“აგვისტოს ომის მე-11 წლისთავის შემდეგ ვითარება თანდათანობით იძაბება და უკვე სახიფათო ხასიათს იღებს. სოფელ გუგუტიანთკარის ცნობილი მოვლენების შემდეგ, ბოლო 2 დღეში “საზღვრის უკანონო კვეთის” ბრალდები ოკუპანტებმა 9 მოქალაქე გაიტაცეს, რომელთა “სასამართლო პროცესიც” ცხინვალში ორშაბათსაა დაგეგმილი. რატომ ძაბავენ ოკუპანტები და მათი მარიონეტული ხელისუფლება სიტუაციას და რა პროცესები შეიძლება განვითარდეს კიდევ უფრო მასშტაბური გამწვავების შემთხვევაში? კვირას, 18 აგვისტოს სოფელ მეჯვრისხევიდან ოკუპანტებმა კიდევ ერთი ადამიანი გაიტაცეს. 30 წლის სოსო დვალიშვილის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება და ოჯახს არავინ დაკავშირებია. მანამდე კი, საქართველოს რვა მოქალაქე დასახლებულ პუნქტ აძესარში “საზღვრის” უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს, დაკავებულები სოფელ ახალუბნის მცხოვრებლები არიან. ისინი წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში იყვნენ წასული, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით განახლებული ბორდერიზაცია და ეკლესიიდან გატაცებული მოქალაქეები – რატომ დაიწყეს ოკუპანტებმა სიტუაციის დაძაბვა.
“კონფლიქტოლოგ მამუკა არშიძის განმარტებით, ბორდერიზაციის პროცესის განახლება და ორი დღის განმავლობაში საქართველოს 8 მოქალაქის დაპატიმრება შემთხვევითი პროცესი არაა და ემსახურება რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რესპუბლიკის მიერ იმის დემონსტრირებას, რომ გააკეთებენ იმას, რაც მათ უნდათ და არც საერთაშორისო კრიტიკას არ მიაქცევენ ყურადღებას. არეშიძის თქმით, რუსები მხოლოდ მანიპულაციას გააგრძელებენ, ხოლო სამხედრო ოპერაციების დაგეგმვა-განხორციელებას არ აპირებენ. “ევროპელი დემოკრატების” ლიდერი პაატა დავითაია აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში ე.წ. საზღვარზე სიტუაციის გამწვავება მიზანმიმართულია და მიზნად ისახავს რაც შეიძლება მეტი ტერიტორიის დაკავებას. პაატა დავითაიას აზრით, სიტუაციის გამწვავება უკავშირდება იმას, რომ საქართველო საერთაშორისო არეალზე აქტიურობასა და რუსეთის აგრესიისთვის გარკვეული წინააღმდეგობის გაწევას ცდილობს”, – აღნიშნავს გამოცემა.
“მე მგონია, რომ ამ ყველაფერს პროვოკაციის სუნი ასდის, რადგან გუგუტიანთკარს 2008 წლიდან მოყოლებული უცნაური სპეციფიკა ჰქონდა. მე თვითონ არაერთხელ ვარ იქ ნამყოფი და ვიცი, რომ მანდ სულ სამი თუ ოთხი სახლი იდგა, რომელშიც ხალხი ცხოვრობდა და ერთ-ერთი მათგანი იყო ბატონი ამირანი, რომლის სახლზე გადიოდა ეს პირობითი ხაზი. მისი სახლის ერთი ნაწილი აქეთ მხარეს იყო მეორე კი – იქით. ასეთი პარადოქსალური სიტუაცია იყო. ორივეგან იდგა პოსტები: “საზღვარს” იქით რუსულ-ოსური, აქეთ კი ქართული და ჯერ კიდევ მაშინ ძალიან უსიამოვნო სიტუაცია იყო შექმნილი. ახლა, როგორც ჩანს, რადგან ყველაზე გამოსაჩენი ადგილი სწორედ გუგუტიანთკარია, გადაწყვიტეს ამის განსაკუთრებულად ხაზგასმა ისე, რომ საქართველოს ხელისუფლების დასჯის პროცესი დაინახოს ყველამ და იმის დემონსტრირებისთვის, რომ რუსეთს რაც უნდა იმას აკეთებს და გასდის კიდეც. ამ ფონზე ოპოზიციის ლაპარაკი იმის შესახებ, რომ ეს მთავრობა არის რუსეთუმე, უბრალოდ აბსურდულია და მიკვირს ხოლმე, რადგან, პრინციპში, ეს იმის მაჩვენებელია, რომ საქართველოს ხელისუფლება და მისი პარტნიორები ვერაფერს აკეთებენ. ამ ტიპის გზავნილები მხოლოდ ქართული საზოგადოებისთვის არ არის – ეს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მისამართითაცაა, რომ ისინი რუსებისთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენენ”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.
“ეს არის ძალისა და საკუთარი სურვილისამებრ მოქმედების მუდმივი დემონსტრირება. ისინი სამხედრო ოპერაციას, დარწმუნებული ვარ, რომ არ გეგმავენ. დემონსტრირებაა იმისა, რომ რა სურვილიც აქვთ, იმას გააკეთებენ საქართველოს პოლიტიკური ელიტისა და ჩვენი პარტნიორების პოზიციის მიუხედავად. ეს უნდა განვიხილოთ გეოპოლიტიკურ ჭრილში – ბორდერიზაცია არის საქართველოს მიწების მიტაცება, რუსეთის გეოპოლიტიკური აქტიურობის ერთი პატარა ეპიზოდი. როდესაც ჩვენი პარტნიორებისთვის სამაგიეროს გადახდა უნდათ, ჩვენს ტერიტორიაზე იწყებენ მოქმედებას. კარგი იქნება, თუ ქართული საზოგადოება ამას გაიგებს, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ყოველთვის ყურადღებით უნდა ვიყოთ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ცოტა ხნის წინ ჩატარდა კასპიის პირველი ეკონომიკური ფორუმი, სადაც ძალიან აქტიურად დადგა თურქმენეთიდან ევროპისაკენ, საქართველოსა და აზერბაიჯანის გავლით გაზის ტრანსპორტირების საკითხი. ადრინდელი პროექტები, რომელიც ჩაიშალა, ახლა რეანიმაციის პროცესშია, ხოლო რუსეთისთვის ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი”, – განაგრძობს არეშიძე.
“მართალია, ეს პროექტი ჯერჯერობით მხოლოდ ჩანასახშია, მაგრამ ისეთი სერიოზული ორგანიზაცია უჭერს მხარს, როგორიცაა ევროკავშირი. თუ გახსოვთ ანგელა მერკელის ვიზიტი საქართველოსა და აზერბაიჯანში ამ თემას ემსახურებოდა. არ უნდა რუსებს, რომ ეს პროექტი შედგეს, აქედან გამომდინარე ასეთი ტიპის აქტივობები – მოქალაქეების გატაცება-დაპატიმრება, „საზღვრების” გადმოწევა, სულ იქნება. ჩვენება იმისა, რომ საქართველო სუსტი სახელმწიფოა, ის, რომ საქართველოს ხელისუფლებისა და ქვეყნის პარტნიორების აზრი არ აინტერესებთ, არის ერთგვარი პოლიტიკური დემარშები, რომელიც გზავნილად გვევლინება როგორც ქართული საზოგადოებისთვის, ასევე ჩვენი პარტნიორებისთვის”, – დაასკვნის მამუკა არეშიძე.