინ და ახალი თაობების მომზადება არ მოხდა, მაშნ დაიკარგა სპეციალისტების რეზერვის სკოლა. ახლა კი ველოსიპედს ახლიდან ვიგონებთ. სიმართლე კი გწყინთ.
ნახევარი წელი 10-გვერდიანი კონცეფციის მომზადება-განხილვას მოვანდომეთ. კარგია ეს პროცესი, მაგრამ პარალელურად ამ სამ წელიწადში ვინ გვიშლიდა ხალხის გაწვევას, მომზადებას და რეზერვში ცარიცხვას? დაგველოდებიან სანამ ჩვენ ყველაფერს დავწერთ, განვიხილავთ, კარგად მოვემზადებით და მერე შემოგვიტევენ.
ამირან სალუქვაძე
ბრიგადის გენერალი