პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში ეხმაურება ბრიტანეთის მაისის ადგილობრივი არჩევნების შედეგებს და წერს, რომ პრემიერ-მინისტრმა და ლეიბორისტებმა დაკარგეს საყრდენი ძალა – მუშათა რაიონების ხმები. ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ დარტყმა სტრამერმა მემარჯვენე „რეფორმერების პარტიისგან“ მიიღო და რომ ეს, შესაძლოა, იყოს ბრიტანეთის პოლიტიკური სისტემის დემონტაჟის დასაწყისი:
„სტარმერისთვის ყველაზე საშიში ის არის, რომ კრიზისი მხოლოდ ახლა იწყება. ლეიბორისტების შიგნით უკვე ისმის საუბრები ლიდერის შესაძლო შეცვლის შესახებ, ხოლო ბრიტანეთის ორპარტიული სისტემა, პირველად მრავალი ათწლეულის განმავლობაში, ბზარებს იჩენს“ – წერს ანალიტიკოსი.
დავით ქართველიშვილი ხაზს უსვამს იმასაც, რომ მანამ, სანამ ბრიტანეთი უტევდა ქართულ მედიას, ბრიტანეთის მოქალაქეებმა არჩევანი გააკეთეს მიგრაციის პოლიტიკიდან, კომუნალური გადასახადებისა და „საკუთარი ჯიბიდან“ გამომდინარე.
„ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი გუშინ და დღეს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, პირველ მართლაც გამანადგურებელ პოლიტიკურ დარტყმას შეეჯახა. 2026 წლის მაისის ადგილობრივი არჩევნები მმართველი ლეიბორისტებისთვის უბრალოდ საგანგაშო სიგნალი კი არა, ფაქტობრივად უნდობლობის ვოტუმად გადაიქცა. პარტიამ დაიწყო ისტორიული საყრდენის, ანუ იმ მუშათა რაიონების დაკარგვა, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ლეიბორისტების „ხელშეუხებელ ტერიტორიად“ ითვლებოდა. ყველაზე დამამცირებელი სტარმერისთვის კი ის არის, რომ დარტყმა კონსერვატორებისგან კი არა, მემარჯვენე “რეფორმების პარტიისგან” მოვიდა, რომელსაც ნაიჯელ ფარაჯი ხელმძღვანელობს.
ფაქტობრივად, ბრიტანეთმა მიიღო პოლიტიკური აჯანყება გლობალისტური, ტექნოკრატიული და საზოგადოებისგან მოწყვეტილი ელიტის წინააღმდეგ. მაშინ, როცა სტარმერის გუნდი „სწორი“ საერთაშორისო დღის წესრიგით, კლიმატური დეკლარაციებით, იდეოლოგიური რიტორიკით და ქართულ მედიათავისუფლებაზე შეტევით იყო დაკავებული, ბრიტანელთა დიდი ნაწილი ხმას აძლევდა საკუთარ ჯიბეს, მიგრაციის პრობლემას, კომუნალურ გადასახადებსა და საკუთარი ქვეყნის კონტროლის დაკარგვის განცდას.
სტარმერისთვის ყველაზე საშიში ის არის, რომ კრიზისი მხოლოდ ახლა იწყება. ლეიბორისტების შიგნით უკვე ისმის საუბრები ლიდერის შესაძლო შეცვლის შესახებ, ხოლო ბრიტანეთის ორპარტიული სისტემა, პირველად მრავალი ათწლეულის განმავლობაში, ბზარებს იჩენს. ფაქტობრივად, ნაიჯელ ფარაჯი დღეს ბრიტანეთის საპროტესტო ელექტორატის მთავარ სიმბოლოდ ყალიბდება – დაახლოებით ისე, როგორც თავის დროზე დონალდ ტრამპი აშშ-ში ან სხვა მემარჯვენე ძალები ევროპაში. და თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, დღევანდელი მუნიციპალური არჩევნები ისტორიაში შევა არა როგორც ლეიბორისტების ლოკალური მარცხი, არამედ როგორც იმ პოლიტიკური კონსტრუქციის დემონტაჟის დასაწყისი, რომელზეც ბოლო ათწლეულების განმავლობაში იდგა ბრიტანეთის მთელი პოლიტიკური სისტემა“ – წერს დავით ქართველიშვილი.


