მსახიობები დავით კვირცხალია და ზურაბ ანთელავა სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” გადასაღებ მოედანზე დამეგობრდნენ, განსხვავებით მათი კინოგმირების კვაზი მანტკავასა და გრიშა კაკაჩიასაგან, რომლებიც ბავშვობიდან ერთად მოდიან და ე.წ. მეგრულ კლანს ერთად უდგანან სათავეში. თუმცა ახლა მსახიობებს რეალურად უფრო დიდი მეგობრობა აკავშირებთ, ვიდრე კვაზისა და გრიშას.
გამოცდილმა მსახიობებმა თავიანთ პერსონაჟებს ბევრი რამ შესძინეს, ზუსტად დაიჭირეს ის ხასიათი, რაც ხალხს ძალიან მოსწონს. ინტერვიუს დროს ერთმანეთს ეკრანული გმირების სახელებით მიმართავდნენ და იკამათეს კიდეც.
დავით კვირცხალია: მე და ზურას “ჩემი ცოლის დაქალებში” მოხვედრამდეც საკმაოდ კარგი ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ ასეთი მეგობრები არ ვიყავით. მას, როგორც მსახიობს, კარგად ვიცნობ და ვაფასებ. თელავის თეატრში რომ მუშაობდა, იმ დროიდან ვიცი მის შესახებ.
ზურაბ ანთელავა: მე უფრო ადრეც გიცნობდი.
დავითი: უფროსი ვარ და იმიტომ.
ზურაბი: მიხეილ თუმანიშვილის ჯგუფში ვსწავლობდით ორივე. ამან დაამთავრა და მე შევედი. ერთი პედაგოგის, ერთი “მამის” შვილები ვართ.
დავითი: დღეს რამეს თუ წარმოვადგენ, ყველაფერი თუმანიშვილის “ბრალია”. დღეს ყველაზე დიდი ფიგურები ვინც არიან ამ დარგში, ყველა მისი ნამოწაფარია… ზურას გამოჩენას სიხარულით შევხვდი, ვიცოდი, ადვილი იქნებოდა მასთან მუშაობა. ერთი ყაიდის ვართ სერიალში. ეს ცოტა ფიცხი და ნერვულია, მე – უფრო დინჯი და დალაგებული.
ზურაბი: ეს მაინც სამტრედიაშია გაზრდილი, მე – სამეგრელოში. იმერული ძალიან კარგად აქვს აღებული. მე კი ვარ ფიცხი და ვცდილობ, თავი შევიკავო და ამაში ეს მიწყობს ხელს.
დავითი: როგორც კი ზურა მოვიდა პავილიონში, იმ დღიდანვე დაიწყო ჩვენი მეგობრობა. მონახაზზე წინასწარ ვთანხმდებით. ალბათ ესეც არის წარმატების მიზეზი და სხვებიც ასე იქცევიან. არამხოლოდ მეგრელების “კოალიციაა” წარმატებული, სხვებიც კარგები არიან. უნიჭიერესი ხალხია შეკრებილი. საწყენი იქნება, ეს ჯგუფი თუ დაიშლება.
– ხედავთ საშიშროებას, რომ ეს ჯგუფი დაიშალოს? ახალ არხზე გადადიან და სადაც წავლენ, წაჰყვებით?
დავითი: წავყვებით და “კრეატივთან” ერთად სიამოვნებით ვიმუშავებთ. კერძო საუბარში მითხრეს, რომ მალე იქნება ახალი ტელევიზია. ჩვენ მიწვეული მსახიობები ვართ. მე რუსთაველის თეატრის მსახიობი ვარ, ზურა – ზუგდიდის. მომივა სცენარი, გავეცნობი, მომაკითხავს მანქანა, გადამიღებენ და მიშვებენ.
ჩემთვის წარმოუდგენელი ბედნიერებაა ქეთი დევდარიანი, რომელსაც შეუძლია ჩვენზე იფიქროს ამდენი წელი! ოჯახი აქვს, ალბათ – პრობლემებიც, მაგრამ სიამოვნებით წერს ჩვენზე სცენარებს. კიდევ, რეჟისორი გიორგი ლიფონავა რომ არ ყოფილიყო, ჩემი როლი ალბათ ასე არ განვითარდებოდა.
ორ ეპიზოდზე ვიყავი მიწვეული და დამირეკა, ჩანაფიქრი გვაქვს, იქნებ ერთხელ კიდევ მოხვიდეო. მას მერე დაიწყო და დაიწყო. სულ სხვა წარმოდგენა მქონდა მასზე. მივედი და ვნახე დახვეწილი რაინდი, ნიჭიერი, ფიზიკურად დახატული კაცი! სხვა რა არის ბედნიერება შენს საქმეში, თუ არა ასეთ ხალხთან ურთიერთობა და სამუშაო, რომელიც უკვე მე-5 წელია არსებობს ჩემს ცხოვრებაში.
