27 წლის თათია კობალაძე მომღერალთა იმ კატეგორიას მიეკუთვნება, ვისაც საკუთარ ქვეყანაში არ უმართლებს, თუმცა უცხო ქვეყნებში გამართულ კონკურსებზე თვალშისაცემად გამორჩეული კონკურსანტია. დღეს ის თურქეთის „ახალი ხმის“ კონკურსზე გამოდის და საკმაოდ დიდ წარმატებასაც მიაღწია. ამბობს, რომ ფინალამდე სულ ცოტა დარჩა და დიდი შანსია, ქართველი მომღერალი თურქეთის „ახალი ხმა“ გახდეს.
თათია კობალაძე: თურქულ „ახალ ხმაში“ ნახევარფინალის ეტაპზე ვარ და უნდა ვიბრძოლო, რომ მორიგ ტურში გადავიდე. ასეთი შედეგი არცერთ კონკურსზე არ მქონია. თითქმის ორი ნაბიჯი დამრჩა სუპერფინალამდე (იცინის). გამარჯვების არ ვიცი, მაგრამ უკვე რასაც მივაღწიე, ძალიან მაგარი შედეგია.
– ზოგადად, კონკურსებში, შენს ქვეყანაში არ გიმართლებდა. მახსოვს, ერთ–ერთმა ჟიურის წევრმა, შესარჩევ ტურზე გითხრა: დაანებე თავი სიმღერას, წადი სახლში და შვილებს მიხედეო. ბევრი დეპრესიაში ჩავარდებოდა, მართლა დაანებებდა თავს. თუმცა, შენ არ დანებდი და უცხოეთში რამდენიმე კონკურსის გამორჩეული მონაწილე იყავი. შენი აზრით, რა არის ამის მიზეზი?
– სამწუხაროდ, ჩემს ქვეყანაში არ მიმართლებს. უკრაინაში საკმაოდ წარმატებულად გამოვედი და ხალხს დღესაც ვახსოვარ. თურქეთში უფრო წინ წავედი. არასდროს დამავიწყდება, „ჯეოსტარის“ შესარჩევ ტურზე ქალბატონ მარინა ბერიძის სიტყვები: დაანებე სიმღერას თავი, წადი სახლში დაჯექი და შვილებს მიხედეო. ეს იყო, სილის გაწვნა სახეში. თუმცა, მე არ დავეცი, ეს სტიმული აღმოჩნდა და უფრო მეტად ვიბრძოლე. ამის შემდეგ ბევრჯერ გამოვედი კონკურსებზე და არ გამიმართლა. ეს ჩემი სირცხვილი არ არის, ალბათ, ქვეყანას უნდა შერცხვეს. სხვათა შორის, ასეთი სიტყვები მხოლოდ მარინა ბერიძისგან არ მომისმენია. მამაჩემმაც მითხრა, შენგან დიდი მომღერალი არ დადგებაო. დარწმუნებული ვარ, დღეს მიყურებს ტელევიზიით და ნანობს ამ სიტყვებს, მაგრამ გვიანია. მასთან არანაირი ურთიერთობა არ მაქვს. სულ ვამბობ, აღარ მივიღებ ჩემს ქვეყანაში კონკურსებში მონაწილეობას-მეთქი, მაგრამ რომ გავიგებ, კონკურსი გამოცხადაა, მაინც მივდივარ, მიუხედავად იმისა, ვიცი, არ გადამიყვანენ. უბრალოდ, ჩემი გამოჩენით ქართველ ჟიურის წევრებს თავს ვახსენებ (იცინის). ერთხელ სახელი და გვარი შევცვალე ანკეტაში – ნათლობის სახელი – სალომე და ქმრის გვარი – თავდგირიძე ჩავწერე და რომ დავდექი სცენაზე და ვიმღერე, ჟიურის წევრმა მითხრა: აბა, თმა გადაიწიეო და მიცნო: შენ თათია არ ხარო? (იცინის). გამეცინა და გამოვედი. ამ ყველაფერზე უკვე ვხალისობ.
– ქვეყანა რა შუაშია, როცა საქმე კონკრეტულ კონკურსსა და ადამიანებს ეხება?
– სწორედ ის კონკრეტული ადამიანები ატარებენ დღეს კონკურსებს და ამიტომაა ქვეყანა შუაში. თუმცა, ხალხი არაფერ შუაშია. სწორედ, ის ადამიანები, არ გვაძლევენ მომღერლებს შესაძლებლობას, ჩვენს ხალხს ვაჩვენოთ ის, რაც შეგვიძლია. თუმცა, როცა უცხოეთში წარმატებით გამოვდივარ, ამას ჩემი ხალხიც ხედავს, მგულშემატკივრობს და აფასებს. „მხოლოდ ქართულზეც“ ვიყავი მისული და ბერიძემ გვარი რომ ამოიკითხა, ჩაილაპარაკა: კობალაძე, ეს გვარი მეცნობაო. და, უკვე მივხვდი, ვერ გადავიდოდი. ანუ, კობალაძე არ მოსწონს და რა ვქნა?
