“უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის 63-ე დღე – აფეთქებების ხმა ისმოდა პოლტავაში. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის ძალების იერიშებს ხარკოვში 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 7. დაბომბვებს მსხვერპლი მოჰყვა დონეცკშიც. რუსული მედია ლუგანსკის რეგიონში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ნაწილში საბრძოლო მასალების საცავში აფეთქებების შესახებ იუწყება. კვლავ რთულ პირობებში რჩებიან მოქალაქეები მარიუპოლში. ქალაქის საბჭოს ინფორმაციით, აზოვსტალის ქარხანაში სულ მცირე 2 ათასი ადამიანია, მათ საკვები და მედიკამენტები სჭირდებათ. უკრაინელმა სამხედროებმა მიკოლაევის ოლქის სამ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი აღადგინეს. უკრაინის თავდაცვის უწყების ცნობით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ათას 300 რაკეტა გამოიყენა. კანადა კი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სახით ჯავშანტექნიკას შეიძენს”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ვინ ხელმძღვანელობს რეალურად რუსეთის არმიას უკრაინაში და ვინ გეგმავს სამხედრო ოპერაციებს.
“რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის შედეგად მარიუპოლში, ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის რაოდენობამ უკვე 20 ათასს გადააჭარბა. პარალელურად, მორიგი მასალა გამოაქვეყნა აზოვის ბატალიონმა – კადრები აღწერს, რამდენად მძიმე პირობებში იმყოფებიან აზოვსტალის ქარხანაში მყოფები. ფოტოებზე აღბეჭდილია, რა ვითარებაში უწევთ დაჭრილ სამხედროებს იქ ყოფნა, მათ არ აქვთ არანაირი სამედიცინო დახმარება. აზოვსტალის ქარხანაში იმყოფებიან ქალები, ბავშვები და მოხუცები. რთული ვითარებაა საკვების, წყლისა და წამლების კუთხით. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესსპიკერი, ოლექსანდრ სტუპუნი აცხადებს, რომ მარიუპოლის მიმართულებით მასშტაბური ინტენსიური იერიშები გრძელდება”, – აღნიშნავს გამოცემა.
“მარიუპოლის მიმართულებით მტერი მასშტაბურ იერიშს აწარმოებს, ბლოკადაშია ჩვენი ქვედანაყოფები აზოვსტალის ქარხნის მიდამოში. ქალაქში ოკუპანტები აგრძელებენ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ფილტრაციის პროცესს. მხოლოდ დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქებში, უკრაინელმა სამხედროებმა, მტრის 9 თავდასხმა მოიგერიეს. საოკუპაციო ძალების უდიდესი აქტიურობა შეიმჩნევა სლობოჟანსკის და დონეცკის მიმართულებით. მტერი ზომებს იღებს, რომ საომარი მოქმედებების დროს დანაყოფები შეავსოს. ოკუპანტები აგრძელებენ სარაკეტო დარტყმებს უკრაინის საცხოვრებელ უბნებზე. მტერი აგრძელებს საჰაერო დარტყმებს ქალაქ ხარკოვის ინფრასტრუქტურაზე. მტერმა დაიპყრო ველიკა კომიშუვახას დასახლების ჩრდილო-აღმოსავლეთი გარეუბნები, ასევე დაამყარა კონტროლი ზავოდის დასახლებაზე”, – აცხადებს ოლექსანდრ სტუპუნი. უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ინტენსიური ბრძოლები გრძელდება. რუსეთის არმიამ ხარკოვისა და ლუგანსკის რეგიონებში რამდენიმე დასახლებულ პუნქტზე კონტროლი აიღო – ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ადასტურებს”, – განაგრძობს გამოცემა.
“ასევე უკრაინული მხარის ცნობით, ოკუპანტებმა ლისიჩანსკში ესროლეს ერთ-ერთ სკოლას, რომლის სარდაფში 23 ადამიანი, მათ შორის ბავშვები იმალებოდნენ, სროლას მსხვერპლი არ მოჰყოლია. თუმცა, ერთი ადამიანი დაიღუპა დაბომბვის შედეგად პრივოლიეში. განცხადება გაკეთდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროშიც. “რუსეთის საჰაერო ძალების ოპერატიულ-ტაქტიკურმა და სამხედრო ავიაციამ დაარტყა უკრაინის 33 სამხედრო ობიექტს, მათ შორის მტრის ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის 23 უბანს. დარტყმების შედეგად განადგურდა 200-მდე ნაციონალისტი და 40-ზე მეტი ჯავშანმანქანა, საარტილერიო ნაწილები და მანქანები. იერიში მიტანილ იქნა 105-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის სამეთაურო და სადამკვირვებლო პუნქტზე, ასევე ორ საარტილერიო ბატარეაზე. რუსულმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდეს ექვსი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი”, – ამბობს იგორ კონაშენკოვი. ვლადიმერ პუტინი, პრინციპში, დათანხმდა გაეროს და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მონაწილეობას მარიუპოლის “აზოვსტალის”” ქარხნიდან მოქალაქეების ევაკუაციაში – ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით “სი-ეი-ენი~ ავრცელებს”, – დასძენს გამოცემა.