ზურაბი: შემოქმედება და პოლიტიკა უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან. ჩვენ ჩვენს სათქმელს ვამბობთ. ჩვენს წუხილს ვამბობთ და საზოგადოებას ვაჩვენებთ, რა გვაქვს სამკურნალო. ადამიანის მისია სწორედ ეს არის.
– და მერე როგორი სამკურნალოა კვაზი!
ზურაბი: და ამ მდგომარეობაში ჩამაგდო ერთმა სულიერმა, აგერ გვერდით რომ მიზის! თუ რამე ჭირი მჭირს, სწორედ ამისგან – გადამკიდა ერთი ქალი, გადამკიდა მეორე ქალი… რას მერჩი?!
დავითი: მე?! არანაირი ქალი არ გადამიკიდებია! სიუჟეტს ყვება? მანდ მე რა შუაში ვარ, ეგ ხომ “ზემოთ” იხარშება?! ზურა სცენაზეც მინახავს და ტაშიც დამიკრავს მისთვის, მაგრამ განსაკუთრებით ამ უენო სცენებში მომწონდა. ისე კარგად იყენებდა თვალის ჩაკვრას და თითების ჩვენებას დოშკას მისამართით, ვგიჟდებოდი! ვიცოდი, უნდა წამომდგარიყო რაღაც მომენტში, მაგრამ მართლა განვიცდიდი, ვფიქრობდი, როგორ წამომეყენებინა. შესანიშნავად გადაწყვიტეს ეს.
ზურაბი: ფინალი სასწაული გამოსულა! ისეთი ალალი ჩახუტება გამოგვივიდა…
დავითი: ბავშვებივით ვითამაშეთ.
ზურაბი: ამით ვაჩვენეთ, რომ რაც უნდა მოხდეს, ბავშვობიდან დაწყებული ურთიერთობა არავინ და არაფერმა უნდა შეარყიოს.
– კვაზი იტყუებოდა, ვითომ პარალიზებული იყო, გრიშა “ეფლირტავებოდა” დოშკას, რომლის ცოლად შერთვაც კვაზის უნდოდა. ცხოვრებაში მეგობარმა რომ ასეთი რამ გაგიკეთოთ, აპატიებთ?
დავითი: მერე როგორ ნიჭიერად გადაუხადა გრიშამ! ყაიმია! ნანა შონია (დოშკას როლის შემსრულებელი. ავტ.) ხომ გენიალური ქალი და სასწაულია!
ზურაბი: პირველად რომ გამოჩნდა და უარი რომ დაგვარტყა…
დავითი: მე – არა, შენ დაგარტყა! გრიშასთვის უარი არ უნდა ეთქვა დოშკას!
ზურაბი: ვითომ რატომ?! მე თუ მითხრა უარი, შენთვის რატომ არ უნდა ეთქვა?!
დავითი: შენ იგონებ რაღაცებს და მე გამოგიყვანე დეპრესიიდან! სიკეთეს თესავს გრიშა კაკაჩია და ვერავინ ხვდება!
– იმპროვიზაციას მიმართავთ სერიალში?
დავითი: ბუძის მეძახიან და ვჩხუბობ, არ დამიძახოთ-მეთქი. ეს სიტყვა ზურამ შემოიტანა.
ზურაბი: ბიძაჩემი, ინდიკო ანთელავა, ძალიან ცნობილი იყო ანთელავებში. მან იცოდა ასე მოფერება, ბუძი, ბუძიო. დოჩისთან ურთიერთობა რომ უნდა ამეწყო, პირველი აზრი, რაც დამებადა, უნდა მოვფერებოდი და ვუთხარი, ბუძი-მეთქი და წავიდა და წავიდა. ზუგდიდში ყველა ბუძის მეძახის. ჩემს ბიჭს თელავში კვაზიევიჩს ეძახიან.
– სერიალში მდიდარი ბიზნესმენები ხართ. ხალხი ამას როგორ აღიქვამს, მართლა მილიონერებთან ხომ არ გაიგივებენ?
დავითი: კი, ვგონივართ. მწერენ, დაგვეხმარეო. მე თვითონ მჭირდება დახმარება – ჩემი სიდედრი 2 თვეა საავადმყოფოში წევს, ინსულტი აქვს, აპარატზეა შეერთებული და ფულს ვუხდი, რადგან ბიუჯეტიდან მისთვის გამოყოფილი თანხა უკვე ამოიწურა. ერთმა ბავშვმა იმ მაღაზიაში მნახა, ყველაფერს ლარად რომ ყიდიან და ტირილი დაიწყო, ამას აქ რა უნდაო.