– ანუ ფიქრობ, რომ ამოგიჩემა?
– ასე გამოდის, ამომიჩემა და არ ვიცი, რატომ. ალბათ, ვიღაცების კარგად ამოჩემება იცის, ვიღაცების – ცუდად.
– თათია, ვიცი, თურქეთის კონკურსამდე ინგლისის კონკურსზე აპირებდი გამგზავრებას, სადაც მიწვეული იყავი. რატომ შეცვალე გეზი?
–დიახ, ინგლისიდან მქონდა მიწვევა, თუმცა, ვიზაში ბეჭედი არ ჩამირტყეს. არადა, ბევრი ვიბრძოლე, თანხები შემეგროვებინა, კონკურსზე მიწვევის ფურცელიც წარვადგინე და ძალიან გავბრაზდი, როცა არგაშვების არგუმენტად, საელჩოში მითხრეს: ფინანსურად ვერ აკმაყოფილებთ მოთხოვნებს და ვერ ჩაგირტამთო. გაბრაზებულმა გადავწყვიტე, თურქულ „ვოისში“ მიმეღო მონაწილეობა და აქ წამოვედი.
– როგორც ვიცი, ენის ბარიერი გაქვს. ეს არ გიშლის ხელს კონკურსზე?
– არანაირად არ მეშლება ხელი. ჩემი ოჯახის მეგობარი სულ გვერდით მყავს და ყველაფერს მითარგმნის. მე სიმღერის ენა კარგად მესმის და თურქებმა, სწორედ ეს დააფასეს ჩემში. არ დამავიწყდება, როცა პირველად დავდექი სცენაზე, მეშინოდა, თუმცა, ვიცოდი, ჟიური შემომიტრიალდებოდა. უბრალოდ, მინდოდა, უკრაინის „ახალი ხმის“ წარმატების მერე, თურქეთში ისე მემღერა, ჟიურის ოთხივე წევრი შემომეტრიალებინა (იცინის). თუ რამე ენერგია გამაჩნდა, ყველაფერი სცენაზე დავდე. ეს იგრძნეს და მართლა ოთხივე შემოტრიალდა.
– თუმცა, შენ მენტორად ჟიურის ის წევრი აირჩიე, რომლის მამაც ქართველია.
– ზუსტად, მაგიტომ ავირჩიე. ბეაზით ოზთურქი საკმაოდ წარმატებული ადამიანია თურქეთში, მისი მამა ქართველია, მაგრამ ქართული არ იცის. მითხრა: ჩემთან უნდა წამოხვიდე, რადგან მე წელს ჩემპიონობა მინდა და შენ მჭირდებიო. ბეაზითს არასდროს მოუგია პროექტი. მეც გადავწყვიტე, იმასთან წავსულიყავი, ვისაც პროექტის მოგება უნდა და მე კი ჩემპიონობა მინდა.
– ესე იგი, ჩემპიონობას ვაპირებთ წარმოშობით ქართველ, თურქ მომღერალ–მენტორთან ერთად?
– რასაკვირველია (იცინის). უკვე ჩემპიონობაა, სადამდეც ვარ მისული და ბეაზითიც, დიდ იმედებს ამყარებს ჩემზე. უკვე, შემოთვაზებებიც მაქვს პროდიუსერებისგან. ერთი თურქეთის პარლამენტის წევრისგანაა – უნდა, რომ გააფორმოს ხელშეკრულება და თურქეთის სხვადასხვა ქალაქში ჩავატარო კონცერტები, თუმცა, ჯერ არ დავთანხმებულვარ.
– თურქულ „ვოისზე“ შენი ერთ–ერთი ძლიერი კონკურენტი ქართველი სოფო სააკაშვილია. მასთან როგორი დამოკიდებულება გაქვს და თუ განიხილავ, როგორც კონკურენტს?
– ამ კონკურსზე ორი ქართველი ვართ და არცერთი არ არის ჩვენნაირი. აქ ხალხი წყვეტს კონკურსანტის ბედს და ეჭვი მაქვს, გამარჯვებული ერთ-ერთი ქართველი გახდება. ჩაწყობა არ მოსულა და მეც და სოფოსაც მოგების დიდი შანსი გვაქვს. მართალია, სოფო ჩემი კონკურენტია, მაგრამ განსხვავებული მომღერლები ვართ – ის თავისი ხმით და ტემბრითაა გამორჩეული და მომგებიანია და მე – ჩემი ხმითა და ტემბრით. წლების წინ მისი მამა – მამუკა, ჩემი პროდიუსერი გახლდათ და საკმაოდ კარგი ურთიერთობა გვაქვს. დიდი ხანია, არ მინახავს და თურქეთში ჩამოვიდა საგულშემატკივროდ. იმედია, ან სოფო და ან მე აუცილებლად მოვიგებთ.
