საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გერგეტის სამების საეკლესიო კომპლექსის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან, შპს „ჯავა კონსტრაქშენთან“ ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტა შემსრულებელი კომპანიის მხრიდან არსებული მნიშვნელოვანი დარღვევების გამო, – ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ამასთანავე, მათივე ცნობით, სააგენტომ შემსრულებელ კომპანიას პირგასამტეხლოს გადახდაც დააკისრა.
„სააგენტოს მხრიდან განხორციელებული არაერთი მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ სამუშაოები გეგმა-გრაფიკის მნიშვნელოვანი დარღვევით მიმდინარეობდა, რის გამოც სააგენტომ შემსრულებელი არაერთხელ გააფრთხილა წერილობით და სამუშაოების გრაფიკის შესაბამისად წარმართვისკენ მოუწოდა. ასევე, სააგენტომ გრაფიკით გათვალისწინებული ვადების დარღვევის გამო მიმდინარე წლის 8 ივლისს შპს „ჯავა კონსტრაქშენს“ პირგასამტეხლოს გადახდაც დააკისრა.
აღნიშნულის მიუხედავად, პროექტით განსაზღვრული ერთ-ერთი ძირითადი სამუშაო – ტაძარზე სახურავის მოწყობა, რომელიც შეთანხმებული გეგმა-გრაფიკის მიხედვით 2024 წლის 25 აპრილს უნდა დაწყებულიყო, ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტამდე (2024 წლის 2 აგვისტო) არ დაწყებულა და არ მომხდარა სახურავის მოწყობის სამუშაოთა წარმართვისათვის საჭირო მასალების ადგილზე მობილიზება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მიმდინარე წლის 2 აგვისტოს სააგენტომ ცალმხრივად შეწყვიტა შპს „ჯავა კონსტრაქშენთან“ 2024 წლის 27 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულება და შემსრულებელ კომპანიას 73 680 ლარის ოდენობის პირგასამტეხლოს გადახდა დააკისრა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, შპს „ჯავა კონსტრაქშენს“ შორის 614 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება 2024 წლის 27 თებერვალს გაფორმდა.
აღსანიშნავია, რომ განმეორებითი ტენდერი გერგეტის სამების რეაბილიტაციისთვის უახლოეს დღეებში გამოცხადდება.
ინფორმაციისთვის: ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მდებარე ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, გერგეტის სამების რეაბილიტაციისთვის შედგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია ითვალისწინებს: მთავარ ტაძარზე არსებული სპილენძის საფრის შეცვლას, ნაშვერებისა და საცრემლეების მოწყობას; სამრეკლოს გუმბათზე არსებული ლორფინის ძველი სახურავის რეაბილიტაციასა და მასზე ახალი სპილენძის სახურავის მოწყობას; ლორფინებს შორის არსებული ნაკერების ამოსუფთავება-ამოგოზვას; სამრეკლოს მეორე სართულის გარე ჰორიზონტალურ პერიმეტრზე სპილენძის გადახურვის მოწყობას; ექსტერიერში და ინტერიერში კედლის ქვის წყობის კონსერვაციას, საპირე ქვებს შორის არსებული ნაკერების ამოგოზვასა და ინტერიერში კამარების რესტავრირებას; ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მეორე სართულზე არსებული სამალავის ჩამოშლილი კამარების ნანგრევებისგან გაწმენდას და ახალი გადახურვის მოწყობას; ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ფასადის არსებული ცოკოლის ლილვის თავზე დაძრული ქვების კონსერვაციას; ეკლესიის ცოკოლის მთელ პერიმეტრზე ლილვის და ქვებს შორის ნაკერების დამუშავებასა და ამოგოზვას; მეხამრიდის მოწყობას; ეზოში ტაძრის პერიმეტრიდან ბუნებრივი ნალექების გადაყვანის მოწესრიგების მიზნით ეკლესიის ჩრდილოეთ კედლის მთელ სიგრძეზე არსებული გასასვლელისა და ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთით არსებული ფიქალი ქვების მოხსნასა და პროექტის მიხედვით დადგენილი ნიშნულების პარამეტრების დაცვას.
გერგეტის სამება ერთადერთი გუმბათოვანი ტაძარი და, ამავე დროს, ყველაზე დიდი ეკლესიაა ხევში. ის არის ხევის მთავარი სალოცავი. გალავნით შემოზღუდულ კომპლექსში შედის სამების გუმბათოვანი ტაძარი, სამრეკლო (XIV ს.) და საბჭეო (XV ს.)“, – აღნიშნულია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.