ზურაბი: კვაზი ბატონო, ერთი 100 ლარი გექნება და იქნებ მომცეო – მაღაზიის წინ მითხრა ერთმა, სადაც 10 ლარით შევდივარ და რაღაცები “პოსლეზე” გამომაქვს. გაიგივებენ, მაგრამ ეს სასიამოვნოც არის. მაჩერებენ, ბატონო კვაზიო.
დავითი: ჩემთვის დიდი ბედნიერება იყო, როდესაც გია ყანჩელმა მითხრა, კარგი ხარ სერიალშიო. ეს ხომ მოსიარულე გენიოსია?! გული შემეკუმშა სიხარულისგან.
ზურაბი: ბათუმში გიორგი ოვაშვილის ფილმ “ხიბულას” ჩვენება სანამ დაიწყებოდა, ბატონმა გია ყანჩელმა დამიძახა. გამშრალი მივედი. მითხრა, გიყურებთო. ისეთ დეტალებში გამიშალა ჩემი ხაზი, ისე სიამოვნებით იხსენებდა მონაკვეთებს სერიალიდან… ამხელა მაესტრო რომ ამას გეტყვის…
დავითი: ხომ ანტვერპენში ცხოვრობს, მომიყვა, იქ მყავს იქაური მოახლე ქალი, რომ გავიგებ კარის ხმას, ოთახიდან ვუყვირი: “ლამარა!”. შიშით შეხტება ხოლმე და ვერ ხვდება, რას და რატომ ვეძახიო. ისე გემრიელად იცინა ამაზე… მინდა, დიდხანს იცოცხლოს.
ზურაბი: ჩვენი ვაი თუ უი პოლიტიკოსებიც უყურებენ. მეტყვიან ხოლმე, არ ვუყურებ “რუსთავი 2”-ს, მაგრამ ის ეპიზოდი მომეწონაო. თუ არ უყურებ, როგორ მოგეწონა?!
დავითი: ჩვენი ხათრით უყურებენ!.. ლამარას (ლამარას როლის შემსრულებელი, მსახიობი მარინა დარსალია. ავტ.) არ უთხრათ, მაგრამ მან რეალურ ცხოვრებაში არაფრის კეთება იცის! ერთხელ წვეულება მქონდა და ვიფიქრე, მომეხმარება, თან ყველას გაუხარდება, ლამარა რომ იტრიალებს-მეთქი. რაზეც ვუთხარი, ეს გააკეთე-მეთქი, ყველაფერზე მითხრა: “დედაა, მე არ ვიცი ეს, დათო!”. აბა, რატომ მოხვედი-მეთქი. მეგონა, დამპატიჟეო.
ზურაბი: კლავს საწყალ ლამარას, ატერორებს. იქ ხომ რეებს უკეთებს და ისედაც რა დღეშია, უნდა ნახოთ. ამის ყბაში ჩემი მტერი ჩავარდა!
– თქვენი ცოლები კარგი დიასახლისები არიან?
ზურაბი: მეუღლე კახელი მყავს და მეგრულ კერძებს თავად ვაკეთებ.
დავითი: და სულ ჩვენ გვრჩება, რადგან მწარეს აკეთებს და ისინი ვერ ჭამენ.
ზურაბი: ღომი, ელარჯი, ჭვიშტარი, გებჟალია – ყველაფერი ვიცი.
დავითი: მე არ ვიცი სამზარეულო. თუ არავინაა სახლში, შეიძლება მჭადის ფქვილი კოვზით მოვზილო და გამოვაცხო. ჩემმა ცოლმა ყველაფრის კეთება იცოდა. ახლა ჩემსავით დაბერდა. არასოდეს ვიყავი მომთხოვნი, რაც იყო, იმას გეახლებოდით.
– რითი ჰგავხართ თქვენს გმირებს?
დავითი: ზურა ყველაფრით ჰგავს კვაზის! გადასარევად იყო თელავის თეატრში, კახელები ტაშს უკრავდნენ… დაკრა ფეხი, ესპანეთში წავიდა და 10 წლის მერე ჩამოვიდა. კვაზი ფრანგულად ელაპარაკება შვილიშვილ ბარბარიკას. ესეც კი იცის დევდარიანმა და დაუკავშირა.
ზურაბი: გასაუბრებებზე ყველაფერი გამოიკვლიეს. მისმენდნენ, რა და როგორ მინდოდა. ჩავიფიქრე, ჩემი გმირი ისეთი ყოფილიყო, როგორიც თავად მინდოდა, ვყოფილიყავი – განათლებული, მრავალმხრივ საქმის მცოდნე, ხიდი ურთიერთობებისა და ქართული ფესვი. ძველი ფეოდალური გადმონაშთი გამოვიდა, უკანასკნელი მოჰიკანივით. უნდა, რომ რაღაც ქართული გადაარჩინოს.
