“ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 22 მარტს გაიმართება. ინფორმაცია “არჩევნების” თარიღის დანიშვნის შესახებ ადგილობრივი ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ გაავრცელა და თარიღად 21 მარტი გამოაცხადა, თუმცა შემდეგ დე ფაქტო ცესკოში დააზუსტეს, რომ ეს 22 მარტს მოხდება. დე ფაქტო ცესკომ გადაწყვეტილება კვირას დილით მიიღო. მას ამისთვის ვადა 13 იანვრამდე ჰქონდა, თუმცა სოხუმის ცენტრში შეკრებილმა მომიტინგეებმა პროცესის დაჩქარება მოითხოვეს”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით 22 მარტი – სოხუმში “არჩევნების” თარიღი დანიშნეს და ახლა იმას არკვევენ, თუ ვინ უნდა იყოს დროებითი “პრეზიდენტი”.
“10 წუთის წინ ცესკოს სხდომა დასრულდა. 2020 წლის 21 მარტს აფხაზეთში ახალი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. ეს ყველაფერი თქვენი შრომის დამსახურებაა, თუმცა ამის შემდეგაც რჩება გადაუწყვეტელი საკითხები. მოგიწოდებთ კიდევ ცოტა ხანი გამოიჩინოთ მოთმინება და არ დაიშალოთ”, – ასე მიმართა სოხუმში ე.წ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან შეკრებილ ადამიანებს ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ. ახლა სოხუმელი იურისტების განხილვის მთავარი საგანია, თუ ვინ უნდა იყოს დე ფაქტო ხელისუფლების სათავეში “არჩევნებამდე”. მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მათ განსხვავებული პოზიციები უჭირავთ. შაბათს დე ფაქტო ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენელთა მოლაპარაკებისას არაფორმალურად შეთანხმდნენ, რომ პრეზიდენტობაჩამორთმეული რაულ ხაჯიმბა არჩევნებამდე “პრეზიდენტის მოვალეობი შემსრულებლად” დარჩება, თუმცა ადგილობრივ იურისტთა ნაწილი ამას არ ეთანხმება.”, – აღნიშნავს გამოცემა.
“როგორც იურისტი ფრიდა ლაზბა “სპუტნიკთან” საუბარში აცხადებს, რაულ ხაჯიმბას არ აქვს უფლება 21 მარტამდე ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად დარჩეს. “ხაჯიმბამ თავის უფლებამოსილებას გადაამეტა. კონსტიტუცია ამბობს, რომ პრეზიდენტს აქვს ხუთწლიანი ვადა, რომელიც ახალი პრეზიდენტის არჩევისთანავე სრულდება. კანონიერად პრეზიდენტს შეუძლია მოვალეობის შემსრულებლად დარჩეს ახალი პრეზიდენტის არჩევამდე. თუმცა ხაჯიმბას შარშან გამართული ინაუგურაციით ამოწურულად გამოაცხადა თავისი პირველი საპრეზიდენტო ვადა და მეორე ვადით პრეზიდენტობას შეუდგა. მაგრამ რადგანაც შემდეგ სასამართლომ გააუქმა მეორე ვადით მისი პრეზიდენტობა, მას არ აქვს უფლება თუნდაც დროებითი მმართველი იყოს”, – აცხადებს ლაზბა. “ცესკოს” თავმჯდომარე გივი გაბნია კი მიიჩნევს, რომ მორიგი არჩევნებამდე ხელისუფლების სათავეში ისევ რაულ ხაჯიმბა უნდა იყოს. აღსანიშნავია, რომ 2014 წელს, როცა ანალოგიური ანალოგიურ სიტუაციას ჰქონდა ადგილი, მაშინდელი პრეზიდენტი ალექსანდრ ანქვაბი მოსკოვში გაიქცა და აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტობა დროებით ე.წ პარლამენტის სპიკერმა ვალერი ბღანბამ ჩაიბარა”, – დასძენს გამოცემა.