“საკითხი ერთ-ერთი მთავარი განსახილველი იყო რუსეთის პრეზიდენტსა და გაეროს გენერალურ მდივანს შორის შეხვედრაზე. აქვე, პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა სამოქალაქო პირები უნდა გამოუშვან, სხვა შემთხვევაში, ისინი მოქმედებენ როგორც მაგალითად, “ისლამური სახელმწიფოს” წევრები. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ამბობს, რომ ვაშინგტონი წინააღმდეგი არ იქნება, თუ მოსკოვთან მშვიდობიან შეთანხმებაში კიევი უარს იტყვის ნატოზე. მისივე თქმით, უკრაინის მიერ ნეიტრალიტეტის არჩევის შემთხვევაში, აშშ ამ გადაწყვეტილებას პატივს სცემს. ინფორმაციას “ვაშინგტონ პოსტზე” დაყრდნობით უკრაინული მედია ავრცელებს. ამავე წყაროს ცნობით, ერთ-ერთი სენატორის შეკითხვაზე – განაპირობა თუ არა უკრაინის ნატოში გაწევრიანებისადმი ამერიკის მხარდაჭერამ რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყება, ბლინკენმა უარით უპასუხა და განაცხადა, რომ პრობლემა არა უკრაინის ნატოში გაწევრიანებაში, არამედ პუტინის მოსაზრებაშია, რომ უკრაინა არ იმსახურებს, იყოს სუვერენული ქვეყანა”, – წერს სტატიის ავტორი.
“კონფიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი მიიჩნევს, რომ ცეცხლის შეწყვეტის და მოლაპარაკების შანსები ამ ეტაპზე ძალიან მინიმალურია. ბენდიანიშვილი ამბობს, რომ მსოფლიომ ახლა რუსეთის დამარცხება გადაწყვიტა. აქედან გამომდინარე მოლაპარაკებები ჯერ ადრეა, რადგანაც რუსეთს ბრძოლის უნარი ისევ გააჩნია. ამიტომ ახლა უკრაინაში რუსეთის გამოფიტვა მიმდინარეობს, რომელიც ამ დაკარგულ ძალას ვეღარ აღიდგენს. ამიტომაც მოლაპარაკება ახლა არავის ინტერესში არ შედის. რუსეთიც ჯერ მიიჩნევს, რომ ბრძოლის უნარი აქვს და რაღაცას მაინც მიაღწევს”, – დასძენს სტატიის ავტორი.
“მიუხედავად მწარე რეალობისა, როცა უკრაინაში უამრავი მშვიდობიანი ადამიანი იღუპება, მტკივნეული ოპერაციები რუსეთის მხრიდან ნელ-ნელა სუსტდება. მსოფლიო ახლა რუსეთის სრულად დასუსტებას ცდილობს და როგორი ცუდადაც არ უნდა ჟღერდეს, უკრაინა ახლა ამის საშუალებას იძლევა. ამიტომ პუტინს მოლაპარაკების მაგიდასთან მაშინ დაუსხდებიან, როცა მას დასათმობი ექნება. ახლა არც უკრაინისთვის და არც რუსეთისთვის მოლაპარაკების მაგიდაზე არაფერი ხელჩასაჭიდი არ დევს. დღეს რუსეთი იმის მინიმუმსაც ვერ იღებს, რა განცხადიც პუტინმა გააკეთა. დასავლეთმა კი დაინახა, რომ უკრაინას რუსეთის შეკავება კი არა, დამარცხებაც კი შეუძლია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას იარაღით კიდევ უფრო მოამარაგებენ და არავითარი სამშვიდობო ზონების გავლებას არ დასთანხმდებიან”, – განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზურაბ ბენდიანიშვილი.
“პუტინს ახლა არაფერი არ აწყობს, ის გზადაგზა გამოსავალს ეძებს. საკმაოდ რთულ სიტუაციაშია და აღმოჩნდა, რომ ძალიან ცუდი მხედართმთავარია. ახლა მთელი ომის მართვა მას აქვს აღებული და ვხედავთ რა შეცდომებსაც უშვებს. ყველა მისი გენერალი ცდილობს, რომ ამ ომიდან ნაკლებ დაზიანებული გამოვიდეს. პუტინი კი პირიქით, თავით ეშვება. რაც უფრო ღრმად შეტოპავს, მისი კრახი მით უფრო გარდაუვალია. გენერლები ამას ხვდებიან, მაგრამ, პუტინს ჯერ ისევ სჯერა, რომ ამ ომს მოიგებს და რაღაცა მინიმუმს მაინც მიიღებს”, – დაასკვნის კონფლიქტოლოგი.