ვიღაცამ რომ დაიწყო, შენ უნდა გააგრძელო. ეს არის ერის, ოჯახის, საზოგადოების განვითარება. ასეთი მგონია კვაზი და ასეთი ვარ მე. ჩემეულ ინტერპრეტაციას ვაჩვენებ საზოგადოებას.
დავითი: ბევრი წიწაკა აქვს ნაჭამი და არ იცის, ვისზე გაბრაზდეს. სამყარო მიაჩნია მტრად, ყველაზე ბრაზდება. მგონი, მალე რაღაცას გაახსენებენ ამას – ცოლი გარდაეცვალა საეჭვო ვითარებაში. კიბიდან გადმოვარდნილა ქალი და, მგონი, ეს “დაეხმარა”.
ზურაბი: გამორიცხულია! ბოროტი ხმა დადის! გრიშას ცოლი გვერდით არ ჰყავს. იცით, რატომ ეძებს კვაზი ქალს? ჩახუტება გინდა, ჩხუბიც გინდა… ასე შორს ქალის ყოლას რა აზრი აქვს, ვერ გათბები!
დავითი: შეიძლება ცოლთან იყო 24 საათი, მაგრამ მაინც სხვაგან იყო, რადგან სხვა იდეალების და მისწრაფებების მატარებელი იყო. რა ქნას გრიშამ, აქ ვერ დარჩებოდა, რადგან ფული იქ უნდა ეშოვა. უფულოდ კი თავისუფლება არ არსებობს.
ზურაბი: კვაზის პერსონაჟმა ისეთი პოპულარობა მომიტანა… ზუგდიდის რეგიონის ხელმძღვანელს შევხვდი შემთხვევით და შემომთავაზა, მათ თეატრში გადავსულიყავი და აგვეღორძინებინა. ეს ჩემმა წარმატებულმა სახელმა განაპირობა. უნდა, ცნობადი პიროვნება იყოს მათ ქალაქში, თეატრში… სპეციალურად შემხვდა ქალაქის მერი. მითხრა, იქნებ რამე მოვახერხოთ, რომ ზუგდიდის თეატრის სახელმა ისევ დაიქუხოსო. ეს გამიკეთა კვაზი მანტკავამ – მომკიდეს ხელი და მიმიყვანეს საქმის გასაკეთებლად.
– გრიშა კაკაჩიას რითი ჰგავხართ, ბატონო დავით?
დავითი: არაფრით! ფულის სიყვარულით. გრიშას რომ მოსწონს, ისეთი ადამიანები არ მომწონს. სხვადასხვა კრიტერიუმები გვაქვს, თუნდაც სილამაზის აღქმაში. სილამაზეს მხოლოდ ლამაზ ქალში ვხედავ ყოველგვარი ქვენა გრძნობების გარეშე. ლამაზ ქალს რომ ვხედავ, თვალს ვერ ვაშორებ. ახლა აკრძალულია და ჩუმად ვიხედები ხოლმე.
– მერე, მეუღლე არ ბრაზდება?
დავითი: ალბათ, მაგრამ რაღა დროს ეგაა?! ცოდვები კი მაქვს, მაგრამ საეჭვიანო არასოდეს მიმიცია. ცოლის ჯინაზე კი არ ვუჭვრიტინებ ლამაზ ქალებს, სილამაზეს ვუჭვრეტ. ვინც ახალგაზრდობაში მომწონდა, იმ ქალებს მერე ცნობილი მხატვრები ხატავდნენ, ანუ მაღალ სტანდარტებს ემთხვეოდა ჩემი აღქმები.
ზურაბი: “ფეისბუქზე” რომ დავალაიქებ რამეს, მწერენ, არ გრცხვენიაო. რისი უნდა მრცხვენოდეს, მშვენიერების აღქმის?! განსაკუთრებით მომწონს, პლასტიკური გადაწყვეტები რომაა, ბალერინების სასწაული პლასტიკა…
– ცხოვრებაშიც უბრაზდებით ერთმანეთს?
დავითი: ერთხელ 30 ლიტრი ღვინო გამომიგზავნა ზურამ და არ გადამიხდია ის ქეიფი და აღარ დავპატიჟე. შეიძლება ბრაზდება, სად წაიღო ის იმდენი ღვინოო…
ზურაბი: შენია, ბიჭო, ის ღვინო, შენი!
დავითი: კვაზის და გრიშას მეგობრობა შეიძლება დამთავრდეს, მაგრამ ზურას და დათოს მეგობრობა გაგრძელდება. ისეთ ასაკში ვართ, ჩხუბი უფრო ადვილია. კი არ ვჩხუბობთ, ვჯიჯღინებთ.