გუშინ საკონსტიტუციო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც საკანონმდებლო ორგანოს ადგილმდებარეობზე მსჯელობდნენ. პარლამენტის ქუთაისიდან დედაქალაქში გადმოტანა პრაქტიკულად გადაწყვეტილია.
პრაქტიკულად ყველა პარლამენტის თბილისში გადმოტანას ემხრობა წინააღმდეგი იყო მხოლოდ ერთი კომისიის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი, რომელიც კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერის უცვლელად დატოვებას ითხოვს. დანარჩენი კი ამ ჩანაწერის შეცვლის მომხრეა და პარლამენტის ადგილსმაყოფელის განსაზღვრად თბილისის, ან დედაქალაქის ჩაწერას ითხოვს:
“პარლამენტის ადგილსამყოფლის საკითხთან დაკავშირებით კომისიის თითქმის ყველა მონაწილე იყო ერთ აზრზე, გარდა კომისიის ერთი წევრისა. დასახელდა რამდენიმე ვარიანტი, თუ როგორ შეიძლება საკითხი მოწესრიგდეს. კერძოდ, ერთია ის, რომ კონსტიტუციიდან საერთოდ ამოვიღოთ ნორმა, რომელიც პარლამენტის ადგილსამყოფელს განსაზღვრავს და ადგილსამყოფლის საკითხი განისაზღვროს პარლამენტის რეგლამენტით”, – განუცხადა ჟურნალისტებს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრმა, დეპუტატმა გიორგი კახიანმა.
ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ პარლამენტის ადგილმდებარეობის კონსტიტუციაში განსაზღვრა სწორი პრაქტიკა არ არის.
“კომისიის ერთი წევრის გარდა, ძალიან დიდი უმრავლესობა აყენებდა საკითხს, რომ პარლამენტის ადგილმდებარეობად განისაზღვროს თბილისი. აღნიშნულ საკითხზე იქნება ცხარე კამათი, მსჯელობა. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ კონსტიტუციით არ იყოს განსაზღვრული პარლამენტის ადგილსამყოფელი და მოხდეს შესაბამისი მუხლის კონსტიტუციიდან ამოღება”, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაზა გაბუნიას თქმით კი, თუ სად იქნება პარლამენტი, ეს საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის. მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა თავად უმრავლესობის წევრებში.
“პარლამენტის თბილისში გადმოტანასთან დაკავშირებით უმრავლესობაში არ არის ერთიანი პოზიცია. მაგალითად, ჩემი კოლეგა კობა ნარჩემაშვილი კატეგორიულად ეწინააღმდეგება პარლამენტის თბილისში გადმოტანას. მომდევნო შეხვედრისას ალბათ უფრო მეტი კონტურები გამოჩნდება და ვნახავთ კენჭისყრაზე რა შედეგი დადგება. ჯერ გადაწყვეტილი არაფერი არ არის.
შეიძლება ჩვენ ამ საკითხზე შევთანხმდეთ, მაგრამ მერე უნდა განისაზღვროს ვადა. შესაძლოა ეს იყოს მომავალი საპარლამენტო არჩევნები, ან ამოქმედების დღიდან. ასე რომ, ჯერ ყველაფერი გასარკვევია”, – განაცხადა გაბუნიამ.
წყარო: რეზონანსი