“ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. წინასაარჩევნო პროცესში ერთგვარი დაძაბულობა უკვე შეინიშნება მას შემდეგ, რაც “ექსპრეზიდენტი” ალექსანდრე ანქვაბი “დეპუტატობის” კანდიდატად დარეგისტრირდა. რაულ ხაჯიმბას მომხრეები უკვე საუბრობენ იმაზე, რომ ანქვაბის ეს ნაბიჯი დესტრუქციულია და “რესპუბლიკაში” დაპირისპირების ახალი ტალღის აგორების დიდი საფრთხე არსებობს. არცთუ მშვიდ “აფხაზურ არჩევნებს” პროგნოზირებენ ქართველი ანალიტიკოსებიც. ამბობენ, რომ შესაძლებელია ოპოზიციური აქციები ვიხილოთ, რადგან მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას მიმართ უკმაყოფილება დიდია, მას დაპირებების შეუსრულებლობის, რუსული ბაზების საგრძნობი მატებისა და მიწის უცხოელებზე გაცემის სურვილის გამო აკრიტიკებენ, ხოლო თუ არჩევნებში ისევ ხაჯიმბას გუნდი მოიპოვებს უმრავლესობას, ოპოზიცია ამას ქუჩის აქციებით აუცილებლად გააპროტესტებს“, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით აფხაზეთის “პარლამენტის” არჩევნებზე დიდი დაპირისპირებაა მოსალოდნელი / “იმდენად უარყოფითი მუხტია ე.წ. ხელისუფლების მიმართ, გამორიცხული არ არის, ოპოზიციამ წარმატებას მიაღწიოს”.
“აღსანიშნავია, რომ აფხაზეთში დე ფაქტო საპარლამენტო არჩევნები 12 მარტს უნდა გაიმართოს. აფხაზეთში 35 ოლქია და “დეპუტატები” მაჟორიტარული პრინციპით აირჩევიან. ბოლო მონაცემებით, 135 საინიციატივო ჯგუფი და 4 პოლიტიკური პარტია ცდილობს 35 ე.წ. საპარლამენტო მანდატის გაყოფას. პარტიებს შორისაა მოქმედი “პრეზიდენტის” რაულ ხაჯიმბას გაერთიანება “აფხაზეთის ეროვნული ერთიანობის ფორუმი”, ასევე “სახალხო ფრონტი”, “აინარი” და “ამცახარა”. “ამცახარა” ყველაზე აქტიური და დიდი ოპოზიციური გაერთიანებაა, რომლის ლიდერია ასლან ბჟანია და ეს გაერთიანება ექსპრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბის მხარდამჭერადაც მიიჩნევა, თუმცა ამ ე.წ. არჩევნებზე ანქვაბის კანდიდატურა არა ამ პოლიტიკურმა ძალამ, არამედ საინიციატივო ჯგუფმა წამოაყენა. “ამცახარას” მიმართაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო პერიოდში დიდი იმედგაცრუებაა -მიზეზი ისაა, რომ დეკემბერში ოპოზიციის აქციები ხაჯიმბას ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით დაიწყო და დე ფაქტო ხელისუფლებასთან მორიგებით დასრულდა. ხაჯიმბამ ოპოზიციას ე.წ. გენერალური პროკურორის, საკონსტიტუციო სასამართლოს ორი მოსამართლის და ცესკო-ს ერთი წევრის პოსტები დაუთმო, ქუჩაში გამოსულმა ადამიანებმა ეს თანამდებობების გადანაწილებად შეაფასეს და ოპოზიციასაც ერთგვარი უნდობლობა გამოუცხადეს”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ამცახარას” ჯერჯერობით ანქვაბის პოლიტიკაში დაბრუნების გამო საკუთარი პოზიცია არ დაუფიქსირებია, ორი დღის წინ წამოაყენა საკუთარი კანდიდატურებიც, მაგრამ იმ ოლქში არა, სადაც ანქვაბი იყრის კენჭს. ანქვაბი აფხაზეთის მესამე “პრეზიდენტია”, ის 2014 წლის მაისში დიდი საპროტესტო აქციების შემდეგ “პრეზიდენტობიდან” გადადგა და მას შემდეგ მოსკოვში ცხოვრობს. “ექსპრეზიდენტი” კენჭს სოხუმის ცენტრალურ მე-3 ოლქში იყრის, სადაც დე ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლება იმყოფება. პროგნოზები კეთდება იმაზე, რომ ანქვაბი გაიმარჯვებს, მიუხედავად იმისა, რომ მისი კონკურენტები არიან ხაჯიმბას გუნდის ორი წარმომადგენელი, ე.წ. დეპუტატი ვალერი აგრბა და ყოფილი ე.წ. ვიცე-პრემიერი შამილ არძინბა. “არჩევნებში” ანქვაბის გამოჩენის შემდეგ აფხაზურ მედიაში აქტიურად იწერება იმაზე, რომ “ექსპრეზიდენტის” პოლიტიკაში დაბრუნება პროცესს ძაბავს. ნაწილი თვლის, რომ ის მხსნელად მოევლინება “რესპუბლიკას”, სხვები კი შიშობენ, რომ მისი გამოჩენა დაპირისპირების ახალ ტალღას გამოიწვევს. ე.წ. პარლამენტის უმრავლესობამ და ხაჯიმბას მხარდამჭერმა პარტიებმა განცხადებაც გამოაქვეყნეს, სადაც შეახსენეს, რომ 2014 წელს “რესპუბლიკა” ლამის კატასტროფამდე მიიყვანა და ამის შემდეგ მისი პოლიტიკაში დაბრუნება დესტრუქციულია”, – დასძენს გამოცემა.
“სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის” ხელმძღვანელი მამუკა არეშიძე ამბობს, რომ აფხაზეთში ხაჯიმბას ხელისუფლების მიმართ დიდი პროტესტია, მოსკოვს კი ხაჯიმბასნაირი ლიდერი მოსწონს, ის რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომელია. ანქვაბის გამოჩენა დე ფაქტო ხელისუფლებისთვის დიდი თავის ტკივილია. ამიტომაც არ გამორიცხავს, რომ სერიოზული სამოქალაქო დაპირისპირება შეიქმნას აფხაზეთში არჩევნების წინა დღეებში, რომელშიც მოსკოვიც იქნება ჩართული – “აფხაზების ნაწილი თვლის, რომ ხაჯიმბა მოსკოვს დაუწვა. ანქვაბი კი არძინბას და ბაღაფშის ტრადიციებს აგრძელებდა და მყარად იდგა მოსკოვის წინააღმდეგ. ეს არის ერთი მთავარი საკითხი. მეორე საკითხია საშინაო პოლიტიკა, სადაც ყველა ხვდება, რომ აფხაზეთში ვინც არ უნდა აირჩიონ, სიტუაცია არ შეიცვლება, რადგან კლანური მმართველობაა. ამაზე აფხაზურ მედიასა და ფორუმებზე ძალიან ბევრი იწერება. ასე რომ, დღეს ანქვაბს მომხრეები გაუჩნდა. ამიტომაც ეს ხაჯიმბასთვის თავის ტკივილია. ეს დაახლოებით იმავე სცენარის განმეორებაა, რაც სამხრეთ ოსეთში, 2011 წელს იყო, როდესაც იქაურ ხელისუფლებაში მოსვლისთვის ჯამბულათ თედეევის გუნდი იბრძოდა, მოსკოვმა კი ვერაფრით მოახერხა სიტუაციის შეცვლა და იძულებული გახდა, კომპრომისზე წასულიყო”, – ამბობს არეშიძე და იხსენებს, თედეევი გადატრიალების მცდელობაში რომ დაადანაშაულეს და ცხინვალიდან გააძევეს”, – წერს სტატიის ავტორი.
“კავკასიოლოგის თქმით, ხაჯიმბამ ერთადერთი დაპირება შეასრულა, ქართველების წინააღმდეგ რეპრესიული პოლიტიკა გაატარა და მათ მოქალაქეობა ჩამოართვა. სხვა დაპირება არ შეუსრულებია. ამდენად დღეს ქართველების თემატიკა აქტუალური არ არის, აქტუალურია სოციალური თემატიკა და რუსეთთან დამოკიდებულების საკითხები, ამიტომ აფხაზეთში მას დაპირებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ. მისი გუნდის წევრებს, დღევანდელ “საპარლამენტო უმრავლესობას” კი ხალხში მხარდაჭერა არ აქვთ. აფხაზეთის უშიშროების ექსმინისტრი ლევან კიკნაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე რთულია პროგნოზის გაკეთება, თუმცა მიიჩნევს, რომ იმდენად დიდი უკმაყოფილებაა ე.წ. ხაჯიმბას მთავრობისა და ასევე ხაჯიმბას მომხრე “საპარლამენტო უმრავლესობის” მიმართ, რომ ოპოზიციას წარმატების მიღწევის შანსი გააჩნია“, – დასძენს სტატიის ავტორი.
“იმდენად უარყოფითი მუხტია და განწყობაა ე.წ. სახელისუფლებო პარტიის მიმართ, რომ გამორიცხული არ არის ოპოზიციამ წარმატებას მიაღწიოს. ვერც ხაჯიმბამ და ვერც პარლამენტმა დაპირებები ვერ შეასრულეს. ხალხში უკმაყოფილებაა, რომ ეს დეპუტატები ხაჯიმბას ხელმძღვანელობით მიწის უცხოელებზე გასხვისებას აპირებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ხაჯიმბამ ამ საკითხის გატანა ვერც გაბედა, ეს თემა იქნება ერთ-ერთი ფაქტორი, რომ სახელისუფლებო კანდიდატებს მხარდაჭერა არ ექნებათ. აფხაზეთში პერსონალიებს ანიჭებენ დიდ უპირატესობას და თუ ოპოზიციურად განწყობილმა საინიციატივო ჯგუფებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა ავტორიტეტული კანდიდატები წამოაყენეს, მაშინ შესაძლებელია, ოპოზიციამ მეტი მანდატი მოიპოვოს. მაგალითად ანქვაბს ალტერნატივა არ ეყოლება, ხელისუფლებაც ვერ გაბედავს არჩევნები ისე გააყალბოს, რომ ანქვაბს გზა გადაუკეტოს. დიდ არეულობას არ ველოდები, რადგან ხაჯიმბა გაყალბებას ვერ გაბედავს”, – მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან კიკნაძე.