– თუ კონკურსი მოიგე და თურქეთის „ახალი ხმა“ გახდი, რა შეიცვლება შენს ცხოვრებაში? როგორც ვიცი, მოგებულისთვის საკმაოდ სოლიდური თანხაა დაწესებული.
– ყველაფერი შეიცვლება ჩემს ცხოვრებაში და პირველ რიგში, მოგებული თანხით ბევრ გაჭირვებულ ბავშვს დავეხმარები, რომლებიც დღეს შიმშლობენ. 100 ათასი დოლარია პრიზი და ვეცდები, მოგებული თანხით მათ დავეხმარო. სავარაუდოდ, კონკურსის მერე თურქეთში გავაგრძელებ კარიერას.
– მართალია, რომ თურქმა დიზაინერებმა ჩაცმის მხრივ შეზღუდვები დაგიწესეს?
– მიშლიან ამოღებულ, ახსნილ, აჭრილ და გამჭვირვალე სამოსის ჩაცმას. მითხრეს, ამ კონკურსზე ხმას აქცევენ ყურადღებას და არა გარეგნობას და ჩაცმასო. ასე რომ, სცენაზე ნამდვილი თურქი ქალივით მაცვია – კოჭიც არ მიჩანს და თავშალიღა მაკლია (იცინის).
– როგორ გგონია, რა მოსწონს და რა ხიბლავს შენში თურქ მსმენელს?
– ალბათ, განსხვავებული ხმა და უბრალოება. ქუჩაშიც მცნობენ, მაჩერებენ და ფოტოებს იღებენ, ისევე, როგორც უკრაინაში. მეუღლემ ჩამომაკითხა და იმდენჯერ იდგა სცენაზე, ვხუმრობდი: მგონი, შენც დაიწყებ სიმღერას, კონკურენტი გახდები და მომიგებ-მეთქი (იცინის). ბავშვებს ვენატრები, მგულშემატკივრობენ და უხარიათ, როცა სკოლაში კლასელები ეუბნებიან: შენი დედიკო ვნახეთ სცენაზეო.
– საკმაოდ ადრეულ ასაკში – 13 წლის გათხოვდი. როცა გოგონა ამ ასაკში თხოვდება, დიდი რისკია, მალე დაენგრეს გაუთვითცნობიერებულად შექმნილი ოჯახი. ან, პირიქით, კარგი მეოჯახე დადგეს და კარიერაზე არ იფიქროს…
– ბევრს პატარა ასაკში კი არა, დიდ ასაკში შექმნილი ოჯახი ენგრევა. მე ცხოვრებაში მიზანდასახული და მებრძოლი ადამიანი ვარ და ჩემი ქმარიც მიწყობს ხელს, რომ ოჯახის პარალელურად, წარმატებული კარიერა მქონდეს. ჩვენ ერთად გავიზარდეთ და კარგად ვუგებთ ერთმანეთს. ბევრი ქართველი კაცივით რომ ეთქვა, შენ სახლში უნდა იჯდეო, ამას ვერ შევძლებდი, ვერ მოვკლავდი ჩემში იმ მონაცემს და ნიჭს, რაც დამყვა. უნდა მემღერა და ხელშეწყობა ნამდვილად მაქვს. უკვე 14 წელია, ერთად ვართ. მართალია, 13 წლის ასაკში გათხოვება რისკია და ნაადრევი, მაგრამ მე გამიმართლა. ნამდვილად არ ვნანობ. ჩემი ბიჭი 11 წლისაა, გოგონა – 7-ის და ეს ორი ანგელოზი ჩემი ცხოვრების მთავარი სტიმულია. ახლა გამარჯვებამდე, ფინალამდე ორი ეტაპი დამრჩა და უკვე ვგრძნობ იმ ემოციას, რაც წინ მელის. და მერე სხვა ქვეყანაშიც აუცილებლად ვცდი საკონკურსო ბედს. ერთხელ არ გაგიმართლებს, მეორედ ცოტათი გაგიმართლებს, ბოლოს კი, თუ იბრძოლე, აუცილებლად მიაღწევ მიზანს. მე კი, სანამ პირში სული მიდგას, მიზნისთვის ვიბრძოლებ და ამისთვის ყველაფერი მიწყობს ხელს.
http://tbiliselebi.ge